¹ 3კ-621-03 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: ძირითად სარჩელში – უკანონო მფლობელობიდან სამკვიდრო ქონების გამოთხოვა, შეგებებულ სარჩელში – მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 21 ნოემბერს მ. მ.-მ და დ. ე.-მ სარჩელით მიმართეს სასამართლოს თ. ე.-ისა და მ. გ.-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მ.მ.-ე და გ. ე.-ი 1981 წლიდან ფაქტობრივად, ხოლო 1982წ. 30 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, რომლის დროსაც მათ შეეძინათ ორი შვილი _ დ. და ა. ე.-ები.
2000წ. 15 ოქტომბერს გ. ე.-ი გარდაიცვალა. მოსარჩელეებმა კანონით გათვალისწინებულ ვადაში მიმართეს სანოტარო ბიუროს სამკვიდროს, ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მასში არსებული ნივთების მისაღებად, თუმცა ნოტარიუსმა უარი განუცხადა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან გ. ე.-ის დანაშთი სამკვიდროს მიღების შესახებ, შეტანილ იქნა მისი ბიძის, ვ. ე.-ის განცხადება.
მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხე მხარე უკანონოდ დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. მათ მოითხოვეს თ.ე.-ისა და მ.გ.-ის უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი სახლისა და სხვა ნივთების გამოთხოვა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო 2001წ. 28 მაისს სასამართლოში შეიტანეს შეგებებული სასარჩელო განცხადება, სადაც მიუთითეს, რომ გ. ე.-მ გარდაცვალებამდე მიმართა სასამართლოს მ.მ.-ესთან არსებული ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მათი აზრით, სადავო იყო გ. ე.-ის მამობა ა. და დ. ე.-ების მიმართ და მოსარჩელეები მიიჩნიეს არასათანადო მხარედ. თ.ე.-ისა და მ.გ.-ის განმარტებით, სწორედ მათ გაიღეს გ.ე.-ის დაკრძალვისა და მისი დედის მკურნალობის ხარჯები სულ 8 300 ლარის ოდენობით. სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა თ. ე.-ის მამამ, ვ. ე.-მ, რომელმაც მოითხოვა გ. ე.-ის მემკვიდრედ ცნობა.
ქ.თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სასარჩელო განცხადებასა და მესამე პირის მოთხოვნას უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 1336-1337-ე, 1320-ე, 1433-ე, 1427-ე, 1484-ე მუხლებით, 1421-ე მუხლის II ნაწილით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ გ. ე.-ის პირველი რიგის მემკვიდრეებს, მათ კანონით დადგენილ ვადაში მიმართეს სანოტარო ბიუროს სამკვიდროს მისაღებად, ამრიგად, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან არიან მისი მესაკუთრეები. რაც შეეხება თ. და ვ. ე.-ებისა და მ. გ.-ის მოთხოვნებს, სასამართლომ მათ მიერ დასახელებული არგუმენტები უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია.
მ. გ.-მ, ვ. და თ. ე.-ებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მოხდა საქმის ზეპირი განხილვის ჩანიშვნა.
აღნიშნულ ვადამდე აპელანტმა თ.ე.-მა წერილობით იშუამდგომლა მისი ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომის გადადების შესახებ. შუმადგომლობა 2002წ. 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე სააპელაციო პალატის მიერ დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისათვის, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
სხდომის ჩანიშნული თარიღის წინა დღეს თ.ე.-მა იმავე საფუძვლით კვლავ წერილობით იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების შესახებ და აღნიშნა, რომ თავისი ავადმყოფობის გამო აპელანტი მ.გ.-ე ვერ გამოცხადდება სხდომაზე, ხოლო ვ. ე.-ი არის ღრმად მოხუცი და ვერ შესძლებს დამოუკიდებლად საქმის განხილვაში მონაწილეობას. შუამდგომლობას ავტორმა დაურთო დოკუმენტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
2002წ. 22 ოქტომბერს დ.ე.-ისა და მ.მ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
მ.გ.-მ და თ.ე.-მ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანეს საჩივარი საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ აპელანტთა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის უგულებელყოფის შესახებ, რომელიც 2002წ. 16 დეკემბრის სააპელაციო სასამართლომ მიიღო და მისი ზეპირი მოსმენა ჩანიშნა 2003წ. 23 იანვარს. სხდომის დღეს თ.ე.-მ კვლავ წერილობითი შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საჩივრის განხილვის გადადება ერთი თვით, ავადმყოფობის გამო. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვა გადაიდო 2003წ. 13 თებერვლისათვის, აღნიშნულ დროს საჩივრის ავტორები სასამართლო სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდნენ. მათ წერილობით იშუამდგომლეს პალატის წინაშე საჩივრის განხილვის ერთი თვით გადადების შესახებ, ვინაიდან მხარის ადვოკატს, რომლის აყვანაც ადრე არ მოხერხდა თ.ე.-ის ავადმყოფობის გამო, ესაჭიროებოდა ვადა საქმის საფუძვლიანად გაცნობისათვის.
მოწინააღმდეგე მხარემ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორები სასამართლო სხდომის დროის შესახებ გაფრთხილებულნი იყვნენ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და კვლავ იშუამდგომლა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2003წ. 13 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ე.-ისა და მ. გ.-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
2003წ. 4 აპრილს თ. ე.-მ და მ. გ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართეს სასამართლოს. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა მხარის სურვილი, აეყვანა ადვოკატი, რაც უფრო ადრე ვერ მოხერხდა კასატორთა მძიმე ფინანსური მდგომარეობისა და თ. ე.-ის ავადმყოფობის გამო და მიეცათ დრო მისთვის საქმის გასაცნობად. მხარემ მიუთითა გასაჩივრებულ მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში გაკეთებულ აღნიშვნაზე, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მესამე პირი ვ. ე.-ი, რომელსაც საქმის განხილვის დრო ეცნობა სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მაშინ, როდესაც კასატორის განმარტებით, ვ. ე.-ი გარდაიცვალა 2002წ. 14 დეკემბერს. საკასაციო საჩივრით მხარე ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თ. ე.-ისა და მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2002წ. 22 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომლებიც საქმის განხილვის თაობაზე გაფრთხილებულნი იყვნენ კანონის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც აპელანტების მიერ შეტანილ იქნა საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ აპელანტთა საჩივრის განხილვა დანიშნა 2003წ. 13 თებერვალს, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა პროცესის გადადების თაობაზე მათი მოთხოვნის საპატიო საფუძველი, რაც დაკავშირებული იყო ადვოკატის აყვანასთან. სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად შეაფასა აღნიშნული ვითარება საქმის გაჭიანურების მცდელობად, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით დასტურდება აპელანტები სასამართლოში დანიშნულ სხდომებზე სხვადასხვა მიზეზებით ოთხჯერ არ გამოცხადდნენ. სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა რა ზუსტად ერთი წლის განმავლობაში, აპელანტებს საკმარისი დრო ჰქონდათ თავიანთი ინტერესების დაცვა უზრუნველეყოთ ადვოკატის მომსახურებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სსკ-ს 70-78-ე, 233-ე და 242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და მის მისაღებად სახეზე იყო ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი სამართლებრივი წინამძღვრები. ყოველივე ზემოაღნიშნული გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ე.-ისა და მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.