საქმე # 210100122006209465
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №888აპ-23 ქ. თბილისი
ხ.გ. 888აპ-23 9 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: გ. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ჯ–ში მ. ხ–სა და მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) ნასამართლევმა გ. ხ–მა, უსაფუძვლო მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, მ. ხ–ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი კისრის არეში, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
3.1. გ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. გ. ხ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ და მოითხოვა გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ მოითხოვა გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა მ. ხ–მა და მოწმე ჟ. ხ–მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – გ. ხ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ გ. ხ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ხ–ს ქმედებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის მიყენება.
14. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, მოცემული ჩანაწერი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის 2022 წლის 14 აგვისტოს ოქმში მიუთითა იმ ადგილზე, სადაც გ. ხ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 32-43), თუმცა საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).
16. 2022 წლის 14 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი იდენტურია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა და შეიცავს მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას და დაზარალებულის ჩვენებისგან დამოუკიდებლად ვერ შეფასდება ისეთ პირდაპირ მტკიცებულებად, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს გ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (იხ. ტ.1, ს.ფ. 18-29).
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს 2022 წლის 19 აგვისტოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N........... დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ 15.08.2022წ.-ს პირადი გასინჯვით, მ. ხ–ს აღენიშნებოდა კისრის არეში ნაჭდევი, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს 2022 წლის 13 აგვისტოს (იხ. ტ.1, ს.ფ. 46-49).
17.1. სასამართლო ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული იყენებს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების წარმოშობას უშუალოდ გ. ხ–ს მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: გ. ჯ–ი და მ. ჯ–ი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი. მოწმეთა გამოკითხვის ოქმის თანახმად მ. ხ–ს არ უთქვამს მათთვის, რომ მეუღლემ – გ. ხ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მ. ხ–მა გ. ჯ–ს სთხოვა მის მეუღლეს დალაპარაკებოდა და დაემშვიდებინა, რადგან გ. ხ–ი იყო აღელვებული და ეკამათებოდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 111-114; 115-118).
19. დაზარალებულმა მ. ხ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება გ. ხ–ს მიერ დაზარალებულებისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას.
20. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა გ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
22. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებისას ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება“ (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par.54, ECtHR, 8/07/2021). “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
22.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
24. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე