გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-638-03 11 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. ხ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1998წ. 23 ივლისს შეიძინა საცხოვრებელი სახლი ქუთაისში. მის საკუთრებად აღირიცხა სახლის გამოყოფილი ნაწილიდან 6/8 ნაწილი ანუ მთლიანად მის საკუთრებაში ირიცხება 191,92 მ2 საცხოვრებელი და არასტანდარტული ფართი, ამავე მისამართზე ცხოვრობს ნანი კ-ი, რომელსაც სახლის ერთ გამოყოფილი ნაწილიდან საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი, 190,69 მ2 მეტრის ოდენობით.
მოსარჩელემ მოითხოვა სკ-ს თანახმად მხარეთა საერთო საკუთრებაში არსებული სადარბაზოზე, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გათვალისწინებით მხარეთა წილის განსაზღვრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ჯ. ხ-ეს საერთო სარგებლობის სადარბაზოში განესაზღვრა მისი კუთვნილი წილი 4.09 მ2 ხოლო ნანი კ-ს 8.93 მ2 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ხ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება. აპელანტი მიუთითებდა, რომ ექსპერტმა რეალურად არ აზომა მხარეთა საკუთრებაში არსებული ფართი. იგი დაეყრდნო საქმეში არსებულ არასრულ დოკუმენტაციას. ექსპერტს არ შეუმოწმებია, თუ რა ოდენობის ფართს ფლობენ მხარეები სინამდვილეში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.
პალატა მიუთითებს, რომ ექსპერტის დასკვნით დადასტურებულია, რომ საცხოვრებელ სახლში დღევანდელი მდგომარეობით ნ. კ-ი ფლობს საერთო ფართს 289,92 კვ. მეტრს, ხოლო ჯ. ხ-ე 136,95 კვ. მეტრს. კუთვნილი ფართის მიხედვით ჯ. ხ-ეს შეიძლება იდეალურად მიეკუთვნოს სადარბაზოს ნაწილი 4,09 კვ.მ ხოლო ნ. კ-ს 8,93 კვ. მეტრი.
სკ-ს 212-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად ბინის მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით მთელ ფართობთან. აღნიშნულის გამო სააპელაციო პალატა თვლის, რომ საერთო სადარბაზოს ფართიდან 13.02 კვ.მ ნ. კ-ს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის მიხედვით ინდივიდუალურ წილად ეკუთვნის 8,93 კვ.მ, ხოლო ჯ. ხ-ეს 4,09 კვ.მ მეტრი.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ხ-ემ. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ქუთაისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2002წ. 12 სექტემბრის ცნობა და ამ ცნობაზე სპეციალურად გამოკითხული ტექბიუროს მთავარი ინჟინრის ო. ს-ის განმარტებები. ექსპერტმა არ განახორციელა რეალურად არსებული ფართის აზომვა.
კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ აღმოიფხვრას დავა უფლების გაურკვევლობის შესახებ. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხეს არ ეკისრება განახორციელოს რაიმე ქმედება. აღიარებითი სარჩელი მიმართულია უშუალოდ არა მხარის ნებაზე, არამედ მის წარმოდგენაზე, ამა თუ იმ ურთიერთობის შესახებ და არ მოითხოვს მისგან რაიმე ქმედების განხორციელებას.
დაინტერესებულ პირებად სამოქალაქო საპროცესო სამართლის თვალსაზრისით ითვლებიან ის პირები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი უფლება დარღვეულია ან სადავოდ არის გამხდარი. ინტერესი არის არა მხოლოდ ადამიანის ცნობიერების შედეგი, არამედ საზოგადოებაში რაელურად არსებული მოვლენა, რომელიც აუცილებელია გათვალისწინებული იყოს.
მოცემულ საქმეში წარმოდგენილი სარჩელი წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, შესაბამისად სასამართლოს უნდა გაერკვია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი.
სკ-ს 212-ე მუხლის თანახმად, ბინის მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან.
აღნიშნული ნორმის არსებობა დაკავშირებულია სკ-ს მესამე კარის მეოთხე თავის სხვა ნორმებთან. კერძოდ:
სკ-ს 217-ე მუხლი განამტკიცებს ბინის მესაკუთრეთა გაერთიანების დაუშლელობის პრინციპს. მესაკუთრეს არა აქვს უფლება მოითხოვოს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დაშლა.
სკ-ს 218-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საერთო საკუთრების სხვაგვარი გამოყენებისათვის ყოველ ბინის მესაკუთრეს უნდა მიეცეს შესაბამისი წილი 212-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით. ამავე კოდექსის 219-ე მუხლით განმტკიცებულია ბინის მესაკუთრეთა მოვალეობანი, რომელთა დაცვა არის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ფუნქციონირების აუცილებელი პირობა. აღნიშნული ნორმის აუცილებელი დაცვის პირობებში ბინის მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს 218-ე მუხლის მეორე ნაწილით გარანტირებული უფლებით. სკ-ს 212-ე მუხლის გამოყენება უკავშირდება ასევე სკ-ს 220-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით უნდა დაადგინოს სასამართლომ უფლების არსებობის აღიარების იურიდიული ინტერესი.
სსკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაფასოს ექსპერტის დასკვნა თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათს ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას.
სააპელაციო სასამართლო უთითებს იმ გარემოებებზე, რაც ექსპერტიზის დასკვნით არის დადგენილი, მაგრამ არ არკვევს რამდენად დასაბუთებულად არის აღნიშნული გარემოებები დადგენილი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი და ასეთის არსებობის შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (ტექბიუროს ცნობები, ექსპერტის დასკვნა და სხვა) ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვით დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ შესაბამისი იურიდიული შეფასებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.