Facebook Twitter

¹ 3კ-623-03 9 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. მ.-მ 1999წ. 18 ნოემბერს ი. შ.-ის რწმუნებულ გ. შ.-ისაგან 16000 აშშ დოლარად შეიძინა ქ. თბილისში, ... მდებარე 22-ე ბინა გამოსყიდვის უფლებით 6 თვის ვადით. მოსარჩელის თანხმობით, მოპასუხეს და მის ოჯახის წევრებს რამდენიმე თვე შეეძლოთ ეცხოვრათ აღნიშნულ ბინაში.

ა. მ.-მა სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს გ. შ.-ის მიმართ, ბინის განთავისუფლების მოთხოვნით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილებით ა. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გ. შ.-ე მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლდა თბილისში მდებარე ... სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999წ. 18 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მოპასუხეს 6 თვეში შეეძლო გამოესყიდა ბინა, რაც დათქმულ ვადაში არ შესრულდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.-ი, როგორც ბინის მესაკუთრე ვერ ახორციელებს თავის უფლებას ისარგებლოს ნაყიდი ნივთით, მითუმეტეს, რომ მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, ამიტომ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი.

გ. შ.-მ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით გ. შ.-ე გამოსახლდა თბილისში მდებარე ... ბინიდან, რომლის ფართობი შეადგენს 69 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ ცნო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ მიიჩნია სესხის ხელშეკრულების დასაფარავად დადებულ ხელშეკრულებად; სკ-ს 170-ე მუხლის შესაბამისად, დააკმაყოფილა მოსარჩელის სარჩელი მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ა. მ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მან სარჩელით მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება მის მიერ მითითებული მისამართზე მდებარე ¹22-ე ბინიდან. სააპელაციო სასამართლოს მიერ კი გ. შ.-ე გამოსახლებულ იქნა ბინიდან, რომლის ფართობია 69 კვ.მ. მის მიერ დაზუსტებული არ ყოფილა, თუ რამდენი კვ.მ-იდან უნდა გამოსახლებულიყვნენ მოპასუხეები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 3 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 4 თებერვალს განხილულ იქნა გ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი, რაც სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ აპელანტის მოსაზრება ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე დასაბუთებული არ არის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ საქმეზე შეგებებული სარჩელი შეტანილი არ ყოფილა, ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია ბინის 48 კვ.მ-ზე, ხოლო განხორციელებული მიშენების გათვალისწინებით 134 კვ.მ-ზე, ამიტომ გამოსახლება უნდა მოხდეს 48 კვ.მ-იდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ განხორციელებული მიშენება და ძირითადი ფართი წარმოადგენს ზიანის არსებითად შემადგენელ ნაწილს, ხოლო ვინაიდან ბინა ირიცხება კ. მ.-ზე და მისი მოთხოვნა გამოიხატება მოპასუხის ბინიდან გამოსახლებაში, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

გ. შ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებაა, რაც დასტურდება იმით, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ფართი არ შეესაბამება ბინის რეალურ ფართს. ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებული ბინის ფართი არ შეესაბამება მის რეალურ ღირებულებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნივთის დაბრუნება უკანონო მფლობელობიდან. დადგენილია, რომ სადავო ნივთი – ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა ირიცხება ა. მ.-ის სახელზე. ა. მ.-მ ბინაზე საკუთრების უფლება შეიძინა ი. შ.-სთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1999წ. 18 ნოემბერს.

სკ-ს 170-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. აღნიშნული მუხლი ა. მ.-ს აღჭურავს უფლებით მისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს მის მიერ შეძენილი ქონება. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ნივთის მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გ. შ.-ის და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინის ფლობის მართლზომიერებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამიტომ ა. მ.-ის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული ნივთის უკანონო მფლობელობიდან დაბრუნების თაობაზე გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელშეკრულებით ა. მ.-მ შეიძინა 48კვ.მ ფართის ბინა, რეალურად კი ბინაზე წარმოებულია მიშენებები და მისი ფართი შეადგენს 134 კვ.მ-ს, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ა. მ.-ის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად. სკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბინაზე წარმოებული მიშენებები წარმოადგენს ბინის არსებით შემადგენელ ნაწილს და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს ცალკე უფლების ობიექტად. ამიტომ ავთანდილ მ.-ის საკუთრების უფლება ბინაზე ვრცელდება მასზე წარმოებულ მიშენებებზეც.

ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეთა შორის თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების არსებობა. უფრო მეტიც, მხარეს აღნიშნული საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნაც კი არ დაუყენებია კანონით დადგენილი წესით. ამიტომ მითითებული არგუმენტი გამოყენებული ვერ იქნება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.