Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-609-03 19 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: შპს-ს საერთო კრების გადაწყვეტილების და საზოგადოების ლიკვიდაციის თაობაზე სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “დ.კ-ს” დამფუძნებლებმა რ.მ-ემ და ლ.შ-მა სარჩელი აღძრეს კომპანია “პ. ვ. ლ.”, შპს “დ.კ.”-ს ლიკვიდატორის წინააღმდეგ და მოითხოვეს შპს “დ.კ.”-ს 2001წ. 10 სექტემბრის საერთო კრების გადაწყვეტილებისა და საზოგადოების ლიკვიდაციის თაობაზე სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერის გაუქმება. ასევე მოითხოვა დოკუმენტების ასლების გადაცემა. სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი გარემოებანი:

შპს “დ.კ.” რეგისტრირებულია 1996წ. 1 ოქტომბერს კრწანისის რაიონული სასამართლოს დადგენილებით. საზოგადოების პარტნიორები არიან შპს “პ. ვ. ლ.” _ 85%; ი. ნ-ი – 2,5%, ფ. ჩ-ე – 2%; რ. მ-ე – 8%, ლ. შ-ი – 2,5%. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 დეკემბრის დადგენილებით განხორციელდა საზოგადოების ლიკვიდაცია, რასაც საფუძვლად დაედო შპს “დ.კ.-ს” პარტნიორთა კრების 2001წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კრება ჩატარდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, კრებას არ ესწრებოდა ყველა პარტნიორი. ამასთან, საზოგადოების ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში კრებაზე მონაწილეობა მიიღო არა შპს “დ.კ-ს” პარტნიორმა შპს “პ. ვ. ლ.”, რომელიც რეგისტრირებულია ბაჰამაში 1996წ. 12 იანვარს, არამედ იგივე სახელწოდების საზოგადოებამ, რომელიც რეგისტრირებულია 1998წ. 2 ივნისს რუსეთის ფედერაციაში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2001წ. 10 სექტემბრის შპს “დ.კ-ს” პარტნიორთა კრებაზე მოწვეული იყვნენ პარტნიორები, მათ შორის მოსარჩელეები. ერთ-ერთი მოსარჩელე გამოცხადდა კრებაზე და შემდეგ დატოვა იგი, ხოლო მეორე არ გამოცხადდა. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ, მართალია, მათ იცოდნენ კრების მოწვევის შესახებ, მაგრამ დარწმუნებული იყვნენ, რომ კრება არ ჩატარებოდა მათი დასწრების გარეშე, რადგან საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყველა პარტნიორის მონაწილეობა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სალიკვიდაციო პროცესის მიმდინარეობის თაობაზე რამდენჯერმე იქნა გამოქვეყნებული პრესაში, მიუხედავად ამისა, მოსარჩელეების განმარტებით მათ საზოგადოების ლიკვიდაციის შემდეგ შეიტყვეს 2002წ. 21 თებერვალს ე.ი. 6 თვის შემდეგ. სასამართლომ მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2. მუხლზე და მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ს.მიქაძეს და ლ.შ-ს სასამართლოზე უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

უდავოა, რომ 2001წ. 10 სექტემბერს ჩატარდა შპს “დ.კ.-ს” პარტნიორთა კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ. კრების გადაწყვეტილების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა საზოგადოების ლიკვიდაციის რეგისტრაცია სასამართლოს 2001წ. 5 დეკემბრის დადგენილებით. საზოგადოების ლიკვიდაციის წესს ადგენს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14-ე მუხლი. ლიკვიდაციის საფუძველი ამ შემთხვევაში კრების გადაწყვეტილებაა და სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვათ პირებს საზოგადოების ლიკვიდაციის თაობაზე კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. კანონის 15.2 მუხლით პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან ორი თვის ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.

2001წ. 10 სექტემბერს პარტნიორთა კრების შესახებ პარტნიორები მოწვეული იყვნენ დაზღვეული საფოსტო გზავნილებით. მათ იცოდნენ კრების ჩატარების შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ არ გამოიყენეს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2 მუხლით მინიჭებული უფლება კრების ოქმის გასაჩივრების შესახებ. მხარემ სარჩელი შეიტანა 2002წ. 21 თებერვალს, ანუ კრების ჩატარებიდან ხუთი თვისა და 11 დღის შემდეგ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან კრების ოქმი კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაშია და იგი საფუძვლად უდევს ლიკვიდაციის შესახებ რეესტრის ჩანაწერს. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა ამ ჩანაწერის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორების აზრით გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან იგი დაუსაბუთებელია. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2 მუხლი მოცემული დავის გადაწყვეტისას, რადგან 85% წილის მქონე პარტნიორს კრებაში მონაწილეობა არ მიუღია, მის ნაცვლად პარტნიორთა კრებას ესწრებოდა იგივე სახელწოდების საწარმოს წარმომადგენელი, რომელიც რეგისტრირებულია არა ბაჰამაში, არამედ რუსეთის ფედერაციაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას პარტნიორთა კრების გასაჩივრების ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი ადასტურებენ, რომ მხარემ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2. მუხლით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.1.2 მუხლით შპს-ში ლიკვიდაცია მოხდებოდა, თუ ამას გადაწყვეტდნენ 50%-ზე მეტი ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის მფლობელები. პარტნიორთა გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება პარტნიორთა კრებაზე. ამავე კანონის 15.2 მუხლით პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება გასაჩივრდება მისი შედგენიდან 2 თვეში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია. ამდენად, სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი.

პალატა აღნიშნულიდან გამომდინარე, იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების ლიკვიდაციის თაობაზე ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნის დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის შესახებ.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას 85% წილის მქონე პარტნიორის კრებაში მონაწილეობის მიუღებლობის თაობაზე. აღნიშნულ გარემოებაზე მოსარჩელეები სარჩელშიც მიუთითებდნენ. სსკ-ს 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმეში წარმოდგენილი შპს “დ.კ.ს” დამფუძნებელთა კრების 2001წ. 10 სექტემბრის ოქმში მითითებულია, რომ კრებაში მონაწილეობა მიიღო 85% წილის მფლობელმა შპს “პ. ვ. ლ.”. ამ დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი, თუ სად არის რეგისტრირებული შ.პ.ს. – ბაჰამაში, თუ რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ კრებას ესწრებოდა არა ბაჰამის კუნზულებზე რეგისტრირებული შ.პ.ს.-ს წარმომადგენელი, არამედ რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული შ.პ.ს. “პ. ვ. ლ.” წარმომადგენელი. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ ჰქონდა შპს “პ. ვ. ლ.” პარტნიორთა კრებაში მონაწილეობის უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. შ-ის და რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.