Facebook Twitter

¹3კ-613-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახლაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ძ-ი სააქციო საზოგადოება “კ-ის” დირექტორ-ლიკვიდატორის 2002წ. 28 მაისის ¹20/კ განკარგულებით დათხოვნილ იქნა სააქციო საზოგადოების სარევიზიო-საკონტროლო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად.

ლ. ძ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 115 ლარის ოდენობით, იმ საფუძვლით, რომ სინამდვილეში მოხდა “კ-ის” რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია; ფაქტობრივად სააქციო საზოგადოების უფლებამონაცვლედ ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “პ-ი”; სამუშაოდან განთავისუფლებული მუშები დასაქმებული არიან შპს “პ-ში”, სადაც შესაძლებელი გახდა მათი დასაქმება წინანდელი თანამდებობის შესაბამისად.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასმართლოს 2002წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ლ. ძ-მა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა – რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განხორციელდა სს “კ-ის” ლიკვიდაცია, ხოლო შპს “პ-ი” რეესტრის მონაცემებით არ არის სს “კ-ის” სამართალმემკვიდრე. 2002წ. 28 მაისს სს “კ-ის” ლიკვიდატორ გ. შ-ის განკარგულებით ლ. ძ-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში.

ლ. ძ-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება, საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ვერ შეაფასა, იყო თუ არა ლიკვიდირებული სს “კ-ი”. ამ შემთხვევაში მან იხელმძღვანელა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.7 მუხლით. სასამართლო ვალდებული იყო, რეგისტრაციაში გაეტარებინა საზოგადოების ლიკვიდაცია და მიეთითებინა საფუძველზე, რაც არ მომხდარა; საზოგადოება არ გაკოტრებულა და წესდებას არსებითი ცვლილებები არ განუცდია; სასამართლოს არ გამოუთხოვია არც სს “კ-ისა” და არც შპს “პ-ის” წესდებები.

საოლქო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლი, 394-ე მუხლის მე-2 პუნქტი, არ გამოიყენა მეწარმეთა შესახებ კანონის 5.6, 5.7, 54.6, 56.3 და სხვა მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სს “ს-ის” 2001წ. 25 ოქტომბრის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების და სამეთვალყურო საბჭოს 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ლიკვიდირებულ იქნა სს “კ-ი”. საზოგადოების ლიკვიდატორად დაინიშნა გ. შ-ე. 2002წ. 8 მაისს აღნიშნული ცვლილება შევიდა სააქციო საზოგადოების რეესტრში და რეგისტრაციაში გატარდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ.

სს “კ-ის” ლიკვიდატორის მიერ ლ. ძ-ი, რომელიც მუშაობდა სს “კ-ში” სარევიზიო-საკონტროლო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, შკკ-ს 422 მუხლის შესაბამისად გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი განთავისუფლების თაობაზე.

სააქციო საზოგადოების ლიკვიდატორის 2002წ. 28 მაისის განკარგულებით ლ. ძ-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შკკ-ს 34-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს, ორგანიზაციის ლიკვიდაციის გამო.

შპს “პ-ი” თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ივლისის დადგენილებით რეგისტრირებულია დამოუკიდებელ იურიდიულ პირად და არა სს “კ-ის” სამართალმემკვიდრედ.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა მეწარმეთა შესახებ კანონის 5.6, 5.7, 54.6, 56.3 მუხლები და ისე მიეღო გადაწყვეტილება. აღნიშნული კანონის 5.6 მუხლი ითვალისწინებს, რომ 5.4 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება რეგისტრაციაში უნდა გატარდეს. მოცემულ შემთხვევაში სს “კ-ის” ლიკვიდაციის შესახებ ჩანაწერი რეესტრში რეგისტრირებულია 2002წ. 8 მაისს.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.7 მუხლის მიხედვით, გაკოტრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ საზოგადოების წესდებაში არსებითი ხარვეზის დადგენისას სასამართლო ვალდებულია, მოახდინოს საზოგადოების ლიკვიდაციის რეგისტრაცია და მიუთითოს საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მოთხოვნა საქმის მასალების მიხედვით დაცულია. მეწარმეთა შესახებ კანონის 54.6-ე მუხლი შეეხება საერთო კრების უფლებამოსილებას, ხოლო 56.3-ე მუხლი კი – შეეხება საწარმოში დირექტორების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხებს. საქმის მასალების მიხედვით, დავის საგანს არ წარმოადგენს საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ან მეწარმეთა შესახებ კანონის 56.3-ე მუხლით გათვალისწინებული წესებიდან წარმოშობილი ურთიერთობები. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-II ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში დამატებითი საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის. მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ნორმა, რომელიც წარმოშობდა საწარმოს ვალდებულებას, გაეგრძელებინა კონტრაქტი იმ მუშაკებთან, რომლებსაც გაუვიდათ შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადა. აღნიშნული საწარმოს ადმინისტრაციის უფლებაა და არა ვალდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.