Facebook Twitter

¹ 3კ-641-03 25 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე,

კასატორის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. ივლისში შ. მ.-მ სარჩელით მიმართა თერჯოლის რაიონული სასამართლოს მ. ც.-ის მიმართ და მოითხოვა მასსა და მოპასუხის საერთო სარგებლობაში არსებული ბილიკის გახსნა, რომელიც ამ უკანასკნელს თვითნებურად აქვს ჩაკეტილი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბილიკი მას საკუთრებაში გადაეცა მიწის პრივატიზაციის შედეგად, ხოლო მოსარჩელეს თავის ნაკვეთამდე მისასვლელად შეუძლია ისარგებლოს სოფლის ცენტრალური გზით.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ. ც.-ს დაევალა ჩაკეტილი ბილიკის გახსნა, აღდგენა და სოფლის ¹403-ე და 407-ე, 766-ე და 768-ე მიწის ნაკვეთებს შორის გავლებული ღობის აღება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც.-მ. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, რაც შემდეგ გარემოებებს დააფუძნა: სადავო სავალი ბილიკი ადრე წარმოადგენდა სოფლის კოლმეურნეობის კუთვნილებას, ხოლო 1992 წლიდან ჩატარებული მიწის რეფორმის შედეგად საკუთრებაში გადაეცა მას. შ. მ.-ს თავის მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად აქვს საერთო სარგებლობის გზა და ამდენად, ადრე არსებული ბილიკის აღდგენა არ წარმოადგენს აუცილებლობას, რაც ასევე დასტურდება თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის მოხსენებითი ბარათით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის განჩინებით მ. ც.-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოწმეთა ჩვენებებით იმ ადგილას სადავო ბილიკი ყოველთვის არსებობდა. მიწის საკადასტრო გეგმის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნაკვეთებს შორის გადის ბილიკი. ასევე, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატურის ნაკვეთების ერთობლივი საკადასტრო გეგმით დადგენილად ცნო, რომ მეზობლად განლაგებულ რამდენიმე ნაკვეთს შორის სადავო ბილიკი გეგმაზე არის დატანილი მთელ სიგრძეზე. ანალოგიურად არის ასახული სადავო ბილიკი მხარეთა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებში. პალატამ გამოიყენა საქართველოს კანონის “მიწის რეგისტრაციის შესახებ” მე-14 მუხლის მეორე ნაწილი, რომლის შესაბამისად საზღვრის დადგენის ერთადერთი იურიდიული საფუძველია სარეგისტრაციო ბარათებისა და სარეგისტრაციო რუქების მონაცემები, მიუხედავად იმისა, ადგილზე საზღვარი არსებობს თუ არა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეთა ნაკვეთებს შორის საზღვარი დარღვეულია, ბილიკი თვითნებურად გაუქმებულია მოპასუხის მიერ, მას უნდა დაევალოს ბილიკის გახსნა.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელიც მოითხოვს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ გ. გ.-ის, შ. მ.-ის და მ. ც.-ის მიწის ¹409-ე, 408-ე და 407-ე ნაკვეთები განლაგებულია ერთმანეთის თანმიმდევრობით, რომელთა მოპირდაპირედ მდებარეობს მოპასუხე მ. ც.-ის ¹403 მიწის ნაკვეთი. ეს უკანასკნელი წინამდებარე ნაკვეთებს უშუალოდ არ ესაზღვრება, რადგან მათ შორის გადის ბილიკი. ასევე, დადგენილია, რომ მხარეთა ნაკვეთებს შორის არსებული საზღვარი ამჟამად დარღვეულია, ხოლო ბილიკი თვითნებურად გაუქმებულია მოპასუხის მიერ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსათვის სავალდებულოა, რადგან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული და რომელიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, აღნიშნულზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.

საქართველოს კანონის “მიწის რეგისტრაციის შესახებ” მე-14 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საზღვრის დადგენის ერთადერთი იურიდიული საფუძველია სარეგისტრაციო ბარათებისა და სარეგისტრაციო რუქების მონაცემები, მიუხედავად იმისა ადგილზე საზღვარი არსებობს თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე საზღვარი დაზიანებული, მოშლილი ან დამახინჯებულია, მისი აღდგენა ხდება რეგისტრაციაში არსებული მონაცემების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო ბარათებითა და სარეგისტრაციო რუქების მონაცემებით სადავო ბილიკი დატანილია ¹768-ე, 766-ე, 409-ე, 407-ე მიწის ნაკვეთებსა და 403-ე ნაკვეთს შორის. ვინაიდან, ნაკვეთებს შორის არსებული საზღვარი ამჟამად დარღვეულია, ბილიკი თვითნებურად გაუქმებულია მოპასუხის მიერ, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ მართებულად დაავალა მოპასუხეს ღობის აღება და ბილიკის გახსნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა საფუძვლად არ უდევს გასაჩივრებულ განჩინებას, შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ც.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.