გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-622-03 29 აპრლი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის განჩინებაზე
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ს. ტ-მა განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ 1992 წელს იმყოფებოდა სამაჩაბლოში და მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში და არის სამაჩაბლოს ომის მონაწილე.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის განჩინებით განმცხადებელს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. ხარვეზად სასამართლომ მიიჩნია ის გარემოება, რომ სსკ-ს 315-ე მუხლის თანახმად ს. ტ-ის განცხადებაში არ იყო მითითებული თუ რა მიზნისათვის სჭირდებოდა განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა და ასევე მას არ ჰქონდა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის სხვა გზით დადგენის შეუძლებლობას.
ამავე სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის განჩინებით უმოძრაოდ იქნა დატოვებული ს. ტ-ის განცხადება და დაუბრუნდა განმცხადებელს იმ მოტივით, რომ მის მიერ წარმოდგენილი კ. კ-ისა და მ. ბ-ის, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლითაც დასტურდება რომ ს. ტ-ი ნამდვილად იმყოფებოდა სამაჩაბლოში, სასამართლომ ხარვეზის შევსებად არ მიიჩნია.
ზემოაღნიშნული განჩინება ს. ტ-მა უკანონოდ მიიჩნია და კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 მარტის განჩინებით ს. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ სსსკ-ის 313-ე და 315-ე მუხლებიდან გამომდინარე, სწორად უთხრა ს. ტ-ს უარი განცხადების მიღებაზე, რადგან აღნიშნული განცხადება არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ 2003წ. 24 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და შესაბამისად უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს განჩინება.
ს. ტ-მა საკასაციო საჩივარით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და იმავე გარემოებებზე დაყრდნობით ითხოვა განცხადების დაკმაყოფილება.
პალატა გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი დასაშვები არ არის შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ს 419-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს და იგი აღარ გასაჩივრდება. ზემდგომ სასამართლოში იგულისხმება სააპელაციო სასამართლო, თუ კერძო საჩივარი შეტანილია რაიონული სასამართლოს განჩინებაზე და საკასაციო სასამართლო, თუკი კერძო საჩივარი შეტანილია საოლქო სასამართლოს განჩინებაზე.
მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი განიხილა ზემდგომმა სააპელაციო სასამართლომ და, ამდენად, მისი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (არც კერძო და არც საკასაციო წესით).
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არის დაუშვებელი და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ტ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.