Facebook Twitter

3კ-600-03 15 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

სარჩელის საგანი: ძირითად სარჩელში – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და ქონებიდან წილის ამორიცხვა, შეგებებულ სარჩელში – გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. მ.-მა სარჩელი აღძრა გ. ს.-ის მიმართ და მოითხოვა 1986წ. 19 მარტს გარდაცვლილი კ. ს.-ის დანაშთ ქონებაზე 1988 წელს გ. ს.-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობიდან 1999წ. 20 მაისს გარდაცვლილი ა. ს.-ის სამკვიდრო წილის ამორიცხვა, რ. ს.-ის მიერ სამკვიდროს მიღებულად აღიარება, მოსარჩელისათვის მიკუთვნება და რეალურად გამოყოფა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე 1988წ. 16 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო აწ გარდაცვლილ რ. ს.-ესთან და მასთან ერთად ცხოვრობდა ... ქ., რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელის მეუღლის ბაბუის – კ. ს.-ის სახელზე. თ. მ.-ი სწავლობდა რა ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოში, მეუღლესთან ერთად, დროებით, აღნიშნულ ქალაქში ცხოვრობდა, სადაც შეეძინა ორი შვილი – მ. და ლ. ს.-ეები. 1995 წელს მოსარჩელემ დაამთავრა რა ინსტიტუტი, ოჯახთან ერთად ცხოვრება გააგრძელა ქ. ქობულეთში, .... მოსარჩელის მეუღლემ რ. ს.-მ საცხოვრებელი სახლის ნახევარი გადააკეთა და კაპიტალური რემონტი ჩაუტარა. 1999წ. 20 მაისს გარდაიცვალა ა. ს.-ე-მოსარჩელის მამამთილი, ხოლო 2001წ. 11 მაისს კი გარდაიცვალა მისი მეუღლე რ. ს.-ე. შემდგომში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც, მოსარჩელემ სხვადასხვა ორგანოებს მიმართა და შეიტყო, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე 1988წ. 14 ივნისს გაცემული ყოფილა მემკვიდრეობის მოწმობა გ. ს.-ის სახელზე ისე, რომ ნოტარიუსს არ გაურკვევია სხვა მემკვიდრეების შესახებ.

გ. ს.-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თამილა მ.-ის შვილებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლება შემდეგი მოტივებით: კ. ს.-ის დანაშთი ქონება გ. ს.-მ მიიღო მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში. მის ძმას _ ა. ს.-ს მემკვიდრეობის მისაღებად არ მიუმართავს, ხოლო დედამ – კ. კ.-მ უარი განაცხადა გ. ს.-ის სასარგებლოდ. თ. მ.-ს სადავო ქონებაზე პრეტენზია ვერ ექნება, ვინაიდან არც ა. და არც რ. ს.-ს მემკვიდრეობა არ მიუღიათ. მოსარჩელე რ. ს.-ესთან ერთად დროებით საცხოვრებლად შეუშვა აღნიშნულ სახლში, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით თ. მ.-ის სარჩელს უარი ეთქვა, ხოლო გ. ს.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. რაც დასაბუთდა 1997წ. 25 ნოემბრამდე მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ნორმებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ.-მ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად მოითხოვა სამემკვიდრეო ქონებიდან წილის მიკუთვნება, ხოლო რეალურად მის გამოყოფაზე პრეტენზია არ განუცხადებია.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა თ. მ.-ის სარჩელი და 1989წ. 19 მარტს გარდაცვლილ კ. ს.-ის დანაშთ ქონებაზე ქ. ქობულეთში, ... მდებარე სახლთმფლობელობაზე 1988წ. 14 ივნისს გ. ს.-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობიდან ამოირიცხა 1999წ. 20 მაისს გარდაცვლილი ა. ს.-ის სამკვიდრო წილი – მთლიანი სახლთმფლობელობის ½1/2 ნაწილი, რაც მიღებულად ჩაეთვალა 2001წ. 11 მაისს გარდაცვლილ რ. ს.-ს და აღნიშნული წილი მიეკუთვნა მოსარჩელე თამილა მ.-ს და მის მცირეწლოვან შვილებს. გ. ს.-ის შეგებებულ სარჩელს თ. მ.-ის გამოსახლების თაობაზე უარი ეთქვა. სააპელაციო პალატამ სკ-ს 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის და 1434-ე მუხლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ს.-მ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიიღო იგი და გადასცა თავის შვილს – რ. ს.-ს, რომელიც სამკვიდრო ქონებას ფლობდა და სარგებლობდა მამის გარდაცვალების შემდეგაც. ამდენად, რ. ს.-ს სამკვიდრო ქონება მიღებულად ჩაეთვალა და იგი საკუთრებაში მის კანონისმიერ მემკვიდრეებს – თ. მ.-ს და მცირეწლოვან შვილებს გადაეცათ.

გ. ს.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმებას და თ. მ.-ის გამოსახლების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით: კ. ს.-ის დანაშთი ქონების დაუფლება ა. ს.-ის მიერ არ დასტურდება, რითაც დარღვეულია სკ-ს 1424-ე მუხლის მოთხოვნა. სასამართლოს უნდა მიეთითებინა, რომ სკ-ს 1500-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდროს მოწმობის გაცემისას ნოტარიუსი არ არის ვალდებული გამოარკვიოს სხვა მემკვიდრეები. ა. ს.-ს ქ. პოლტავაში შექმნილი ჰქონდა ოჯახი და მუდმივად იქ ცხოვრობდა. საბჭოურ პერიოდში მოქმედი ჩაწერის ინსტიტუტი უკავშირდებოდა საკუთრების უფლებას. პირი ეწერებოდა იმ ადგილას, სადაც საკუთრება გააჩნდა, აღნიშნულით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ა. ს.-ს მემკვიდრეობის მიღებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. სკ-ს 1336-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლო ისე მსჯელობს რ. ს.-ის მიერ მამის სიცოცხლეშივე მის სამკვიდროს მიღებაზე, რომ ვერ დაამტკიცა თვით ა. ს.-ის მიერ სამკვიდროს მიღება. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ რ. ს.-მ სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე თანხმობა კასატორისგან მიიღო, რაც ადასტურებს იმას, რომ რ. ს.-ისათვის ცნობილი იყო სამკვიდროზე მისი უფლების არარსებობა. თ. მ.-ის ჩვენებით, სადავო სახლის საჯარო რეესტრში აღრიცხვის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2001წ. დეკემბერში. სკ-ს 1450-ე მუხლის თანახმად კი თ. მ.-ის სარჩელი ხანდაზმულია. ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლა არც მოსარჩელეს მოუთხოვია და არც სასამართლოს უმსჯელია აღნიშნულზე. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის ქვეშ იგულისხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით. განსახილველი საკასაციო საჩივარი ეფუძნება სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინებით ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

დადგენილია და უდავოა შემდეგი გარემოებები: 1986წ. 19 მარტს გარდაიცვალა კ. ს.-ე, რომელსაც დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე კ. კ.-ა და შვილები – გ. და ა. ს.-ეები. კ. ს.-ის დანაშთი ქონება – საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქობულეთში, ... 1988წ. 14 ივნისის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე აღირიცხა გ. ს.-ეზე. კ. ს.-ის დანაშთ სამკვიდრო ქონების მიღებაზე წერილობითი უარი არ განუცხადებია არცერთ მემკვიდრეს. კ. ს.-ის მეუღლე კ. კ.-ა მეუღლის გარდაცვალებამდე და შემდეგაც ცხოვრობდა რა აღნიშნულ მისამართზე, გარდაიცვალა 1988წ. 3 დეკემბერს, ხოლო 1999წ. 20 მაისს გარდაიცვალა ა. ს.-ე. ამ უკანასკნელის შვილი და თ. მ.-ის მეუღლე რ. ს.-ე გარდაიცვალა 2001წ. 11 მაისს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოწმეების ტ. ს.-ის, რ. ლ.-ის და ი. საიორიძის ჩვენებებით არასწორად დაადგინა ა. ს.-ის მიერ მამის სამკვიდრო ქონების მიღება. ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია ის გარემოება, რომ კ. ს.-ის გარდაცვალების შემდეგ სადაო საცხოვრებელი სახლის 1/2½ წილს ფაქტობრივად დაეუფლა მისი შვილი ა. ს.-ე, რომელიც მამის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ ჩავიდა ქ. ქობულეთში აღნიშნული ადასტურებს ა. ს.-ის მიერ მამის დანაშთი ქონების მიღებას.

უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი, რომ ა. ს.-ს, რადგანაც ქ. პოლტავაში ჰქონდა შექმნილი ოჯახი და იქ ჰყავდა ცოლ-შვილი, იგი ვერ მიიღებდა მემკვიდრეობას. მემკვიდრეობა მოქალაქის კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლებაა, რაზედაც 1997წ. 25 ნოემბრამდე და არც მის შემდგომ მოქმედი კოდექსით გავლენას არ ახდენს პირის საცხოვრებელი ადგილი.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებაც: რ. ს.-ე ფლობდა და სარგებლობდა მამის ა. ს.-ის ქონებას – ქ. ქობულეთში ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ½1/2-ს, როგორც მამის სიცოცხლეში ისე მისი გარდაცვალების შემდეგაც. აღნიშნულ გარემოებაზე საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რის გამოც იგი დამტკიცებულად უნდა იქნეს ცნობილი თანახმად სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილისა.

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ სავსებით სწორად მიუთითა სკ-ს 1422-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 1336-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1434-ე და 1507-ე მუხლებზე.

საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევის თაობაზე. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო სახლის საჯარო რეესტრში აღრიცხვის შესახებ თ. მ.-მ გაიგო 2001წ. დეკემბერში, რაც დასტურდება საქმეში არსებული მ.-ის ჩვენებით. მითითებულ ჩვენებაში თ. მ.-ი ასახელებს მეუღლის რ. ს.-ის გარდაცვალების ზუსტ რიცხვს 2001წ. 1 დეკემბერს. თავად თ. მ.-ი უარყოფს ამ გარემოებას და უთითებს, რომ აღნიშნულის შესახებ მან შეიტყო 2002წ. მაისის თვეში, როდესაც მიმართა შს ორგანოებს გ. ს.-ესთან დაკავშირებული კონფლიქტის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.