გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-642-03 27 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ტ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1999 წელს “... კომპანიამ” აწარმოა მილსადენის მშენებლობა, რის შედეგადაც წყლის არხი ამოივსო მიწით, ნაკვეთი დატბორა წყალმა და დააზიანა 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გაანადგურა მოსავალი, რის გამოც 1999 წლიდან მას მოსავალი აღარ მიუღია. მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 10000 ლარი, რაც მოსარჩელის მტკიცებით, სკ-ს 992-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის არსებითად განხილვა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო. იგი მიუთითებდა, რომ მილსადენის გაყვანასთან დაკავშირებით 1998-1999 წლებში სადავო მიწის ნაკვეთით საწარმომ ნამდვილად ისარგებლა, მათ შორის ლ. ტ-ის ნაკვეთის 33 მეტრის სიგრძის ზოლზე, რისთვისაც მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება და ხელშეკრულებით დადგენილი პირობა საწარმომ დაიცვა. მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად გასცა ხელშეკრულებით დადგენილი კომპენსაცია. მიწის ნაკვეთის მეპატრონეებმა, მათ შორის, ლ. ტ-ის აწ გარდაცვლილმა მეუღლემაც მხარეთა შორის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ ხელმოწერით დადასტურეს, რომ საწარმოსთან პრეტენზია არა აქვთ და მიღებული აქვთ კომპენსაციის თანხა. მიწის ნაკვეთის გვერდით ჩამავალ წყლის საწრეტი არხის მხრიდან დაზიანებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის თხოვნით, მათი ტექნიკით, 2002 წელს, მოახდინეს დასახელებული არხის ამოწმენდა, რითაც სოფლის მოსახლეობას დაეხმარნენ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის განჩინებით ლ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მას ზიანი მიადგა. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ მილსადენის გაყვანასთან დაკავშირებული ზიანის საკომპენსაციო თანხა მიიღო 1999წ. შემოდგომაზე და ამ დროს მას სადავოდ არ გაუხდია, არ მოუთხოვია საწარმოს მიზეზით მოსავლის მიუღებლობით დამდგარი ზიანის ანაზღაურება. 1999-2000-2001 წლებში მოსავლის აღებამდე, როდესაც ზიანის ფაქტის არსებობის დადგენისა და ოდენობის განსაზღვრისათვის ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები არსებობდა, ლ. ტ-ს აღნიშნულის შესახებ განცხადებით არც ერთხელ მიუმართავს სოფლის საკრებულოს, გამგეობის ან სხვა ორგანოსათვის.
კასატორი მიუთითებს, რომ მილსადენის კომპანიას სურს თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას და აცხადებს, რომ თითქოს 10 ლარი მოსარჩელის მეუღლეს გადაუხადა იმისათვის, რომ აღედგინა ჩახერგილი არხი. ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით კომპენსაცია იყო გაცემული მიწის დაზიანებისათვის და არა საწრეტი არხის დაზიანებისათვის.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ის 1999 წლიდან მიმართავდა, როგორც მოპასუხეს, ასევე სხვა ორგანოებს არხის აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
კასატორი მოითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება და დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა, რათა გამოირიცხოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სკ-ს 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისთვის საჭიროა არამართლზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სკ-ს 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სკ-ს 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ სანამ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები ფიზიკური პირები გახდებოდნენ, წყალსაწრეტის გაწმენდას სახელმწიფო აწარმოებდა, ხოლო შემდეგ წყალსაწრეტი არ გაწმენდილა, რაც წარმოადგენდა მისი უმოქმედობის მიზეზს.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მილსადენის გაყვანასთან დაკავშირებით, ზიანის საკომპენსაიო თანხა მოპასუხემ აიღო 1999წ. შემოდგომაზე და მას არ მოუთხოვია საწარმოს მიზეზით მოსავლის მიუღებლობით დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, რომლის შესაბამისად, კასატორის მეუღლეს აწ გარდაცვლილ ს. ტ-ს 1998-1999 წლებში მიღებული ჰქონდა ქონების დაზიანების საკომპენსაციო თანხა მშენებლობის შემდგომ მოსავლიანობის გაუარესებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული თანხის მიღებისას მოსარჩელე აცხადებდა, რომ მას არავითარი პრეტენზია არა აქვს. ამასთან მას სასამართლოში სარჩელის შეტანამდე არ მიუმართავს უშუალოდ მოპასუხისათვის (ამის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება), მიყენებული ზიანის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენენ დასაბუთებულ პრეტენზიას. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ წინასწარ იცოდა მოსარჩელისათვის მიყენებული მოსალოდნელი ზარალის შესახებ. ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მან ყველა ზომა მიიღო ზარალის თავიდან ასაცილებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.