3კ-620-03 29 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. აგვისტოში გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. ლ-მა და მოითხოვა ნ. ბ-ის მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის დაბრუნება. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1995 წელს 10 წლის ვადით მას იჯარით გადაეცა თუთის პლანტაცია აბრეშუმის პარკის წარმოებისა და გაუმჯობესებისათვის. 2001 წელს აღნიშნულ ნაკვეთზე მისი დაუფლების მიზნით შეიჭრა მოპასუხე და დაიწყო მისი დამუშავება, რითაც დაარღვია მისი, როგორც მოიჯარის, უფლებები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გურჯაანის რაიონის სოფ..... ალაზნის არხის პირას მდებარე თუთის მრავალწლიანი ნარგავები, საერთო ფართით 3 ჰა, ირიცხებოდა .... სანერგე მეურნეობის ბალანსზე, შემდეგ, 1997 წელს, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა .... სახაზინო საწარმო “ნ.”, რომელმაც იგი, თავის მხრივ, 2000 წელს 10 წლიანი იჯარის უფლებით გადასცა მას.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა.ლ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ლ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება და თავისი სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის განჩინებით ა. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე ვერ ჩაითვლება სადავო ნაკვეთის მესაკუთრედ, რადგან სასამართლოს ვერ წარუდგინა ნივთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 164-ე და 172-ე მუხლებზე.
ეს განჩინება ალ.ლ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა საკასაციო საჩივრით. კასატორმა აღნიშნა, რომ რაიონული და საოლქო სასამართლოების მიერ გამოტანილ განჩინებებს ახასიათებდა ტენდენციურობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მას არ ჩაბარებია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და, ამდენად, არ მიეცა საშუალება მათი გამაბათილებელი საპასუხო მტკიცებულებების წარმოდგენისა, რასაც მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. გარდა ამისა კასატორმა ეჭვქვეშ დააყენა საქმის განსჯადობის საკითხის სისწორე, მიიჩნია, რა რომ იგი უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული წესით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ, მოცემული საქმის მომზადებისა და განხილვისას დაარღვია საპროცესო კანონი. კერძოდ, სსკ-ს 202-ე მუხლი, რადგან მას არ გადაუგზავნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებანი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან, როგორც ეს საქმის მასალებით ირკვევა, მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებანი საერთოდ არ წარუდგენია.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემული საქმე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განეხილა. განსახილველ საქმეში დავის საგანია ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. დადგენილია, რომ სადავო ნივთი ნ.ბ-ის მფლობელობაშია, ე.ი. ორივე მხარე ფიზიკური პირები არიან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი, რომლითაც დადგენილია ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობა, არ ითვალისწინებს განსახილველ შემთხვევის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელე სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ალ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების სააპელაციო პალატის 2003წ. 11 თებერვლის განჩინება უცვლელად დარჩეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.