საქმე # 330100123007004478
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1010აპ-23 ქ. თბილისი
ჯ. ტ. 1010აპ-23 7 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ტ. ჯ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ტ. ჯ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 21 თებერვალს, საღამოს საათებში, ქალაქ თ–ში, სოფელ ფ–ი, ..........ის მე.. ჩიხის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ტ. ჯ–მა დას ტ. ჯ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა მარჯვენა მკლავში. ტ. ჯ–ს ქმედებით ტ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2023 წლის 21 თებერვალს, საღამოს საათებში, თ–ში, სოფელ ფ–ი, ..........ის მე.. ჩიხის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ტ. ჯ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, დას – ტ. ჯ–ს. კერძოდ: განუცხადა, რომ თავს მოაჭრიდა და მოკლავდა. ტ. ჯ–მ მუქარა აღიქვა რეალურად და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა;
2.3. 2023 წლის 28 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ი–ს მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომელ ზ. კ–ს მიერ ტ. ჯ–ს მიმართ გამოიცა №....... შემაკავებელი ორდერი ერთი თვის (30 დღე) ვადით, რომლითაც ტ. ჯ–ს აეკრძალა სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში მისვლა და დასთან კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ ტ. ჯ–ი გააფრთხილეს შემაკავებელი ორდერის მოთხონებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის პერიოდში, 2023 წლის 21 თებერვალს, არაფხიზელ მდომარეობაში მივიდა მსხვერპლის, ტ. ჯ–ს, საცხოვრებელ სახლში – მისამართზე ქ. თ–ში, სოფელ ფ–ი, ..........ის მე.. ჩიხის N..-ში და მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენით:
3.1. ტ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
3.2. ტ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
3.3. ტ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე
გამოსაცდელი ვადით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე;
3.5. ტ. ჯ–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა 2023 წლის 24 თებერვლიდან - 2023 წლის 22 მაისის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელმაც ითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, განაჩენში ცვლილების შეტანა და, მსჯავრდებულ ტ. ჯ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის – მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას ტ. ჯ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის – მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ტ. ჯ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ტ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ ტ. ჯ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის, დაზარალებულ ტ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ტ. ჯ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი –საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ტ. ჯ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ტ. ჯ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ტ. ჯ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე