Facebook Twitter

¹ 3კ-630-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: მამად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. გ-ს 1995წ. 1 სექტემბერს შეეძინა შვილი გ. გ-ი.

2001წ. აპრილში მ. გ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ხ. ლ-ას მიმართ მამად ცნობის შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა რომ 1994წ. ნოემბრიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა ხ. ლ-ასთან. მასთან ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილი – გ., დაბადებული 19... წელის 1 სექტემბერს.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ 1994წ. ნოემბრიდან 1995წ. აგვისტოს ჩათვლით მხარეები ცხოვრობდნენ ქ.თბილისში ... და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ლ-ამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით ხ. ლ-ა ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ყალბია მოსარჩელი მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 1190-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დაუქორწინებელი მშობლისგან შვილის წარმოშობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით მ. გ-ი ორსულობასთან დაკავშირებით აყვანილი იყო აღრიცხვაზე, როგორც ქ.თბილისში ... დროებით მცხოვრები.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული ¹292765 მოწმობის საფუძველზე გ. ლ-ა, დაბადებული 19....წ. 1 სექტემბერს, მცხოვრები ზემოაღნიშნულ მისამართზე იღებდა სხვადასხვა სახის დახმარებას.

მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ მხარეები მ. გ-ის ორსულობის პერიოდში იყოფებოდნენ არარეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.

ხ. ლ-ას მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებულია, რომ მისთვის ცნობილი იყო მ. გ-ის ორსულობის შესახებ, მაგრამ მითითებული აქვს რომ მას არ სურდა ბავშვის გაჩენა.

კასატორმა ვერ დაამტკიცა საქმეში წარმოდგენილ საბუთებში დაფიქსირებული ფაქტის – ორსულობის პერიოდში მ.გ-ის ქ.თბილისში ... ცხოვრების სიყალბე.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ხ. ლ-ას მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.