გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-648-03 2 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე, ლ. გოჩელაშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს “ს.ე-ის” სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ს. ე-ს” შპს “ი-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 300266 ლარის და 90 თეთრის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებით 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
2002წ. 31 დეკემბერს სს “ს.ე-მა” განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა 2002წ. 8 მაისის სასამართლო პროცესზე განპირობებული იყო მოპასუხის ავადმყოფობით, რის შესახებაც მისთვის ცნობილი გახდა 2002წ. 11 დეკემბერს. აღნიშნული გარემოება მისთვის დროულად რომ ყოფილიყო ცნობილი სასამართლო არ მიიღებდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ამასთან სს “ს.ე-მა” 2003წ. 12 მარტს შეტანილი განცხადებით მოითხოვა 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვებული 2001წ. 31 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 მარტის განჩინებით განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
შეჩერდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება ამ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
კასატორმა ნ. ს-ამ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განჩინების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც შეჩერდა 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ არ მოსთხოვა მხარეს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გამო მიყენებული ზარალის შესაბამისი გარანტიების წარდგენა.
სს “ს.ე-მა” მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 19 მარტის განჩინების მთლიანად გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: მას მიაჩნია, რომ 2002წ. 8 მაისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო მოპასუხის ავადმყოფობით, რის შესახებაც მას გააჩნია ცნობა. ამიტომ, გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს. ამ ფაქტის არსებობა კი მისთვის ცნობილი გახდა 2002წ. 11 დეკემბერს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ სს “ს.ე-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვა დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე;
შ. პ-ი თვითონვე მონაწილეობდა 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე შეტანილი საჩივრის განხილვაში 2002წ. 26 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ავადმყოფობის თაობაზე არაფერი განუცხადებია სასამართლოსათვის. ამ გარემოებაზე არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია სს “ს.ე-ის” მეორე წარმომადგენელსაც, რომელიც ასევე ესწრებოდა 2002წ. 26 ივნისის სხდომას. ავადმყოფობის თაობაზე სს “ს.ე-ის” წარმომადგენლებს არც საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს 2002წ. 13 ნოემბერს არ განუცხადებიათ რაიმე. სს “ს.ე-ის” მიერ წარმოდგენილი ცნობა მისი წარმომადგენლის შ. პ-ის 2002წ. 8 მაისს ავადმყოფობის შესახებ დათარიღებულია 2002წ. 20 ნოემბრის თარიღით. ცხადია, ასეთი ცნობა არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და იგი საფუძვლად არ შეიძლება დაედოს მოცემულ საქმეზე მიღებულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სს “ს.ე-ის” განცხადება საქმის წარმოებით განახლების შესახებ.
რაც შეეხება ნ. ს-ას საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განჩინების იმ ნაწილის გაუქმების შესახებ, რომლითაც შეჩერდა 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როცა არ დაკმაყოფილდება სს “ს.ე-ის” კასაცია და უცვლელად დარჩება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განჩინება, თავისთავად გაუქმდება 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, ვინაიდან 2003წ. 19 მარტის განჩინებაში პირდაპირაა მითითებული, რომ 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოქმედებს მანამ სანამ კანონიერ ძალაში შევა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განჩინება.
სსკ-ს 264-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ გასაჩივრებული იყო, საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუქმებულა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განჩინება არ გაუქმებულა იგი საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიღებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და თავისთავად უქმდება 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 მარტის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე უარის თქმის შესახებ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 მარტის განჩინება ამავე სასამართლოს 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ნაწილში და აღნიშნული გადაწყვეტილება მიექცეს აღსასრულებლად.
სს “ს. ე-ს” სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე კოდი ¹59.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.