¹3კ-628-03 12 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ქორწინების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-ი 1990 წელს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ვ. წ-თან. ქორწინების შეწყვეტის გარეშე ნ. მ-მა 1995წ. 25 ოქტომბერს მეორედ იქორწინა დ. ჟ-თან, რომელთანაც ერთად ცხოვრების პერიოდში, 19...... წელს შეეძინა შვილი ლ. ჟ-ი.
ნ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჟ-ის და ი. ხ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, თანამესაკუთრედ ცნობისა და ბინიდან გამოსახლების შესახებ. დ. ჟ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ქორწინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მასზე დაქორწინებისას ნ. მ-ი უკვე იმყოფებოდა ქორწინების რეგისტრაციაში ვ. წ-თან.
2000წ. განჩინებით დავა ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გამოეყო ცალკე წარმოებად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-სა და ვ. წ-ს შორის ქორწინება ცნობილ იქნა ბათილად. სასამართლომ დაადგინა, რომ ქორწინება ატარებდა ფიქტიურ ხასიათს – ნ. მ-ი ვ. წ-ს ცოლად გაჰყვა თბილისში ჩაწერის მიზნით და მათ შორის არ ყოფილა ნამდვილი საქორწინო ურთიერთობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ჟ-ის სარჩელი, ნ. მ-თან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორის განმარტებით მოპასუხის მიერ პირველი ქორწინების ბათილად ცნობა მოხდა მისი სარჩელის განხილვის პერიოდში და აღნიშნული ქორწინების ბათილად ცნობის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა შეექმნა სასარჩელო განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1143-ე მუხლის II ნაწილი და ქორწინება ნამდვილად ცნო რეგისტრაციის მომენტიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ. ჟ-ისა და მ-ის ქორწინებამდე, ეს უკანასკნელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. წ-თან. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქორწინება დ. ჟ-სა და ნ. მ-ს შორის ბათილად იქნა ცნობილი.
ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან იგი კანონიერ ძალაშია და მისი გადასინჯვის შესაძლებლობა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გარდა წარმოების განახლების კანონიერი საფუძვლებისა, გათვალისწინებული არ არის.
სკ-ს 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან.
სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება სკ-ს 1143-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის II ნაწილის მიხედვით, თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად.
განსახილველ შემთხვევაში საქმის განხილვის მომენტისათვის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის გამო არ არსებობს ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი.
სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინაბა საბოლოოა და არ გასაჩივრდება.