Facebook Twitter

საქმე # 330100120004180366

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №705აპ-23 ქ. თბილისი

ბ–ი ლ., 705აპ-23 20 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–სა და მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ–მ და მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ.

- მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ს–ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო ალტერნატივის სახით - მ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას, დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო, ასევე მ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის და ამნისტიის შესახებ 2021 წლის კანონის გამოყენებით სასჯელის განახევრებას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და საკმარისი მ. გ–ს ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად; გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მ. გ–სას მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლებისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჩვენებებს, ამოღების ოქმს და მ. გ–ს კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციას, მაგრამ ვერცერთი ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მის მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ფაქტს; საგამოძიებო ექსპერიმენტი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ვინაიდან იგი ეფუძნება მ. გ–ს გამოკითხვის ოქმს, ხოლო თვითონ მ. გ–სა უარყოფს დანაშაულის ჩადენას; პოლიციელთა და ექსპერტთა ჩვენებები ირიბია, მობილურ ტელეფონში არსებული მიმოწერა კი არ არის ქართულ ენაზე, რის გამოც, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მათი შინაარსი, ამასთან, ამ მიმოწერით არ დგინდება დანაშაულის ფაქტი, ვინაიდან არ გამოვლენილა კომუნიკაციის მხარეები; გამოძიებას გააჩნდა საკმარისი დრო და საშუალება მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულებები. ეს მას არ გაუკეთებია და, ამდენად, აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებას; გამომძიებელ გ. კ–სა და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტების ჩვენებები წინააღმდეგობრივი, არადამაჯერებელი და არათანმიმდევრულია; აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, როდესაც მ. გ–სა დაიკითხა მოწმის სახით, მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ნებაყოფლობით მიაწოდა საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, კერძოდ, მიუთითა ის ადგილები, სადაც პირადი მოხმარების მიზნით ინახავდა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, და, ამდენად, მას არ უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო.

- მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ–მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება ლ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და გამართლება, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით; ლ. ბ–მა აღიარა, რომ მან შეიძინა და შეინახა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, მაგრამ მას არ ჩაუდენია მათი გასაღების მცდელობა; საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, არცერთი მოწმის ჩვენება პირდაპირ არ მიანიშნებს ლ. ბ–ს მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობაზე; ლ. ბ–სისა და მ. გ–სას მიერ ჩადენილი ქმედებები საერთოდ არ უკავშირდება ერთმანეთს და, შესაბამისად, ეს საქმეებიც ერთ წარმოებად არ უნდა განხილულიყო; ლ. ბ–ს განაჩენი აგებულია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციაზე და პოლიციელების ჩვენებებზე, რომლებიც ტენდენციური, მიკერძოებული და არადამაჯერებელია.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

მ. გ–ს ბრალად ედება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით მ. გ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, მან 2020 წლის 10 ოქტომბერს, ქ. თ–ში, მ–ს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, გასაღების მიზნით, მიწაში, შვიდ ადგილას განათავსა 7 ცალად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - „5-fluoro-MDMB-PIKA.“

ლ. ბ–ს ბრალად ედება: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა; ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობა.

ლ. ბ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

- 2020 წლის 11 ოქტომბერს, 10:40 საათზე, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილების დროს, ლ. ბ–ი კუთვნილ ჩანთაში უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს: „MDMB-4en-PINACA-ს“ და „5-fluoro-MDMB-PIKA-ს“. ასევე, ლ. ბ–ი 2020 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თ–ში, პეკინის გამზირის .. კვარტლის, N.. კორპუსის, ბინა N..-ში უკანონოდ ინახავდა აგრეთვე უკანონოდ შეძენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერება „MDMB-4en-PINACA-ს“.

- ამასთან, 2020 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თ–ში, პ–ს გამზირის N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ... სადარბაზოში, პირველ და მეორე სართულებს შორის არსებული ელექტრომრიცხველების რკინის ყუთის ქვეშ, ლ. ბ–მა, გასაღების მიზნით, განათავსა 81 (ოთხმოცდაერთ) ცალად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება „MDMB-4en-PINACA.“

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის განაჩენით:

მ. გ–სა, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

მ. გ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა მ. გ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

მ. გ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 11 ოქტომბრიდან.

მ. გ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით განსაზღვრული უფლებები.

ლ. ბ–სი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

გაუქმდა ლ. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ლ. ბ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 11 ოქტომბრიდან.

ლ. ბ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით განსაზღვრული უფლებები.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო ალტერნატივის სახით - მ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო.

მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება ლ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ლ. ბ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის განაჩენში მსჯავრდებულ მ. გ–ს მიმართ სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მ. გ–სა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

მ. გ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

მსჯავრდებულ მ. გ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 11 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებულ მ. გ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

მ. გ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით განსაზღვრული უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - მსჯავრდებულ ლ. ბ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ლ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ხოლო მ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გ. გ–ს, თ. ჯ–ს, გ. რ–ს, დ. გ–ს, გ. ს–ს, ვ. გ–ს, ლ. გ–ს, ლ. მ–ს, ი. ხ–ს, კ. დ–ს, გ. ჩ–ს, თ. დ–ს, გ. კ–ს, ბ. ჯ–ს, გ. მ–ს, მ. ს–ს, თ. ა–ს, გ. დ–ს, ს. ა–ს ჩვენებებით, ლ. ბ–ს - პირადი ჩხრეკის 2020 წლის 11 ოქტომბრის ოქმით, ლ. ბ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2020 წლის 11 ოქტომბრის ოქმით, ლ. ბ–სგან პოლიეთილენის პარკის ამოღების 2020 წლის 11 ოქტომბრის ოქმით, ლ. ბ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2020 წლის 11 ოქტომბრის ოქმით, მ. გ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2020 წლის 11 ოქტომბრის ოქმით, მ–ს ს–ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ამოღების 2020 წლის 11 ოქტომბრის ოქმით, მ. გ–სგან მობილური ტელეფონის ამოღების 2020 წლის 11 ოქტომბრის ოქმით, მ. გ–სგან ნიმუშის აღების 2020 წლის 26 ნოემბრის ოქმით, ლ. ბ–საგან ნიმუშის აღების 2020 წლის 7 დეკემბრის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 7 დეკემბრის ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 11 ოქტომბრის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის 2020 წლის 12 ოქტომბრის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის 2020 წლის 27 ოქტომბრის დასკვნით, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის 2020 წლის 4 დეკემბრის დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2021 წლის 28 აპრილის დასკვნით და - საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი არ გააჩნია და ამ ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და სრულად თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის - მსჯავრდებულების პირადი ჩხრეკისა, თუ მათი მონაწილეობით ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებთან, ექსპერტიზის დასკვნებთან და ა.შ. ბრალდების მხარის მოწმეებმა დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სრულად დაადასტურეს მათი მონაწილეობით და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ოქმების სისწორე, დეტალურად და ამომწურავად აღწერეს ოპერატიული ინფორმაციების მიღების, მათი შემადგენლობით შესაბამისი ოპერატიული ჯგუფების შემთხვევის ადგილებზე გასვლისა, თუ მას შემდეგ განვითარებული მოვლენები; საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენასთან/ამოღებასთან და მსჯავრდებულების დაკავებასთან დაკავშირებული პროცედურები. საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონიერად, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამართალდამცველი პირების დაინტერესებისა და მსჯავრდებულებისათვის დანაშაულის დაბრალების ფაქტს.

11. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17), რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა არ აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანად აღებული რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება.

12. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შედეგად, არ არსებობს პოლიციელთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი.

13. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებაზე, სარწმუნოობასა და საკმარისობაზე, ასევე ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებენ ყურადღებას ადვოკატები (მათ შორის: მსჯავრდებულების მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე, მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე, დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების საკითხზე და სხვა), ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–სა და მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–სის საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი