გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-614-03 21 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. მ-ას სახელზე ირიცხება ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტერ “ა”-ს 2/6-დი ნაწილი. სახლი შედგება 6 საცხოვრებელი ოთახისაგან. ¹9 ოთახში 1963 წლიდან მდგმურის უფლებით ჩაწერილია და ცხოვრობს რ. მ-ი, რომელსაც ამ ოთახის გარდა უკავია წინ მდებარე შემინული აივანი და სახლის ქვეშ მდებარე სარდაფი. მოპასუხის ნებართვით ლიტერ “გ” სათავსი დაიკავეს მდგმურებმა. ვინაიდან მათ მიერ დაკავებული სადგომი სჭირდება მესაკუთრეს, დამქირავებელი კი უარს ამბობს გადაიხადოს ქირა საბაზრო ღირებულებით, მ.მ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მუშეგიანის ბინიდან და დამხმარე სათავსოდან გამოსახლება.
რ. მ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებულ სარჩელში განმარტა, რომ სადავო ბინაში 1933 წლიდან ცხოვრობენ მისი მშობლები, რომლებსაც ბინის ძველ მესაკუთრესთან დადებული ჰქონდათ ბინაზე უფლების დათმობის გარიგება, ამდენად, მოსარჩელე არასწორად მიუთითებს სკ-ს 562-ე მუხლზე; იგი არის სადავო ბინის მოსარგებლე და ითხოვს მხარეთა შორის ურთიერთობა მოწესრიგდეს 1998წ. 25 ივნისის კანონით “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”, რომლის საფუძველზეც ცნობილ იქნეს სადავო ფართის მოსარგებლედ.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. მ-ას სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე რ. მ-ისა და მასთან ერთად მყოფი პირების ქ. თბილისის ... გამოსახლების თაობაზე, ეთქვა უარი. დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა: რ. მ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის ¹9 ოთახის (ფართით 16,92 კვ.მ.), შემინული აივნის და ¹1 სარდაფის მოსარგებლედ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა მ. მ-ას სარჩელი. რ. მ-ი თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე ლიტ “ა”-ს ¹9 საცხოვრებელი ოთახიდან, მის წინ მდებარე შემინული აივნიდან და ¹1 სარდაფიდან. რ. მ-ის შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა რ. მ-მა. მისი აზრით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს დარღვეულ იქნა სსკ-ს 233-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, მუშეგიანს უწყება არ ჩაბარებია 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მისთვის არ იყო ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. უწყება ჩაბარდა მეზობელს, რომელმაც იგი გადასცა 13 დეკემბერს. ამ დროისთვის კი რ. მ-ი ავად იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინებით რ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა სსკ-ს 241-ე მუხლით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით და დადგენილად მიიჩნია, რომ რ.მ-ი 2002წ. 28 ნოემბერს სასამართლო უწყებით გაფრთხილებულ იქნა 13 დეკემბერს დანიშნული სხდომის დღისა და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე რ. მ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე პალატაში.
რ. მ-ს საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ, რადგან დარღვეულ იქნა სსკ-ს 233-ე მუხლის “ბ”, “გ” და “დ” პუნქტები, კერძოდ: რ.მ-ს უწყება არ ჩაბარდა სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მისთვის არ იყო ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, უწყება ჩაბარდა მეზობელს, რომელიც გადაეცა რ.მუშეგიანს 13 დეკემბერს, ანუ სასამართლო პროცესის დღეს, რა დროსაც იგი იყო ავად. ამასთან, უწყებაზე ხელმოწერა არ ეკუთვნის რ.მ-ს, რის გამოც მან მოითხოვა კალიგრაფიული ექსპერტიზა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის და საქმის მასალების განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად კი სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ რ.მ-ს სასამართლო უწყება ჩაბარდა სსკ-ს 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის დარღვევით, ანუ სასამართლოს უწყებაში მითითებული არ არის საქმის დასახელება, რომლის გამოც იბარებდნენ მას სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში განიხილებოდა მ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დიდუდე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებაზე, მ. მ-ას სარჩელის გამო რ. მ-ის მიმართ, პირადი საკუთრების სახლიდან და სათავსოდან გამოსახლების თაობაზე, ხოლო სასამართლო უწყებაში, რომლითაც მუშეგიანი დაბარებულ იქნა სასამართლო სხდომაზე, მითითებული იყო დავა სარდაფიდან გამოსახლების თაობაზე.
ამასთან, სსკ-ს 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილება იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო ვალდებულია სსკ-ს 230-ე მუხლის საფუძველზე შეამოწმოს, იურიდიულად ამართლებს თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას. განსახილველ საქმეში აპელანტი იმავდროულად იყო მოსარჩელეც, ამიტომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მითითებული მუხლით.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.