¹3კ-624-03 3 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ტ-ი მუშაობდა სს “ე-ში” ინსპექტორის თანამდებობაზე. სს “ე-ის” დასავლეთ რეგიონის დირექტორის ვ. ჯ-ას 2001წ. 15 ივნისის ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. ვ. ტ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “ე-ის” დასავლეთ რეგიონის მენეჯერ ვ. ჯ-ას მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ მან განცხადება სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ დაწერა ადმინისტრაციის იძულების შედეგად; მას არ ჩააბარეს სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება, არც შრომის წიგნაკი და არც საბოლოო ანგარიში გაუსწორეს.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ვ. ტ-ის სარჩელი მოპასუხე სს “ე-ის” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ტ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ვ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი: უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ შკკ-ს 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის საფუძველზე ვ. ტ-თან შრომის ხელშეკრულება მისი ინიციატივით შეწყდა. საქმეში წარმოდგენილია მის მიერ 2001წ. 15 ივნისს დაწერილი განცხადება ადმინისტრაციისადმი სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ. საქმის მასალებით არ არის დასაბუთებული, რომ მას ეს განცხადება ადმინისტრაციამ იძულებით დააწერინა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ტ-მა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ დარღვეულ იქნა შკკ-ს 32-ე მუხლის მოთხოვნები, რომლითაც გათვალისწინებულია მუშაკის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის წესი. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას მან თარიღი არ დაუსვა, ადმინისტრაციამ იგი 2001წ. მარტში აიძულა დაეწერა ეს განცხადება, მაგრამ სასამართლომ ამის თაობაზე საერთოდ არ იმსჯელა. მის განცხადებაში არ არის კონკრეტულად აღნიშნული, რომ თანახმა იყო განცხადების შეტანიდან გათავისუფლებაზე ორი კვირის გასვლამდე. ასეთ პირობებში კი ადმინისტრაციას არ ჰქონდა უფლება, გამოეცა ბრძანება 2001წ. 15 ივნისს მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ვ. ტ-ი სს “ე-ის” დასავლეთ რეგიონის დირექტორ ვ. ჯ-ას 2001წ. 15 ივნისის ბრძანებით განთავისუფლდა “ს-ის” ბ. ც. ინსპექტორის თანამდებობიდან. შკკ-ს 30-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირადი განცხადების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია ვ. ტ-ის განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელშიც მითითებული არ არის მისი დაწერის თარიღი;, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვ. ტ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ იგი ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 2001წ. მარტში ე.ი. 2001წ. 15 ივნისამდე აიძულა დაეწერა ეს განცხადება; საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ვ. ტ-ის მიერ დაწერილ სამუშაოდან განთავისუფლების განცხადებაზე 2001წ. 15 ივნისს ბიზნესცენტრის დირექტორს შესრულებული აქვს თანხმობის თაობაზე რეზოლუცია. ასევე პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაცია არ იყო უფლებამოსილი 2001წ. 15 ივნისს გამოეცა ბრძანება პირადი განცხადების საფუძველზე კასატორის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, რადგან მის განცხადებაში კონკრეტულად არ არის აღნიშნული, რომ იგი თანახმა იყო განცხადების შეტანიდან 2 კვირის გასვლამდე გათავისუფლებაზე და შკკ-ს 32-ე მუხლის დარღვევით იქნა იგი სამუშაოდან გათავისუფლებული.
შკკ-ს 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტში მითითებულია, რომ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა მუშაკის ან ადმინისტრაციის ინიციატივით. იმავე კოდექსის 32-ე მუხლი კი არეგულირებს განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტას მუშაკის ინიციატივით. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ მუშაკს უფლება აქვს მოითხოვოს ადმინისტრაციისაგან შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა, რის შესახებაც მან ორი კვირით ადრე წერილობით უნდა გააფრთხილოს ადმინისტრაცია. საპატიო მიზეზით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტისას ადმინისტრაცია წერილობით სამი დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული. ამ ვადის გასვლის შემდეგ მუშაკს უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა და შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) ძალადაკარგულად ჩაითვლება. ადმინისტრაცია მოვალეა მუშაკს საბოლოო ანგარიში გაუსწოროს და დაუბრუნოს მას შრომის წიგნაკი. იმავე მუხლის მეორე ნაწილი კი მიუთითებს იმაზე, რომ მუშაკისა და ადმინისტრაციის შეთანხმებით შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) შეიძლება მოიშალოს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადების გასვლამდეც. ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძველზე წარმოშობილი დავა განიხილება სასამართლოს მიერ.
ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული ვადების გასვლამდე მუშაკის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში თარიღის მითითების სავალდებულობას მის პირად განცხადებაში, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. ტ-ის სამუშაოდან დათხოვნისას ადმინისტრაციას არ დაურღვევია 32-ე მუხლი, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 დეკემბრის განჩინება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.