საქმე # 330100123006832967
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №737აპ-23 ქ. თბილისი
ე–ი გ., 737აპ-23 20 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ. ე–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათის, ძალადობის ხერხისა და ინტენსივობის მხედველობაში მიღებით.
2. მსჯავრდებულ გ. ე–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ც–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განაჩენით გ. ე–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ე–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე.
გ. ე–ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2022 წლის 14 ნოემბრიდან - 2023 წლის 14 მარტის ჩათვლით.
გაუქმდა მსჯავრდებულ გ. ე–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. ე–ს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ე–მა ჩაიდინა: გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ.
გ. ე–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგით:
- გ. ე–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი მას ქალი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს, მოიქცეს მისთვის სასურველად, არ შეეპასუხოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, როგორც მას სურს. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ.თ–ში, მ–ს მე-.. მ/რ-ის, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში, გ. ე–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ. ე–ს, კერძოდ: სახეში დაარტყა ხელი, შემდეგ თმით ითრია, დააგდო ძირს და ურტყამდა ზურგის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მანვე, ამავე დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს ნ. ე–ს, კერძოდ: მუშტი ჩაარტყა მხარში და ფეხი ჩაარტყა ზურგში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- გ. ე–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი მას ქალი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს, მოიქცეს მისთვის სასურველად, არ შეეპასუხოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, როგორც მას სურს. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ.თ–ში, მ–ს მე-.. მ/რ-ის, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში, გ. ე–ი მეუღლეს - ნ. ე–ს და - არასრულწლოვან შვილს, ნ. ე–ს, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- გ. ე–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ, ვინაიდან არის მამაკაცი მას ქალი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს, მოიქცეს მისთვის სასურველად, არ შეეპასუხოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, როგორც მას სურს. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ქ.თ–ში, მ–ს მე-.. მ/რ-ის, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში, გ. ე–სმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ნ. ე–ს, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე მარცხენა მხარზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. ე–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ გ. ე–სს შეუფარდეს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, ჩაეთვალა პირობით. საკასაციო პალატის აზრით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ე–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ჩადენილი დანაშაულების აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა) და დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით) გარემოებები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მან თავისი ოჯახის წევრების, მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩაიდინა დანაშაულები, რაც ძალადობის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედებების განხორციელების სახე და ხერხი (მეუღლის მიმართ სახეში ხელის დარტყმა და თმის მოქაჩვა, ხოლო შვილის მიმართ მხარში მუშტისა და ზურგში ფეხის ჩარტყმა, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა), გ. ე–ს ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულები დაეშინებინა, დაერღვია მათი სიმშვიდე და მყუდროება, მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი), მისი პირადი და ეკონომიკური პირობები (დასაქმებულია, აქვს მუდმივი შემოსავლის წყარო, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, ხასიათდება დადებითად), დაზარალებულთა პოზიცია (დაზარალებულებს გ. ე–ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და მის მიმართ ითხოვეს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება), გ. ე–ს კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ისე შეუფარდეს სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. ამიტომ არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი