Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-645-03 15 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული აივნის მოშლა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. შ-ემ, ნ. ხ-მა, ც. ჩ-ამ და გ. ბ-მა ზ. ნ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული აივნის მოშლა. სარჩელის საფუძვლად მიუთითეს შემდეგი გარემოება: მოპასუხემ საცხოვრებელი სახლის, ლოჯიების მხარეს, უნებართვოდ მიაშენა აივანი, რამაც დაამახინჯა სახლის იერსახე, შეიქმნა მიშენებული ფართის ჩამონგრევის საშიშროება, შეიზღუდა მხედველობის არე და ქუჩაში გამვლელებს შეექმნათ საფრთხე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი მოსაზრებით მიშენებული აივანი აკმაყოფილებს მშენებლის ყველა ნორმას და არავითარ საშიშროებას არ ქმნის.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, ნ-ის მიერ აივანი უნებართვოდაა აშენებული, მაგრამ მისი მცირე მოცულობის გამო არ იზღუდება მეზობლების საცხოვრებელი პირობები. იგი არანაირ საფრთხეს არ ქმნის, მისმა მოშლამ კი შეიძლება გამოიწვიოს ლოჯიის დაზიანება. აღნიშნული საქმე განხილული იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი.

მხარეები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები არიან. ზ. ნ-ემ ინდივიდუალური საკუთრების ობიექტზე მიაშენა 0,64 სმ. სიგანის და 4.13 სიგრძის არასაცხოვრებელი ფართი (აივანი).

სასამართლომ გაიზიარა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ექსპერტის დასკვნა და დაადგინა, რომ მიშენებული აივნით არ ირღვევა მოსარჩელეთა (მობინადრეთა) საცხოვრებელი ბინისათვის საამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ფანჯრიდან ფანჯარაში ჩაუხედაობა). მიშენებული აივანი არ უქმნის საშიშროებას კორპუსზე მიშენებული ლოჯიების მდგომარეობას და ფეხით მოსიარულეებს, სადავო აივანი მდგრადია და საცხოვრებელ შენობაზე ეზოს მხრიდან ფასადის იერსახეს არ არღვევს. მიშენებული აივნით ნაწილობივ იზღუდება მხედველობის არე, მაგრამ საამშენებლო ნორმებთან და წესდებით განსაზღვრული პირობით არ ირღვევა სადავო აივანი სადავო აივანი უნებართვოა, (არ არსებობს სათანადო ორგანოების თანხმობა), მაგრამ ამით გაუმართლებლად არის თუ არა შეცვლილი საცხოვრებელი სახლის გარეგანი სახე, არ დასტურდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური საკუთრების ობიექტზე არასაცხოვრებელი ფართის დამატებით არ ილახება საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება. სასამართლომ მიუთითა სკ-ს 208-ე და 211-ე მუხლებზე.

საკასაციო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 211-ე მუხლი პირველი ნაწილი, 219-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტი და 218-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო აივანი უკანონოა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 211-ე მუხლის პირველი ნაწილი. კერძოდ, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი არის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული ფართი, ასევე ამ ფართის ის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს ან დაემატოს ფართს ისე, რომ ამით გაუმართლდებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება ანდა არ შეიცვალოს შენობის გარეგნული სახე. აღნიშნული ნორმა იძლევა ინდივიდუალური საკუთრების საგნის განმარტებას, ე.ი. ბინის მესაკუთრეს ინდივიდუალური საკუთრება რა ფართობი შეიძლება იყოს. ნორმა მიუთითებს, რომ დამატებული ფართი (მიშენება) მაშინ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, თუ ამ მიშენებით გაუმართლებლად არ შეილახება საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებად დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება (ე.ი. არ უნდა დაირღვეს 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები ბინის მესაკუთრის მოვალეობების თაობაზე). ამ ნორმით ასევე მიშენებული ფართი იმ შემთხვევაში წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას თუ იგი არ ცვლის შენობის გარეგნულ იერსახეს. თუ მობინადრის მიერ წარმოშობილი მიშენება ამ პირობებს არღვევს, იგი (ფართობი) არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ინდივიდუალური საკუთრების ობიექტად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლით მიუთითა სკ-ს 208-ე და 211-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლში საკუთრების საგნის დეფინიციას იძლევა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა, არამარტო 211-ე მუხლი, არამედ 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, რადგან ბინის მესაკუთრე მოვალეა ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმდაგვარად გამოიყენოს ინდივიდალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეს მათ ზიანი. სასამართლომ დაადგინა, რომ უნებართვოდ მიშენებული აივნით ნაწილობრივ იზღუდება მობინადრეების (მოსარჩელეების) მხედველობის არე. ასეთ შემთხვევაში უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეთა უფლებები არ ილახება.

სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანი, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რაც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აღნიშნულ კანონდარღვევას საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების (საკუთრივ სარეზოლუციო ნაწილის) მიღება მოჰყვა და საქმის ფაქტობრივი გარემოებები კანონდარღვევის გარეშეა დადგენილი (კასატორს არ წამოუყენებია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ) საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დასაბუთებელია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ სადავო აივანი მოპასუხემ უნებართვოდ, შესაბამისი უწყების სათანადო ნებართვის გარეშე მიაშენა; ამასთან, უნებართვო მშენებლობა მობინადრეებს ნაწილობრივ უზღუდავს მხედველობის არეს, კანონი გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს. კერძოდ, სკ-ს 208-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 211-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ინდივიდუალური საკუთრების საგანს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელეები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები არიან, მათ უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილი.

განსახიველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს მოპასუხის მიერ 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვალეობის დარღვევაზე. ასეთ შემთხვევაში მესაკუთრეებს სკ-ს 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით უფლება აქვთ მოითხოვონ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს (მესაკუთრეებს) შეუძლია ხელის შემშლელს მოთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნა დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. აივანი, რომელიც ზ. ნ-ემ უნებართვოდ, თვითნებურად მიაშენა მის ინდივიდუალურ ფართს, მოშლილი უნდა იქნეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

მ. შ-ის, ნ. ხ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მ. შ-ის, ნ. ხ-ის, ც. ჩ-ას და გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ზ. ნ-ეს დაევალოს მის საცხოვრებელ ბინაზე უკანონოდ მიშენებული აივნის (3,90X0,70მ) მოშლა.

ზ. ნ-ის მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო ხარჯების, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 95 ლარს, ანაზღაურება გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.