Facebook Twitter

¹3კ-649-03 6 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 აპრილისა და 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებებით, რომლითაც უცვლელი დარჩა 27 აპრილის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა შპს “ი-ას” სარჩელი მოპასუხე შპს “მ-ის” მიმართ უკანონო მფლობელობაში არსებული 18 კვ. მეტრის გამოთავისუფლებისა და შპს “ი-ასთვის”, როგორც კანონიერი მფლობელისათვის, მისი დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები შევიდა კანონიერ ძალაში. შპს “მ-ის” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 აპრილისა და 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა შპს “მ-ის” წარმომადგენლის, ადვოკატ ჩ-ის ბრალეული ქმედება. ამასთან, ცნობები, რომელთაც სასამართლო დაეყრდნო, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის ¹24/417 ცნობა და ტექინვენტარიზაციის ბიუროს ¹12-866 ცნობა, ყალბია, რაც განმცხადებლის აზრით, საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ დასახელებული ცნობების სიყალბე პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით არ დადგინდა, ასევე არ დადგინდა სისხლის სამართლის წესით ადვოკატ ჩ-ის ბრალეულობა. ამდენად, აღნიშნული გარემოებები, სსკ-ს 423-ე მუხლის თანახმად, არ არიან ახლად აღმოჩენილი გარემოებები და შესაბამისად, არ არსებობს საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

შპს “მ-ის” წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის განჩინებით შპს “მ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილ იქნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შპს “მ-ა” 1995წ. 21 აპრილიდან ცნობილ იქნა თბილისში, ..... მდებარე, მათ მიერ შესყიდული 18 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება განცხადების განხილვის დროს დატოვებულია სათანადო შეფასების გარეშე, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა რაიონულ სასამართლოში.

შპს “ი-ას” დირექტორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა საპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და შპს “მ-ის” განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებებზე, რომელთა შესახებ განცხადების ავტორი პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო საჩივარში უთითებდა. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს.

საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მარტის განჩინებით შპს “მ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ს 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრები და ახლად აღმოჩენილი გარემოებებიც უნდა ადასტურებდეს სწორედ ამ სამართლებრივი წანამძღვრების არარსებობას, რაც შპს “მ-ის” მიერ არ იქნა წარმოდგენილი. განცხადების ავტორს ასევე არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ადგილი ჰქონდა წარმომადგენლის დანაშაულებრივ ქმედებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “მ-ის” წარმომადგენელმა ლ. ე-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მისი წარმომადგენლის მოქმედებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს ,,მ-ა” რაიონულ სასამართლოში შეტანილ განცხადებაში უთითებდა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა შპს “მ-ის” წარმომადგენლის ადვოკატ ჩ-ის ბრალეული ქმედება. ამასთან, ცნობები, რომელთაც სასამართლო დაეყრდნო, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის ¹24/417 და ტექინვენტარიზაციის ბიუროს ¹12-866 ცნობა, ყალბია.

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” “ვ” ქვეპუნქტების, ასევე, მე-2 ნაწილის თანახმად, იმისათვის, რომ დოკუმენტის გაყალბება და დანაშაულებრივი ქმედება ახლად აღმოჩენილ გარემოებად ჩაითვალოს, ეს გარემოებები სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით უნდა იყოს დადასტურებული. განცხადების ავტორს ამგვარი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარუდგენია.

აღნიშნულის გამო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დაცვით არის მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 5 მარტის განჩინება.

კასატორს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი, რომელიც უნდა ჩაირიცხოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი 59) ანგარიშზე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.