Facebook Twitter

საქმე # 190100122005433978

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№747აპ-23 ქ. თბილისი

ნ–ე გ., 747აპ-23 19 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ–ს, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. კ–მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ნ–ს უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, უპირობოდ გაიზიარა დაზარალებულისა და მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე; კასატორის მტკიცებით, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რამეთუ გ. ნ–ს მსჯავრდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის წინააღმდეგობრივ განმარტებებსა და რამდენიმე მოწმის ირიბ ჩვენებას, რომლებიც ვერ ქმნიან გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო მტკიცებულებათა ერთობლიობას; კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ №1051აპ-21 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისაგან, რომლითაც განმარტებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

2. გ. ნ–ს მსჯავრდების ძალაში დატოვების შემთხვევაში, კასატორი, ალტერნატივის სახით, ითხოვს მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას ან/და სასჯელის შემცირებას, რადგან მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, გ. ნ–ს მიერ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის დაშვების შემთხვევაშიც კი არ დასტურდება არასრულწლოვნის თანდასწრებით დანაშაულის ჩადენა, რაც განზრახი ქმედებაა, როდესაც მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ ბავშვის წინაშე ძალადობს მისივე ოჯახის წევრზე და განზრახ აყენებს მას სერიოზულ ფსიქიკურ ტრავმას, ხოლო, მეორე მხრივ, შუამდგომლობს შეფარდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 200 საათამდე შემცირებას, ვინაიდან მსჯავრდებულის მეუღლე არის ფეხმძიმედ, ხოლო გ. ნ–ე არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რომლის შემოსავალი დამოკიდებულია მის მიერ გამომუშავებულ თანხაზე.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით, გ. ნ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 400 საათით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და, საბოლოოდ, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 225 საათით.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ნ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. ლ–ს რაიონის სოფელ ლ–ში მცხოვრები ზ. წ–ი 2011 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ნ–სთან, თუმცა სისტემატური უთანხმოების გამო, ისინი 6 წლის წინ გაშორდნენ ერთმანეთს. 2022 წლის 3 იანვარს, გ. ნ–ს თხოვნით, ზ. წ–მა მათი საერთო შვილი – 2012 წლის 5 ნოემბერს დაბადებული თ. ნ–ე – მიიყვანა მამასთან და დატოვა ორი დღით. 2022 წლის 5 იანვარს, თ. ნ–მ სთხოვა დედას წაეყვანა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. 2022 წლის 5 იანვარს, გვიან ღამით (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ. წ–ი ბავშვის წამოსაყვანად მივიდა ქ.რ–ში, თ–ს ქუჩის №..-ში მდებარე გ. ნ–ს საცხოვრებელ ბინასთან, სადაც ბავშვთან ერთად შეხვდა გ. ნ–სეს. იგი იყო აგრესიული, რადგან ზ. წ–მა ბავშვის წასაყვანად გვიან ღამით მიაკითხა, რის გამოც, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზეინაბ

წიწილაშვილს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ნ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ბ–მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ნ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. ნ–ს ბრალეულობა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულ ზ. წ–სა და მოწმეების – თ. ნ–ს, ნ. თ–სა და გ. ხ–ს ჩვენებებიდან, დანაშაულის შესახებ შეტყობინებიდან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან და საქმეში წარმოდგენილი სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

10. დაზარალებულ ზ. წ–ს ჩვენება, რომ შემთხვევის დღეს, ყოფილმა მეუღლემ თავში ჩაარტყა გაშლილი ხელი, რის გამოც, ინერციით ავტომანქანას მიენარცხა, არის დამაჯერებელი და დასტურდება საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით: დაზარალებულისა და მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილის, მოწმე თ. ნ–ს, ჩვენებით, რომელმაც დაინახა, როგორ დაარტყა სახეში ხელი გ. ნ–მ ზ. წ–ის და მიაჯახა იგი ავტომანქანას; დაზარალებულის მეგობრის, მოწმე ნ. თ–ს ჩვენებით, რომელიც ბავშვთან ერთად იჯდა ავტომანქანაში და, მიუხედავად იმისა, რომ არ დაუნახავს დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, გაიგონა ზ. წ–ს ავტომანქანაზე შეჯახების ხმა.

11. გ. ნ–ს მიერ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებაში – არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – ჩადენასთან მიმართებით, რასაც ასევე სადავოდ ხდის დაცვის მხარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: უტყუარად დადგენილია, რომ გ. ნ–სათვის მსჯავრად შერაცხულ ქმედებას – ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობას – შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, თ. ნ–ე, რომელმაც დაინახა, როგორ მიენარცხა გ. ნ–ს დარტყმის შემდეგ ზ. წ–ი ავტომანქანას, რომელშიც თავად იჯდა. ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის შემდეგ ბავშვი იყო აღელვებული და ტიროდა, რისი გათვალისწინებითაც, დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მსჯავრდებულს, რომელმაც თავად მიიყვანა შვილი შემთხვევის ადგილზე და დანამდვილებით იცოდა, რომ ზ. წ–ზე ფიზიკური ძალადობისას ბავშვი იქვე იყო, მსჯავრად შერაცხული დანაშაული მაკვალიფიციებელ გარემოებაში – არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ – არ ჩაუდენია, არ აქვს ფაქტობრივი გამართლება, რის გამოც, გ. ნ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის არის კანონიერი.

12. კასატორის მიერ საკასაციო საჩივრით ასევე სამსჯელოდ ქცეულ, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ნ–ს ლმობიერი სასჯელი განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და სასჯელის ზომის შემცირება, მისი მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის – უზრუნველსაყოფად მოცემულ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს (მათ შორის მტკიცებულებების უტყუარობასა და დამაჯერებლობასთან, ისევე, როგორც –მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან მიმართებით), რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ–ს, საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი