გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-612-03 8 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ფ-მა აუქციონზე იყიდა იპოთეკით დატვირთული ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... მდებარე 39-ე ბინა, რაც საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებაში. ამ ბინაში ცხოვრობს ვ. კ-ე ოჯახთან ერთად. იმის გამო, რომ ვ.კ-ე არ ათავისუფლებს გაყიდულ ბინას, ვ.ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ვ.კ-ის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება ბინიდან ოჯახის წევრებთან ერთად.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ის სარჩელი დააკმაყოფილა. ვ.კ-ე მისი ოჯახის წევრებთან და მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინიდან.
ვ.კ-ის წარმომადგენელმა მ.ჩ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 14 თებერვლის განჩინებით არ დააკმაყოფილა ვ.კ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე ვ.ფ-ს, როგორც ბინის მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვს ამ ბინის დაბრუნება. სკ-ს 303-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იგი წინააღმდეგია ვ.კ-ე თავის ოჯახთან ერთად დარჩეს სადავო ბინაში დამქირავებლად, რადგან ბინა ჭირდება პირადი საჭიროებისათვის. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ბინას სხვა თანამესაკუთრეებიც ჰყავს და საქმეში ისინი მოპასუხეებად უნდა ჩართულიყვნენ, რადგან დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავად ირჩევს მოპასუხეს, ვ.ფ-მა დაასახელა მოპასუხედ ვ.კ-ე.
ვ.კ-ის წარმომადგენელმა მ.ჩ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატის სხვა შემადგენლობისათვის.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ვ. კ-ის გარდა სადავო ბინის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი იყვნენ ნ., ნა. და ნი. კ-ეები. მიუხედავად იმისა, რომ ვ.ფ-ისათვის ეს ცნობილი იყო, მან საქმეში მოპასუხედ არ მიუთითა სხვა მესაკუთრეები და მხოლოდ ვ.კ-ე ჩართო. სადავო ბინაში ცხოვრობენ ზემოაღნიშნული პირები და სასამართლოს სკ-ს 303-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხის და მისი ოჯახის წევრთა უფლებები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ვ.ფ-ის მიერ ვ.კ-ისათვის ნასესხები თანხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება 2001წ. 22 მარტს ქ.თბილისში, .... ამ ხელშეკრულებაში ვ.კ-ის გარდა მითითებულნი არიან ბინის სხვა თანამესაკუთრეებიც - ნ., ნა. და ნი. კ-ეები.
იმის გამო, რომ ვ.კ-ემ ვერ შეასრულა ვ.ფ-ის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, იპოთეკით დატვირთული ბინა გაიყიდა აუქციონზე და იგი შეიძინა ვ.ფ-მა. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 14 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, სადავო ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ვ.ფ-ის საკუთრებაში.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს ვ. კ-ის გარდა მოპასუხედ მოცემულ საქმეში უნდა ჩაერთო სადავო ბინის სხვა თანამესაკუთრეებიც. სსკ-ს მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. იმავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელემ სარჩელში უნდა მიუთითოს მოპასუხის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ მოპასუხე იურიდიული პირია – სახელწოდება და მისამართი. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მოსარჩელე თავად არჩევს მოპასუხეს და მოცემულ დავაში ასეთ მოპასუხედ შერჩეულია ვ.კ-ე.
ასევე, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მოპასუხის ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით სკ-ს 303-ე მუხლის მეორე ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ან შენობის ნაწილში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას უფლება აქვს დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ. კ-ეს და მის ოჯახის წევრებს მოცემული დავის განხილვისას არ გამოუყენებიათ ეს უფლება და სსკ-ს შესაბამისად, არ აღუძრავთ შეგებებული სარჩელი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს მესაკუთრის უფლებას მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. კ-ეს არ გააჩნია სადავო ბინის ფლობის უფლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. კ-ის წარმომადგენელი მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 თებერვლის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.