Facebook Twitter

¹ 3კ-619-03 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების თანახმად გ. ლ.-მ და ნ. ტ.-მა პ. გ.-ს ასესხეს 26400 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით სარგებლის გარეშე.

საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად 2002წ. 2 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში ... მდებარე პ. გ.-ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი.

2002წ. იანვარში პ. გ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ტ.-ის და გ. ლ.-ს მიმართ სესხის და ოპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ სესხის ხელშეკრულებაში არასწორად იყო მითითებული სესხად გაცემული თანხის ოდენობა, ხოლო ოპითეკის ხელშეკრულებით ქონების შეფასება იყო ბევრად ნაკლები მის რეალურ ღირებულებასთან შედარებით.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ტ.-მა და გ. ლ.-მ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. პ. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები დადებულად იქნა ცნობილი 22000 აშშ დოლარზე.

ნ. ტ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით უარის თქმას სარჩელზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია ის გარემოება, რომ სესხის თანხა არ შეადგენდა სადავო ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ 26400 აშშ დოლარს. მსესხებელ გ. ლ.-ს მიერ გაცემულ იქნა 22000 აშშ დოლარი. ამ თანხიდან 2000 აშშ დოლარი მიიღო ნ. ტ.-მ. 1000 აშშ დოლარი ნ. ტ.-ის გადაეცა საშუამავლო საქმიანობასა და ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯებისათვის, ხოლო 1000 აშშ დოლარი – პ. გ.-საგან აღებული სესხის სახით.

გ. ლ.-ს მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული განმარტების თანახმად იგი სასესხო საქმიანობაში იყო გამოუცდელი, რის გამოც მისი თხოვნით ნ. ტ.-ი იქნა შეყვანილი ხელშეკრულებაში მეორე იპოთეკარად. ნ. ტ.-მ პ. გ.-ს ვალის 24400 აშს დოლარამდე შემცირებაზე თანხმობა განაცხადა იმ პირობით, თუ ეს უკანასკნელი დაუბრუნებდა სესხის ხელწერილს და აუნაზღაურებდა მორალურ ზარალს.

ნ. ტ.-ი ფაქტობრივად წარმოადგენს არა კრედიტორს, არამედ პ. გ.-ს მოვალეს.

სააპელაციო პალატას არ უმსჯელია ნ. ტ.-ის მოთხოვნაზე მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან მოპასუხის მიერ აღნიშნული საფუძვლით შეგებებული სარჩელი არ ყოფილა წარდგენილი.

რეალურ კრედიტორს გ. ლ.-ს არ გაუხდია სადავოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პ. გ.-ს ვალის ოდენობა.

ნ. ტ.-მ ვერ დაასაბუთა, თუ რით იქნა შელახული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისი სამართლებრივი ინტერესები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.