Facebook Twitter

საქმე # 200100123006678521

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№715აპ-23 ქ. თბილისი

შ–ა ლ., 715აპ-23 19 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ლ. შ–მს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მეუღლეზე ძალადობის ნაწილში, მისი უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ბ. გ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის განცხადებით, მოწმე ი. გ–ის გამოკითხვის ოქმითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. შ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2022 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ ნ–ში, №.. ქუჩის №.. ბინაში, ლ. შ–მ ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე, ვ. გ–ზე, არასრულწლოვანი შვილის, ე. გ–ს, თანდასწრებით, კერძოდ, თავდაპირველად რამდენჯერმე დაარტყა თავში ხელი, ხოლო შემდეგ – რამდენჯერმე ქამარი სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც, ვ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2022 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ ნ–ში, №4 ქუჩის №.. ბინაში, ლ. შ–მ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, ბ. გ–ზე, მათი არასრულწლოვანი შვილების: ვ. და ე. გ–ების თანდასწრებით, კერძოდ, სამჯერ დაარტყა სახეში ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ლ. შ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ლ. შ–მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი.

5. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ლ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. ლ. შ–ს მიერ მეუღლეზე ძალადობის სადავოდ გამხდარ ეპიზოდთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ლ. შ–მ, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ სადავოდ გამხდარი ბრალდების შესაძლო თვითმხილველებიდან - მსჯავრდებულმა ლ. შ–მ უარყო მეუღლეზე ძალადობა, ხოლო დაზარალებულმა ბ. გ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; სხვა მტკიცებულებებიდან – რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში –მოწმე ი. გ–ს გამოკითხვის ოქმი, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად ლ. შ–ს მსჯავრდებას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, დაზარალებულს სხეულზე ნამდვილად აღენიშნებოდა ნაჭდევები, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, რომ ბ. გ–ს დაზიანებები სწორედ ლ. შ–მ მიაყენა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

10. ამასთან, ვინაიდან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში არასრულწლოვანი დაზარალებულების: ვ. და ე. გ–ების და მათი კანონიერი წარმომადგენლისათვის – განმარტებული არ არის საქართველოს კანონის – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, საკასაციო სასამართლო მითითებული ნორმის საფუძველზე არასრულწლოვან დაზარალებულებს – ვ. და ე. გ–ებსა და მათ კანონიერ წარმომადგენელს – აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგებს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი