საქმე # 120100120004033280
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№672აპ-23 ქ. თბილისი
კ–ე თ., 672აპ-23 2 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი ნ. კ–ს განმარტებით, მამას მასზე არ უძალადია, საპირისპიროს მტკიცება გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, კერძოდ: მოწმე ნ. გ–მ დაადასტურა, რომ ნასვამმა თ. კ–მ 8 წლის ნ. კ–ს მოუჭირა ყელში ხელი და ტანსაცმლით აწია ჰაერში; მოწმე თ. ბ–ს ჩვენების მიხედვით, იგი შეესწრო, როგორ უკრძალავდა ბავშვისათვის ხელის დაკარებას ნ. გ–სე თ. კ–ს, რომელიც, თავის მხრივ, იმეორებდა, რომ თავის შვილს, როგორც უნდოდა, ისე მოექცეოდა; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მოწმე ნ. გ–მ მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილზე; ალკოტესტის ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს თ. კ–ს დაუდგინდა სიმთვრალე, ხოლო ,,112-ში“ შეტყობინებით დასტურდება, რომ ნ. გ–მ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, მიმართა პოლიციას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. კ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ბ–ს რაიონის დაბა ა–ში მდებარე თ. კ–ს საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა თ. კ–მ თავის არასრულწლოვან შვილს – ნ. კ–ს, რომელიც იჯდა სკამზე, მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა კისერში და აწია ჰაერში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თ. კ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, თ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგელო შრომა – 300 საათით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგელო შრომა – 280 საათით.
5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენი გაუქმდა და თ. კ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც, თითქოსდა, ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა თ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა; თავად თ. კ–მ ბავშვზე ძალადობის ფაქტი არ დაადასტურა; დაზარალებული ბავშვის ბებიის, მოწმე თ. ბ–ს, ჩვენების მიხედვით, მისმა ნასვამმა სიძემ, თ. კ–მ, ყელზე ხელი მოუჭირა მის შვილიშვილს – ნ. კ–ს, რომელიც მაგიდასთან იჯდა და ტანსაცმლით აწია ჰაერში, თუმცა თავად ნ. კ–ს მტკიცებით, ჭამის დროს მამამ უბრალოდ ხელი დაადო კისერზე, რა დროსაც ტკივილი არ განუცდია, ასევე – თავად წამოდგა ფეხზე, თუმცა ბებიას მოეჩვენა, რომ მამა მასზე ძალადობდა; მოწმეებმა: თ. ლ–მ – თ. კ–ს მეუღლემ და ც. კ–მ – თ. კ–ს დედამ, სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; ერთი მხრივ, თეიმურაზ და ნ. კ–ების, ხოლო, მეორე მხრივ, თ. ბ–ს ურთიერთსაპირისპირო განმარტებების პირობებში, ბავშვზე შესაძლო ძალადობის საქმეზე, დაზარალებულის სხეულსა და ტანსაცმელზე არსებული დაზიანებების გამოსავლენად, მეტად საინტერესო იქნებოდა სამედიცინო და ტრასოლოგური ექსპერტიზების დასკვნები, რომლებიც საქმეზე არ ჩატარებულა, ხოლო სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებიდან – მოწმე თ. ბ–ს ჩვენება, რომელიც შეესწრო, როგორ ეჩხუბებოდა ნ. გ–ე თ. კ–ს, რომელიც, თავის მხრივ, იმეორებდა, რომ თავის შვილს, როგორც უნდოდა, ისე მოექცეოდა, ვერ დაედება საფუძვლად თ. კ–ს მსჯავრდებას, რადგან ხსენებული მოწმე ბრალად შერაცხულ კონკრეტულ ქმედებას არ შესწრებია და ვინმეს ბრალეულობის დასადასტურებლად ან უარსაყოფად ვერ გამოდგება; ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ დაზარალებულმა ნ. კ–მ ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა, რომ სადავოდ გამხდარი შემთხვევის დროს ტკივილი განიცადა, რაც ბრალად შერაცხული ქმედების – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა – სავალდებულო ნიშანია, ურომლისოდაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ არის გამოკვეთილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით უტყუარად ვერ დაადასტურა თ. კ–ს ბრალეულობა.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები – ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება –უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01//2015 წლის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-2).
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი