Facebook Twitter

¹3კ-617-03 12 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ცეკავშირის სს “ს-მა” სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. ლ-ას მიმართ და აღნიშნა, რომ იგი არის იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია სასამართლოში 1995წ. 14 სექტემბრის დადგენილებით. ქ. თბილისში ..... მდებარე სადავო სახლი წარმოადგენს სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების კერძო საკუთრებას. აღნიშნულ სახლში ¹7 ოთახი თვითნებურად დაიკავა აფხაზეთიდან დევნილმა ლ. ლ-ამ, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს სადავო შენობიდან მის გამოსახლებას.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ლ-ა გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინის ¹7 ოთახიდან.

ლ. ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინებით ლ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შენობა, სადაც მდებარეობს სადავო ოთახი, წარმოადგენს სს “ს-ის” საკუთრებას. მოპასუხის მიერ კი სადავო ოთახის დაკავება მოხდა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, რომელიც ლახავს ამ უკანასკნელის კანონით მინიჭებულ უფლებას.

ლ. ლ-ამ სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგან მას სადავო ოთახი დაკავებული აქვს თავის სახელზე სს “ს-ის” ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ამდენად, “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 7-ე მუხლის 3-ე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი უნდა გამოსახლდეს ბინიდან თუ ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად მის მიერ კი აღნიშნული ნორმის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ შენობა, მდებარე თბილისში, ..... (სადაც განთავსებულია სადავო ოთახი ¹7), წარმოადგენს მოსარჩელე სააქციო საზოგადოება “ს-ის” საკუთრებას, მოპასუხე ლ. ლ-ამ ¹7 ოთახი დაიკავა მესაკუთრის თანხმობის გარეშე თვითნებურად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, კერძოდ, მოსარჩელის სს “ს-ის” წარმომადგენლის განმარტებით, ასევე მოპასუხის დედის მიერ შენობაში განთავსებული ლტოლვილების საცხოვრებელი ფართის განაწილების, სიის მიხედვით სადავო ¹7 ოთახი პირველად დაიკავა იძულებით გადაადგილებულმა ნ. ჯ-ამ, მაგრამ ამ უკანასკნელის ავადმყოფობის პერიოდში, ისარგებლა მისი არყოფნით და ოთახში თვითნებურად შეიჭრა ლ. ლ-ა, რომელიც ლტოლვილთა მიერ ზემოაღნიშნულ მისამართზე განთავსების დღიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სადავო ოთახის მომიჯნავე ¹8 ოთახში.

პალატა თვლის, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოტივაცია, რომ სააპელაციო სასამართლოს არასწორად განმარტა, კანონი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად კანონის დარღვევით.

კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებით ვერ დგინდება მის მიერ სადავო ¹7 ოთახის მართლზომიერ საფუძველზე ფლობის ფაქტი, აღნიშნული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ლ. ლ-ა ოჯახის წევრებთან ერთად რეგისტრირებულია და ცხოვრობს ...... მდებარე შენობაში, რასაც მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ არ ხდის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სკ-ს 170-172-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მესაკუთრეს შეუძლია არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ნივთით სარგებლობა და მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა ამ შემთხვევისა როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ შემთხვევაში კასატორს არ ჰქონდა სადავო ოთახის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ კანონიერად არ დააკმაყოფილა მისი სააპელაციო საჩივარი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დასაბუთებულია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.