Facebook Twitter

¹ 3კ-625-03 23 ივლისი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ვალის დაბრუნება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 4 იანვარს დ. გ.-მ და ნ. ბ.-მ ე. ხ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 2000წ. 3 ოქტომბერს ც. ი.-ს ასესხეს 12800 აშშ დოლარი, რის გამოც უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ე. ხ.-ის სახლი.

ც. ი.-ი გარდაიცვალა 2001წ. ოქტომბერში, მისი საკუთრება მემკვიდრეობით მიიღო მისმა მეუღლე ე. ხ.-მ.

მოსარჩელემ მოითხოვა ე. ხ.-ის მიერ ვალის – 12800 აშშ დოლარის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და ვალის ანაზღაურება შესაბამისი პროცენტის გათვალისწინებით.

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, მაგრამ ეჭვის ქვეშ დააყენა იპოთეკის ხელშეკრულებაზე ი.-ის მიერ შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა და მოითხოვა მისი ნამდვილობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ჩატარება.

სასამართლო პროცესზე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულება იმ დროისათვის გულისხმობდა იპოთეკის ხელშეკრულებასაც. სესხი აიღო ე. ხ.-ის მეუღლემ და ამ სესხს მასთან არანაირი შეხება არა აქვს. მისთვის სესხის ხელშეკრულების დადების თაობაზე არაფერი ყოფილა ცნობილი და არც არსებობს მინდობილობა, რომლის საფუძველზეც მისმა მეუღლემ იპოთეკით დატვირთა სახლი.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს, 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 8048 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების გადასახდელად აუქციონზე სარეალიზაციოდ იქნა მიქცეული იპოთეკით დატვირთული სახლი.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მართალია, სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით გაფორმდა 12800 აშშ დოლარზე, მაგრამ რეალურად სესხად გადაეცა მხოლოდ 8000 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხა წარმოადგენდა 6 თვის პროცენტს ყოველთვიურად 10%-ის ოდენობით.

რაიონულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სარჩელის წარდგენის დროისათვის პროცენტის სახით მოვალეს 2,4%-ის გათვალისწინებით გადასახდელი ჰქონდა 3648 აშშ დოლარი, გადახდილი კი იყო სულ, 3600 აშშ დოლარი. რაიონულმა სასამართლომ ასევე, დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილი იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის განჩინებით ე. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2000წ. 3 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით დ. გ.-მ და ნ. ბ.-მ ც. ი.-ს ასესხეს თანხა 6 თვის ვადით. თანხის ოდენობა ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა 12800 აშშ დოლარის შესაბამისი ლარით, მაგრამ საქმის განმხილველმა პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ფაქტიურად სესხად გადაცემული თანხა შეადგენდა 8000 აშშ დოლარს, ხოლო 4800 აშშ დოლარი შეადგენდა 6 თვის სარგებელს თითოეულ თვეზე 800 აშშ დოლარის ოდენობით (10%). რაიონულმა სასამართლომ სკ-ს 625-ე მუხლის შესაბამისად, ჩათვალა, რომ მხარეთა შეთანხმება სარგებლის სახით 10%-ის ოდენობით არაკანონიერი იყო და სარგებლის ოდენობად განსაზღვრა 2,4%, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი.-ს ვალი არ გადაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას არ გადაუცია მინდობილობა მეუღლისათვის სახლის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე.

2003წ. 8 აპრილს ე. ხ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

სკ-ს 289-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულება კი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

საქმეში არ არსებობს ე. ხ.-ის მინდობილობა სახლის იპოთეკით დატვირთვის შესახებ. იპოთეკა გაფორმებულია მესაკუთრის ნებართვის გარეშე და ამიტომ, იგი დადების მომენტიდან ბათილია.

კასატორს ასევე, უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის ერთადერთ მემკვიდრედ მისი მიჩნევის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება 8000 აშშ დოლარზე და იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილია. ასევე, დადგენილია, რომ მოვალე ც. ი.-ის სამკვიდრო ქონება, სამკვიდროს გახსნის დღიდან მიიღო მისმა მეუღლე ე. ხ.-მა.

საფუძველს მოკლებულია კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულება არ არის ნამდვილი.

საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოს იპოთეკის ხელშეკრულება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში არასწორია. საქმეში წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ ... მდებარე სახლთმფლობელობა, რომელიც ირიცხება ე. ხ.-ზე 17.09. 2000წ. მინდობილობით ც. ი.-ის მიერ 3.X.2000წ. ¹138 იპოთეკის ხელშეკრულებით არის დატვირთული. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სახლთმფლობელობას ყადაღა ადევს.

სკ-ს 289-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. რეგისტრაცია ხდება დადგენილი წესის მიხედვით უძრავი ნივთის მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთების წარდგენით. მათში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე, მესამე პირი, ასევე, უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე, სარგებელი და შესრულების ვადა, მაგრამ სკ-ს 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც.

მოცემულ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია წარმომადგენლის მეშვეობით მესაკუთრის მინდობილობის საფუძველზე, აქედან გამომდინარე, იპოთეკის რეგისტრაცია მოხდა უძრავი ნივთის მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთების წარდგენით. ამასთან, სკ-ს 1515-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალილებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ მუხლისათვის დაკისრებული ფუნქციები, რეგისტრაციის მონაცემების საჯაროობის უზრუნველყოფა, უნდა განახორციელონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია მესაკუთრის მინდობილობის საფუძველზე და სათანადო წესითაა რეგისტრირებული, ნამდვილია. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იპოთეკის ხელშეკრულება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და იგი ვერ გახდება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

მართალია, საქმეს არ ერთვის მინდობილობა, რომლის საფუძველზეც გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, მაგრამ მინდობილობის არსებობა ეჭვს არ იწვევს, ვინაიდან 2000წ. 17 სექტემბრის ¹111 მინდობილობის არსებობა დაფიქსირებულია, როგორც იპოთეკის ხელშეკრულებაში, ისე იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის თაობაზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემულ ცნობაში.

სკ-ს 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

ვინაიდან დადგენილია, რომ სამკვიდრო მიიღო მამკვიდრებლის მეუღლემ ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, იგი ვალდებულია მთლიანად დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორის ინტერესები.

სკ-ს 1485-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება სამკვიდროს.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეს არ დაუმტკიცებია, რომ მამკვიდრებლის ვალი აღემატება მის მიერ დატოვებულ სამკვიდროს, სასამართლომ მთლიანი ვალის გადახდა სწორად დააკისრა მოვალის მემკვიდრეს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 5 თებერვლის განჩინება.

ე. ხ.-ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 654 ლარი, რომელიც ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე, კოდი ¹59.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.