გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-632-03 26 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ხ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1983 წელს სსრკ ვაჭრობის სამინისტროს მიერ მოსარჩელე დანიშნულ იქნა ჭიათურის აგრარული ბაზრის ..., სადაც მუშაობდა 1991 წლამდე. 1987 წ. 19 მაისის ¹301 დადგენილებით საქართველოში არსებული ყველა საკოლმეურნეო ბაზარი და მათ შორის ჭიათურის ბაზარი საკუთრებაში გადაეცა სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალურ კავშირს. 1993 წ. 18 ივნისს ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტროს ბაზრების რესპუბლიკურ სამმართველოსა და ჭიათურის აგრარული ბაზრის კოლექტივს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ჭიათურის ბაზრის ამხანაგობამ ღია კენჭისყრით ... წლის ვადით ... აირჩია ნ. ხ-ე. ბაზარი 2002 წლისათვის გადაეცა ჭიათურის რაიკოოპერატივს 2001 წელს ხ-ემ მიიღო ოფიციალური წერილი ცეკავშირიდან, რომ იმყოფებოდა ორმაგ დაქვემდებარებაში და საიჯარო ქირაც ორმაგად უნდა გადაეხადა. 2002 წელს ჭიათურის რაიკოოპერატივის გამგეობამ პროფკომიტეტთან ერთად მიიღო ერთობლივი დადგენილება ნ.ხ-ის განთავისუფლების შესახებ. მოსარჩელის განთავისუფლების ერთ-ერთი პირობა იყო 2002წ. 1 აპრილიდან საიჯარო ქირის გადაუხდელობა, მაშინ, როცა კოოპერატივს მაისში გაეგზავნა საიჯარო ქირა, რომელიც არ იქნა მიღებული მოპასუხის მიერ. განთავისუფლების საფუძველი გახდა აგრეთვე ის, რომ ხ-ემ არ დაუშვა რაიკოოპერატივის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე აგრარული ბაზრის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შესამოწმებლად და არ წარადგინა აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემები. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საიჯარო ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, მეიჯარემ უნდა დაიცვას მოიჯარის უფლებები და არ ჩაერიოს მის სამეურნეო, საფინანსო და ოპერატიულ საქმიანობაში. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა ეწინააღმდეგება სკ-ს 581-591-ე მუხლებს.
მოსარჩელემ მოითხოვა წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა უკანონოდ მოშლილი იჯარის ხელშეკრულების აღდგენა, გაზრდილი გადასახადის საიჯარო ქირის ანგარიშში ჩათვლა და იჯარის ხელშეკრულების განსაზღვრული ვადის, რომელიც მოიცავს 2002წ. 18 ივნისს, იმ ვადით გაგრძელება, რომლის განმავლობაშიც იძულებით ჩამოერთვათ უფლება-მოვალეობათა განხორციელების შესაძლებლობა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ. ხ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საააპელაციო პალატის 2002წ. 7 აპრილის გადაწყვტეილებით დაკმაყოფილდა ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 დეკემბრის გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ნ.ი ხ-ის სარჩელი. აღდგენილ იქნა ჭიათურის რაიკოოპერატივსა და ჭიათურის აგრარულ ბაზარს შორის არსებული იჯარის ხელშეკრულება: იჯარის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა მისი შეწყვეტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აგრარული ბაზრის მიერ ჭიათურის რაიკოპერატივისათვის 2002წ. 1 აპრილამდე გადახდილი თანხა კანონით დადგენილი წესით ჩაითვალა საიჯარო ქირის ანგარიშში. მოსარჩელე აღდგენილ იქნა ჭიათურის აგრარული ბაზრის ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი _ 1944 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1993წ. 18 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტროს ბაზრების რესპუბლიკურ სამმართველოსა და ჭიათურის აგრარულ ბაზარს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით. 1996წ. 16 სექტემბერს იჯარის ხელშეკრულება გაგრძელდა ხუთი წლის ვადით _ 2003წ. 18 ივნისამდე. ცეკავშირის 2001წ. 26 მარტის დადგენილებით ჭიათურის აგრარული ბაზარი გადაეცა ჭიათურის რაიკოოპერატივს. 2001წ. 6 აპრილის აქტით მოხდა ბაზრის ქონების გადაბარება რაიკოოპერატივისათვის. ამ აქტის მიხედვით ცნობილ იქნა საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია 2003წ. 18 ივნისამდე.
იჯარის ხელშეკრულების 3.3. პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქირა განისაზღვრა იჯარით გაცემული ქონების საბალანსო ღირებულების 6%-ის ოდენობით ყოველწლიურად, თანაბარზომიერად _ კვარტლების მიხედვით.
ჭიათურის რაიკოოპერატივის 2001წ. 29 ივნისის დადგენილებიდან ირკვევა, რომ რაიკოოპერატივის გამგეობის 2001წ. 7 მაისის სხდომის ოქმის დადგენილების საფუძველზე ჭიათურის აგრარულ სავაჭრო ბაზარს სამართლებრივი ფორმის მინიჭებამდე _ 2001წ. აპრილიდან ჭიათურის რაიკოოპერატივში ჩასარიცხად დაწესებული ჰქონდა ყოველთვიურად გადასახადი 300 ლარი, ხოლო 2001წ. 25 მაისს ჭიათურის სასამართლომ ბაზრის რეგისტრაცია გააუქმა და ამავეწ. 25 ივნისს ქონება დაუმკვიდრდა ჭიათურის რაიკოოპერატივს. აღნიშნულის გამო, 2001წ. პირველი ივნისიდან ჭიათურის აგრარულ ბაზარს იჯარის თანხების ხელახლა გადაანგარიშებამდე დაუწესდა ყოველთვიური გადასახადი _ 600 ლარი _ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნით.
ჭიათურის რაიკოოპერატივის გამგეობისა და რაიკოოპერატივის პროფკომიტეტის 2002წ. 5 აგვისტოს დადგენილებით ბაზარს ქირა არ გადაუხდია 2002წ. 1 აპრილიდან, რის გამოც შეწყდა იჯარის ხელშეკრულება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კოოპერატივის გამგეობის დადგენილების მიხედვით, ბაზარს ქირა არ გადაუხდია 2002წ. 1 აპრილიდან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან 2002წ. მეორე კვარტლის ქირა არ მიიღო მოპასუხემ.
სკ-ს 561-ე მუხლის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოიჯარე ჭიათურის ბაზარი არ ყოფილა გაფრთხილებული სამი თვით ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
იჯარის ხელშეკრულების 3.3 პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქირა განისაზღვრა იჯარით გაცემული ქონების საბალანსო ღირებულების 6% ოდენობით ყოველწლიურად, რაც ყოველ თვეზე გადაანგარიშებით შეადგენს 120 ლარს.
პალატა მიუთითებს, რომ ბაზრის მიერ 2002წ. 1 აპრილამდე გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის ანგარიშში და აღდგეს იჯარის ხელშეკრულება. რამდენადაც ხელშეკრულების მოშლა გამოწვეულია ჭიათურის რაიკოოპერატივის ბრალით, იჯარის ხელშეკრულების ვადა უნდა გაგრძელდეს იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც ჩამოერთვა საიჯარო ქონება ჭიათურის ბაზარს და განისაზღვრება ხელშეკრულების შეწყვეტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დროის მონაკვეთით.
პალატა მიუთითებს, რომ ნ.ხ-ე იყო არჩეული ..., ამიტომ მისი განთავისუფლების უფლება ჰქონდა იმ ორგანოს, რომელმაც აირჩია. იგი არჩეული იყო საიჯარო ბაზრის ამხანაგობის მიერ 1998წ. 16 სექტემბერს 5 წლით. პალატამ მიიჩნია, რომ შკკ-ს 207-ე მუხლის მიხედვით ნ.ხ-ეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი ხელფასი 1944 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხის აღიარება სასამართლო სხდომაზე, რომ მოიჯარესაგან მიღებული ჰქონდა გაფრთხილებები და თვითონ შეწყვიტა ხელშეკრულება. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი და მისი ადვოკატის აღიარება, რომ თავიდანვე უკანონოდ იყო დანიშნული აღნიშნულ თანამდებობაზე. კასატორი უთითებს, რომ წინააღმდეგობრივია გადაწყვეტილება, სადაც სასამართლო ავითარებს აზრს, რომ მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა გადაეხადა გაზრდილი საიჯარო ქირა – შეესრულებინა აღებული ვალდებულება და იმავდროულად ცდილობს დაამტკიცოს, რომ მოიჯარე არ იყო ვალდებული, გადაეხადა გაზრდილი საიჯარო ქირა და გამგეობის 2001 წ. 29 ივნისის დადგენილების საფუძველზე ისე ჩაუთვალა გაზრდილი საიჯარო ქირა წინასწარ გადახდილად მომავალი გადახდის ანგარიშში, რომ არც მხარეს უთხოვია და არც თვითონ უცვნია ბათილად ზემოთ ხსენებული დადგენილება.
წინააღმდეგობრივია პალატის შეფასება, რომელიც ეხება ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს. სასამართლო ერთ შემთხვევაში მიუთითებს, რომ მათ მიერ მოიჯარის მიმართ გაკეთებული განცხადება-გაფრთხილება არ წარმოადგენს გაფრთხილებას და მეორე შემთხვევაში გაფრთხილების მიცემიდან იწყებს ხელშეკრულების ვადის ათვლას და მიუთითებს, რომ მოპასუხე ვერ ჩაეტია ხელშეკრულების შეწყვეტის ვადაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 405-ე მუხლი და არასწორად არ გამოიყენა ეს მუხლი სააპელაციო პალატამ.
სააპელაციო პალატა გასცდა მხარეთა მოთხოვნებს, როდესაც უკანონოდ ცნო მეპაიეთა სიიდან ნ. ხ-ის გარიცხვა. უფრო მეტიც, დაეყრდნო მხოლოდ 1993წ. საიჯარო დებულებას და საიჯარო ამხანაგობა ცნო იურიდიულ პირად ისე, რომ არ შეუმოწმებია, არის თუ არა კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული როგორც იურიდიული პირი. სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის წევრები არ დაობენ, მოსარჩელეს, როგორც ამხანაგობის წევრს, ჰქონდა უფლება შეეტანა საჩივარი.
კასატორი მიუთითებს, რომ გაუმართლებლად მიაჩნია აპელანტის დაკმაყოფილება თანამდებობაზე აღდგენით, სახელფასო დავალიანების დაფარვით, რადგან მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით საიჯარო ბაზრის ... თანამდებობა არჩევითია და მისივე სასამართლო აღიარებით მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე რაიკოოპერატივის მიერ უკანონო იყო და მისი განთავისუფლებაც უკანონოა. მართალია, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბაზრის .... თანამდებობა საიჯარო ამხანაგობის საშტატო ერთეულს განეკუთვნება და მისი .... ყოფნის საკითხიც დამოკიდებულია მთავარ მოთხოვნაზე – საიჯარო ხელშეკრულების არსებობაზე, მაგრამ სასამართლომ ვერც სამოტივაციო და ვერც სარეზოლუციო ნაწილით ვერ მიუთითა, რის საფუძველზე აღადგინა თანამდებობაზე ნ.ხ-ე _ საიჯარო ხელშეკრულების აღდგენით, მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2002 წ. 5 აგვისტოს დადგენილების გაუქმებით, თუ რაიკოოპერატივის ¹18 განკარგულების გაუქმებით.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა. ამასთან, კასატორმა განაცხადა, რომ თუ იჯარის ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელდება, მორიგების შემთხვევაში ის თანახმაა მოსარჩელეს გადაუხადოს მის მიერ მოთხოვნილი 1944 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მის მიერ მიღებული დასკვნები არ გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იჯარის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა მისი შეწყვეტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რამდენადაც ხელშეკრულების მოშლა გამოწვეულია ჭიათურის კოოპერატივის ბრალით, იჯარის ხელშეკრულების ვადა უნდა გაგრძელდეს იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც ჩამოერთვა საიჯარო ქონება ჭიათურის ბაზარს და განისაზღვრება ხელშეკრულების შეწყვეტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დროის მონაკვეთით.
სკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში არ არის მითითებული კანონი, რომლის საფუძველზეც სასამართლო აგრძელებს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულ ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მოთხოვნაზე უარი ეთქვას მხარეს, ვინაიდან ვერც მოსარჩელე და ვერც სააპელაციო სასამართლო ვერ მიუთითებენ მოთხოვნის დაკმაყოფილების იურიდიულ საფუძველს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე განაცხადა უარი ხელშეკრულებაზე.
სკ-ს 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სკ-ს 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება შეწყდა უსაფუძვლოდ, სკ-ს 561-ე მუხლით დადგენილი სამთვიანი ვადის დარღვევით.
პალატა თვლის, რომ განაცდურის ანაზღაურება უნდა დაეკისროს იმ ორგანიზაციას, რომლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობას მიეკუთვნება სამსახურიდან განთავისუფლებული მუშაკის თანამდებობა. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ საიჯარო ბაზარი არის იურიდიული პირი. მისი მითითებით, მოიჯარეს უფლება აქვს, მეიჯარისაგან დამოუკიდებლად აწარმოოს სამეურნეო საფინანსო საქმიანობა თავისი შეხედულებების მიხედვით, ხოლო ჭიათურის რაიკოოპერატივის გამგეობას უფლება არ ჰქონდა გაეთავისუფლებინა ნ.ხ-ე.
შესაბამისად ნ.ხ-ეს არა აქვს უფლება, შკკ-ს 207-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ნ. ხ-ის მოთხოვნა შეიძლება იურიდიულად შეფასდეს ხელშეკრულებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნად.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ნ. ხ-ეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სააპელაციო სასამართლოში მის მიერ მოთხოვნილი 1944 ლარი.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მას პრეტენზიები არ გააჩნია.
ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების ვადა ამოწურულია, იჯარის ხელშეკრულების აღდგენისა და მასთან დაკავშირებული სხვა შედეგების დადგომის მოთხოვნა საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ჭიათურის რაიკოოპერატივის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ჭიათურის რაიკოოპერატივს ნ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1944 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში ნ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.