გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-653-03 3 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში); ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 8 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ს. პ-მ ლ. ჯ-ისაგან შეიძინა ქ.გორში ... მდებარე საცხოვრებელი ბინა.
2000წ. ივლისში ს. პ-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ლ. ჯ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.
2000წ. 24 ოქტომბერს ლ. ჯ-მა აღძრა სარჩელი ს. პ-ს მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მყიდველის მიერ არ ყოფილა სრულად გადახდილი შეთანხმებული ფასი _ 3000 აშშ დოლარი.
აღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ქ.გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. პ-ს სარჩელზე უარი ეთქვა, დაკმაყოფილდა ლ. ჯ-ის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და ლ. ჯ-ს დაეკისრა ს. პ-სათვის 1300 აშშ დოლარის დაბრუნება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. პ-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა ს. პ-ს სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვის შესახებ. დაკმაყოფილდა ლ. ჯ-ის სარჩელი. სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო საჩივრით ს. პ-ო ითხოვდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას.
მხარეები შეთანხმდნენ დავის მორიგებით დამთავრების შესახებ შემდეგი პირობებით:
ლ. ჯ-მა იკისრა ვალდებულება, რომ 2005წ. 1 იანვრამდე დაუბრუნოს ს. პ-ს 3000 ამერიკული დოლარი მითითებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბინა. გამოთავისუფლებული იქნება ლ. ჯ-ისა და მისი ოჯახის წევრების მიერ.
ს. პ-ო თანახმაა რომ თანხის გადახდისთანავე სადავო ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხოს ლ. ჯ-ის სახელზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ 2003წ. 3 ივლისის მორიგების აქტს და თვლის რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 399-ე მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სპეციალური თავი შეიცავს.
სსკ-ს 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისას, სპეციალურ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსკ-ს მე-3 მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება.
1. ლ. ჯ-ს ს. პ-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2004წ. 1 იანვრამდე 3000 აშშ დოლარის გადახდა. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლ. ჯ-ი მასთან ერთად მყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნეს ქ.გორში ... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან.
2. ლ. ჯ-ის მიერ ს. პ-ს სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ ქ.გორში ... მდებარე ბინის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ლ. ჯ-ი. შესაბამისი ცვლილებები იქნეს შეტანილი ქ.გორის ტექინვენტარიზაციის ბიუროს და საჯარო რეესტრის მონაცემებში.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება, გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.