გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-644-03 3 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. ხ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: გ. და მ. ბ-ების მიმართ და აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, ..., საკუთრების უფლებით ერიცხება ს. ხ-ეს. მესაკუთრის მიერ საკუთრების შეძენის საფუძველი გახდა იძულებითი აუქციონი, რომელიც შედგა 2002წ. 29 მარტს.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, მოსარჩელემ მოითხოვა თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლება და ყოფილი მესაკუთრეების, მოპასუხეების – მ. და გ. ბ-ების გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ თავად შვილთან ერთად მეუღლის მამის სახლში ცხოვრობს და ბინა ესაჭიროება პირადი სარგებლობისათვის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ. და გ. ბ-ები მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.
გ. და მ. ბ-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 იანვრის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა შემდეგი: სკ-ს 170-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, ე.ი. მესაკუთრე თვითონ წყვეტს საკითხს ისარგებლოს თუ არა საკუთრების ობიექტით. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის უფლება კანონით დადგენილი წესით მოიპოვა მოსარჩელემ და მოპასუხეები ითვლებიან უკანონო მფლობელებად, რაც მათი ბინიდან გამოსახლების საფუძველს წარმოადგენს.
გ. და მ. ბ-ების წარმომადგენელმა ი. ჭ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება, რადგან სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია საკითხი იმის თაობაზე რჩებოდნენ თუ არა კასატორები დამქირავებლად სადავო საცხოვრებელ სახლში, იყვნენ თუ არა თანახმა გადაეხადათ საბაზრო პირობების შესაბამისი ბინის ქირა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, მოუსმინა გამოცხადებულ მხარეებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, ... საკუთრების უფლებით ირიცხება ს. ხ-ეზე. ამ უკანასკნელმა სადავო სახლი შეიძინა იძულებით აუქციონზე 2002წ. 29 მარტს.
ს. ხ-ემ 2002წ. 23 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების, ყოფილი მესაკუთრეების: მ. და გ. ბ-ების გამოსახლება თავის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან იმ საფუძვლით, რომ ცხოვრობს მეუღლის მამის სახლში და ბინა ესაჭიროება პირადი სარგებლობისათვის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 იანვრის განჩინებით კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია საკითხი იმის თაობაზე რჩებოდნენ თუ არა კასატორები დამქირავებლად სადავო საცხოვრებელ სახლში და იყვნენ თუ არა თანახმა გადაეხადათ საბაზრო პირობების შესაბამისი ბინის ქირა.
სკ-ს 303-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ან შენობის ნაწილში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას უფლება აქვს დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ბინის ქირა. ნორმის შინაარსის მიხედვით აღნიშნული მოვალის უფლებაა. უფლების სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, პირს შეუძლია ისარგებლოს ან არ ისარგებლოს ამ უფლებით. სასამართლო არ იყო მოვალე მხარეთა შეჯიბრითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოეკვლია აღნიშნული საკითხი მაშინ, როცა მხარეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში, არც სააპელაციო სასამართლოში არ გამოუთქვამს პრეტენზია აღნიშნული უფლებით სარგებლობის თაობაზე და სათანადო წესით არ დაუსვამს საკითხი სადავო სახლში დამქირავებლად დარჩენისა და ბინის ქირის გადახდის შესახებ.
სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების გაზრდა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ს 407-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. როგორც უკვე აღინიშნა, მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წამოყენებული მოთხოვნის არსებობა წინა ინსტანციის სასამართლოში საქმის მასალებით არ დასტურდება. ამავე მუხლის IV ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში დამატებითი საკასაციო პრეტენზია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მხრიდან წამოყენებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. და მ. ბ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.