¹3კ-634-03 9 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ფართზე სარგებლობის უფლების მინიჭება და სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 4 თებერვალს ც. ვ-მა და ი. შ-მა ხ. ვ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ისინი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობენ ქ. გურჯაანში, ..... მდებარე ¹53 სახლში. მითითებულ სახლს ისინი სხვადასხვა მიზეზების გამო თვლიდნენ თავიანთ საკუთრებად, რის გამოც სახლში ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები (სადავო სახლი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ხ. ვ-ის საკუთრებას წარმოადგენს და ც. ვ-ი და ი. შ-ი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულნი არიან ამ სახლიდან).
მოსარჩელეემა მოითხოვეს ამ სახლზე სარგებლობის უფლების მოპოვებულად ცნობა და სარემონტო ხარჯების ანაზღაურება.
მოსარჩელეებმა 2002წ. 20 მარტს დამატებითი სარჩელით მიმართეს სასამართლოს. ამჯერად მათ მოითხოვეს ბინიდან მათი გამოსახლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, სადავო ფართზე მოსარგებლეებად ცნობა და სარემონტო სამუშაოების ღირებულების – 6623 ლარის ანაზღაურება.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა და მათმა წარმომადგენელმა პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს.
იმავე სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა, მაგრამ 2002წ. 24 დეკემბერს იმავე სასამართლომ კვლავ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო.
ი. შ-მა და ც. ვ-მა მითითებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანეს სააპელაციო საჩივარი. მათ აღნიშნეს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი იყო ცუდი მეტეოროლოგიური პირობები, რის თაობაზეც გააჩნდათ სათანადო მტკიცებულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა გამოუცხადებლობა საპატიოდ ვერ იქნებოდა ცნობილი. მართალია, აპელანტებს წარმოდგენილი ჰქონდათ ცნობა იმის შესახებ, რომ 2002წ. 24 დეკემბერს უამინდობის გამო ჩაიშალა თელავი-გურჯაანი-წნორი-ლაგოდეხის სვლაგეზით მოძრავი სამარშრუტო ავტობუსების მოძრაობა, მაგრამ აღნიშნული ცნობა ვერ გახდებოდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან მარშრუტი კიდევაც რომ შემდგარიყო, იგი განრიგით დანიშნულებისამებრ უნდა ჩასულიყო 11 საათზე. რადგან სასამართლო სხდომა 11 საათზე იყო დანიშნული, ცხადია, აპელანტები მაინც დააგვიანებდნენ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და მათ წინააღმდეგ გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სათანადო თადარიგი უნდა დაეჭირათ, რათა ისინი დროულად გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარეც გურჯაანიდან ჩამოვიდა ლაგოდეხში, მაგრამ მათ არ დაუგვიანებიათ სასამართლო სხდომაზე.
2003წ. 8 აპრილს ი. შ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მის მიერ წარმოდგენილ ცნობას 2002წ. 24 დეკემბერს სასამართლოში გამოუცხადებლობის თაობაზე და არასწორად არ მიიჩნია 2002წ. 24 დეკემბერს, 11 საათზე, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ, რაც სსკ-ს 241-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენს.
კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 394-ე მუხლის “ზ” პუნქტის მოთხოვნა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსამართლე ნასარიძეს ადრე უკვე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ამ საქმის განხილვაში (30.05.2002წ. განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე) და განმეორებით მონაწილეობის მიღების უფლება მას არ გააჩნდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორები ცხოვრობენ გურჯაანის რაიონში. სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2002წ. 24 დეკემბერს, 11 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სასამართლოში. სხდომა დაიწყო 11 საათსა და 20 წუთზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 11 საათსა და 50 წუთზე.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ უამინდობის გამო 2002წ. 24 დეკემბერს თელავი-გურჯაანი-წნორი-ლაგოდეხის სვლაგეზით მიმავალი ავტომანქანა ლაგოდეხის რაიონში არ შესულა და მარშრუტი ჩაიშალა.
სსკ-ს 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს არასწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქმეში წარმოდგენილი ცნობის შესაბამისად (მარშრუტის ჩაშლის მიზეზების შესახებ) აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზის არა საპატიოდ მიჩნევის თაობაზე.
წარმოდგენილ ცნობაში მკაფიოდ არის მითითებული იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა გურჯაანის რაიონიდან ლაგოდეხში რაიონში ავტობუსის ჩაუსვლელობა. ასეთ გარემოებად დასახელებულია უამინდობა. ასეთ ვითარებაში სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიოდ მიეჩნია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში გამოუცხადებლობა განაპირობა უამინდობამ, სატრანსპორტო საშუალების მიმოსვლის შეწყვეტამ, რაც მხარისათვის იმ დაუძლეველ მოვლენას წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის (სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის).
საკასაციო სასამართლოს ასევე არასწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემულ საქმეზე მაინც დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოვიდოდა, თუნდაც ავტობუსი ლაგოდეხის რაიონში დროულად ჩასულიყო, ვინაიდან სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 11 საათზე, ხოლო ავტობუსის ლაგოდეხის რაიონის სადგურში მისვლის დრო ასევე 11 საათი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო სხდომა, რომელზეც მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დაიწყო არა 11 საათზე, როგორც ეს მხარისთვის გაგზავნილ უწყებაში იყო აღნიშნული, არამედ 11 საათსა და 20 წუთზე და გრძელდებოდა 11 საათსა და 50 წუთამდე.
აქედან გამომდინარე, რომ არ ჩაშლილიყო მითითებული სვლაგეზით ავტობუსის მოძრაობა, მოსარჩელეებს თავისუფლად შეეძლოთ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულიყვნენ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ, რადგან მოწინააღმდეგე მხარე გურჯაანის რაიონიდან დროულად ჩავიდა ლაგოდეხის რაიონში, თითქოს ეს გარემოება ქმნის იმის პირობას, რომ მოსარჩელეების მსგავსად მოპასუხესაც საშუალება ჰქონდა, სასამართლო პროცესზე დროულად გამოცხადებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მოსაზრება მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესახებ არ ეყრდნობა არავითარ მტკიცებულებას. საქმეში არსებული სხდომის ოქმის შესაბამისად, 2002წ. 24 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) საერთოდ არ გამოცხადებულა. გამოცხადდა მხოლოდ მისი (მოპასუხის) წარმომადგენელი. მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოცხადება არ შეიძლება კრიტერიუმად იქცეს მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის მიზეზის განსაზღვრისათვის, ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენელს, მოსარჩელეებისგან განსხვავებით, ინდივიდუალურად შეეძლო გადაეწყვიტა მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადების საკითხი (2002წ. 24 დეკემბერს ლაგოდეხის რაიონში სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო არ იყო მოპასუხის წარმომადგენელი აუცილებლად გურჯაანის რაიონიდან გამგზავრებულიყო 2002წ. 24 დეკემბერს. მას უფლება ჰქონდა ლაგოდეხის რაიონში მითითებული თუ სხვა საკითხების გადაწყვეტის მიზნით გამგზავრებულიყო რამდენიმე დღით ადრეც).
სსკ-ს 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართალია, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა ყოველთვის იწვევს მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, ან უკვე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სს-ს 241-ე და 233-ე მუხლების შესაბამისად, დაუძლეველი ძალა და სხვა მოვლენები, რომელთაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამგვარი გარემოების გამო ვერ მოხერხდა სასამართლო პროცესზე მოსარჩელეთა გამოცხადება, რაც სააპელაციო სასამართლოს საპატიოდ უნდა ჩაეთვალა და გაეუქმებინა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 241-ე და 233-ე მუხლების (სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები) მოთხოვნები, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის საფუძველია და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონის დარღვევით გამოტანაზე მიუთითებს.
მართალია, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მხრივ სსკ-ს 241-ე და 233-ე მუხლების არასწორმა განმარტებამ გამოიწვია მოცემულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინება და საქმე შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.