გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-631-03 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: დისციპლინური სასჯელის გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. კ-ი 2001წ. 10 იანვრის შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდა შპს “კ.-ს.” (ყოფილი შპს “ყ.-კ.”) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერად.
2001წ. 29 ნოემბერს თ. კ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების წესით მისი განხილვა და მოპასუხეზე 4400 აშშ დოლარის დაკისრება იმ მოტივით, რომ შპს “კ.-ს.” 2001წ. ივნისიდან არ მიუღია კუთვნილი ანაზღაურება.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის გადახდის ბრძანებით შპს “კ.-ს.” დაევალა ბრძანების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ვალის პროცენტიანად და ხარჯებიანად გადახდა, თუ იგი აღძრულ პრეტენზიას მართებულად მიიჩნევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე ვადაში დაევალა სასამართლოში წერილობითი შესაგებლის (პროტესტის) შემოტანა.
2001წ. 21 დეკემბრის შესაგებლით შპს “კ.-ს.” მოითხოვა დავა გადაზრდილიყო სასარჩელო წარმოებაში, ვინაიდან არ ეთანხმება გადახდის ბრძანებით გათვალისწინებულ თანხის გადახდას, როგორც საფუძველს მოკლებულს. მოპასუხემ მიუთითა, რომ მუშაობის პერიოდში შრომის დისციპლინის დარღვევისათვის, რაც გამოიხატა გენერალური დირექციის დირექტივების შეუსრულებლობასა და სისტემატურ გაცდენაში, 2001წ. 20 ივნისის ¹162-კ ბრძანებით გამოეცხადა საყვედური, 2001წ. 17 ივლისის ¹177-კ ბრძანებით – სასტიკი საყვედური, ხოლო 2001წ. 15 აგვისტოს ¹189-კ ბრძანებით შეწყდა 2002წ. 10 იანვარს დადებული კონტრაქტი და თ.კ-ი დათხოვილ იქნა დაკავებული თანამდებობიდან გენერალური დირექციის დირექტივების შეუსრულებლობის, საზოგადოებისათვის ზიანის მიყენებისა და სამუშაოს სისტემატური გაცდენის მიზეზით. მოპასუხემ აღნიშნა, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოკრულ იქნა თავლსაჩინო ადგილას; შრომის კანონთა კოდექსი არ ავალდებულებს ადმინისტრაციას მუშა-მოსამსახურეს გაუგზავნოს ბრძანების ასლი. ამასთან, აღნიშნული დაკავშირებულია თუნდაც მინიმალურ ხარჯებთან. თ.კ-ისათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა და ბრძანებების გაცნობა ვერ მოხერხდა მის მიერ სამსახურის ხშირი გაცდენის გამო.
2002წ. 21 იანვარს თ.კ-მა სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების, საყვედურისა და სასტიკი საყვედურის გამოცხადების ბრძანებების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანებების გამოცემისას დარღვეულ იქნა შკკ-ს 136-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მისთვის არათუ წერილობითი ახსნა-განმარტება არ მოუთხოვიათ, არამედ არც კი უცნობებიათ იმის შესახებ, რომ გენერალურ დირექტორს მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია გააჩნდა; მისთვის არ გამოუცხადებიათ არცერთი ბრძანება ხელმოწერის ჩამორთმევით. დარღვეულია შრომითი კონტრაქტის 8.04 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ მხარეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ამის შესახებ.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 მარტის განჩინებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასამართლოს წარმოებაში არსებული ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს “კ.-ს.” გენერალური დირექტორის 2001წ. 20 ივნისის ¹162-კ, 17 ივლისის ¹171-კ და 15 აგვისტოს ¹189-კ ბრძანებები თ. კ-ის მიმართ ადმინისტრაციული სასჯელების დადებისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თ. კ-ი აღდგენილ იქნა შპს “კ.-ს.” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე. განისაზღვრა მისთვის 2001წ. 8 ივნისიდან 15 აგვისტომდე მიუღებელი ხელფასისა და უკანონოდ დათხოვნის გამო 2001წ. 15 აგვისტოდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “კ.-ს.” წარმომადგენელმა კ.ა-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. განისაზღვრა თ.კ-ისათვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 2001წ. 8 ივნისიდან 15 აგვისტომდე. დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა სასამართლოში მიმართვის შკკ-ს 204-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა. რაც შეეხება ხელფასს, პალატამ მიუთითა, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულება იმისა, რომ ივლისისა და აგვისტოს 15-მდე ნამუშევარი ხელფასი თ. კ-ს აუნაზღაურდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც თ. კ-მა, ისე შპს “კ.-ს.” წარმომადგენელმა კ. ა-მა.
კასატორმა თ. კ-მა თავისი საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: 1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია 2001წ. 17 ივლისისა და 15 აგვისტოს მიღებული ბრძანებების მიღება შკკ-ს 135-ე და 34-ე მუხლების დაცვით, ვინაიდან ბრძანების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა ბრძანების გამოცემიდან 5 თვის შემდეგ; 2. დათხოვნის ბრძანებას საფუძვლად უდევს შკკ-ს 135-ე მუხლის “დ” ქეპუნქტი, რომელიც ამოღებულია.
კასატორ შპს “კ.-ს.” წარმომადგენელმა კ. ა-მა საქმის განხილვის პროცესში მოხსნა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების საფუძვლები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2001წ. 10 იანვარს შპს “კ.-ს.” დირექტორს და თ. კ-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც კომპანია თ.კ-ს ქირაობდა სამი თვის ვადით. კონტრაქტის ვადის ამოწურვისას ხელშეკრულება გრძელდებოდა განუსაზღვრელი ვადით, თუ არცერთ მხარეს არ ექნებოდა სურვილი მისი გაუქმებისა. კონტრაქტით კასატორის ხელფასი განისაზღვრა 800 დოლარის ოდენობით.
ასევე დადგენილია, რომ 2001წ. 20 ივნისს თ.კ-ს გამოეცხადა საყვედური, სისტემატური გაცდენისა და გენერალური დირექციის დირექტივების შეუსრულებლობის გამო. 2001წ. 17 ივლისს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ხოლო 2001წ. 15 აგვისტოს დათხოვნილ იქნა სამსახურიდან შკკ-ს 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
თ.კ-ი სარჩელით ითხოვდა ზემოთ მითითებული ბრძანებების გაუქმებას, ხელფასის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რაც დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრძანებების გაუქმების ნაწილში და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე, რომ საერთოდ არ უმსჯელია, თუ რის საფუძველზე დატოვა ძალაში შპს “კ.-ს.” გენერალური დირექტორის 2001წ. 20 ივნისის და ამავეწ. 17 ივლისის ბრძანებები.
ამასთან, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, თუ რაში გამოიხატა თ. კ-ის მიერ შკკ-ს 204-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამიტომ საქმე ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.