¹3კ-629-03 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: საავტორო ჰონორარის გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოებამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაეკისროს ....... სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრს 153343 ლარი და 63 თეთრის გადახდა მათ სასარგებლოდ შემდეგ გარემოებათა გამო: 1999წ. 1 ოქტომბერს მათსა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება (ლიცენზია), რომლითაც განისაზღვრა ნაწარმოებების გამოყენებასთან დაკავშირებული მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები, რომლის თანახმად ........ სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი ვალდებული იყო საავტორო გასამრჯელოს დარიცხული თანხები გადაერიცხა საზოგადოების ანგარიშზე, ხოლო შეთანხმების 3.4. პუნქტით დაწესებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოსარგებლეს უნდა გადაეხადა საზოგადოებისათვის თითოეულ გადაცილებულ დღეზე 1%-ის ოდენობით საურავი.
მოპასუხე ........ სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: ურთიერთობა მხრეებს შორის დაიწყო 1999წ. 1 ოქტომბრიდან და საავტორო ჰონორარებიც აქედან უნდა იყოს მოთხოვილი, მოსარჩელეს არასწორად აქვს გამოანგარიშებული თეატრის დავალიანების რეალური ოდენობა. მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ ავტორთა სიაში, რომელთა ინტერესებსაც მოსარჩელეები წარმოადგენენ, ოთხ პირს არა აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული მოსარჩელესთან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მოპასუხე ........ სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 26742 ლარისა და 13 თეთრის გადახდა. სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 1999 წელს კავშირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული იქნა საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოება და მას მიენიჭა ავტორთა და მომიჯნავე უფლებათა მფლობელობის ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის უფლებამოსილება. კოტე ........ სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი იყენებს იმ ავტორთა ნაწარმოებებს, რომელთა გამოყენებისათვისაც საავტორო გასამრჯელოს ითხოვს მოსარჩელე. 1999წ. 1 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ნაწარმოებების გამოყენებასთან დაკავშირებული მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები ანგარიშსწორების ფურცლის მიხედვით, რომელიც მიღებული და ხელმოწერილი აქვს მოსარგებლე ...... სახელობის თეატრს მისი დავალიანება შეადგენს 20398 ლარს.
გარდა ამისა, თეატრის დავალიანება გამოყენებული ნაწარმოების გადაუხდელი საავტორო გასამრჯელოს სახით მოსარჩელისათვის საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტოსაგან დოკუმენტაციის მიღების დროისათვის შეადგენდა 6571 ლარს ე.ი. სულ 26969 ლარი. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნულ თანხას გამოაკლო იმ ავტორების გასამრჯელოები, რომლებსაც მოსარჩელესთან ხელშეკრულებები არ ჰქონია დადებული და არ შეუძენია მათგან მათი ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის უფლებები. მათი საავტორო გასამრჯელო შეადგენს 1227 ლარს.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოებამ 1227 ლარის გადახდაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად განმარტა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული მუხლი არ ზღუდავს მათ გაუნაწილოს და გადაუხადოს ჰონორარები იმ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს, რომლებმაც არ გადასცეს ორგანიზაციას ჰონორარების შეგროვებასთან დაკავშირებული უფლებები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის წარდგენილი ანგარიშსწორების ფურცლებში შეტანილია ის ავტორებიც, რომელთანაც მოსარჩელეს ხელშეკრულებები არ ჰქონია დადებული და არ შეუძენია მათგან მათი ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის უფლება. ამ ავტორების (ჩ-ე, გ-ი, ზ-ე, ჯ-ი, ყ-ა, ჩ-ი) სავტორო გასამრჯელო შეადგენს 1227 ლარს.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შესახებ არამც თუ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრტენზია, კასატორი თვითონ ადასტურებს ამ გარემოებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში, პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ რადგან დასახელებულ ავტორებს არ გაუფორმებიათ ხელშეკრულება მოსარჩელესთან ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ, ამდენად მოსარჩელე უფლებამოსილი არ არის მათი სახელით მოითხოვოს საავტორო ჰონორარი მოპასუხისაგან. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, პალატა თვლის, რომ იმ ავტორებს რომლებსაც არ გადაუციათ ორგანიზაციისათვის ჰონორარების შეგროვებასთან დაკავშირებული უფლებები, შეუძლიათ მოითხოვონ ორგანიზაციის ჰონორარის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსარგებლემ გადაუხადა მათ უკვე ასეთი ავტორის ჰონორარი. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარგებლეს არავითარი ჰონორარი არ გადაუხდია ორგანიზაციისათვის ამ ავტორების ნაწარმოებებზე.
პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიაში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.