Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-655-03 24 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ფ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში თ. მ-ის მიმართ და მიუთითა, რომ მან მოპასუხისაგან 1999წ. 30 სექტემბერს შეისყიდა თბილისში, ... მდებარე ბინა. მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება. ბინა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში დ. ფ-ის სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, თანხის გადაცემის შემდეგ თ. მ-ს უნდა გამოენთავისუფლებინა ბინა, რაც დღემდე არ შეუსრულებია. ფ-ის განმარტებით, მოპასუხე შეგნებულად თავს არიდებს ბინის გამონთავისუფლებას, აჭიანურებს ბინის დაცლას. მოსარჩელე ითხოვს მისი კუთვნილი ბინის მოპასუხის მიერ გამონთავისუფლებას.

სასამართლოში შეტანილ შესაგებელში თ. მ-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ფიქტიურად, მისი მეუღლის თანხმობის გარეშე, სესხის უზრუნველყოფის მიზნით. თ. მ-მა შესაგებლით მოითხოვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ბათილობა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და თ. მ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა დ. ფ-ის სახელზე რიცხული ზემოთ მითითებული ბინიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ფ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მესამე პირისაგან აღებული თანხის უზრუნველყოფას მ-ის მიერ, რის გამოც მან ბინა გადაუფორმა მოპასუხეს. ვალის გადახდის შემთხვევაში ბინა კვლავ დაუბრუნდებოდა ძველ მესაკუთრეს. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არის მესამე პირის კრედიტორის პირადი მოვალის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება თანახმად 394-ე მუხლისა, რის საფუძველზეც ფ-ს უფლება ჰქონდა მ-ისგან მოეთხოვა ხელშეკრულების შესრულება, ხოლო ვინაიდან ვალი არ იქნა დაბრუნებული, ბინის მიყიდვით მოხდა ვალის გადახდა ფ-ისათვის.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მასა და ფ-ს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილია. იგი დაიდო ფ-სა და მესამე პირს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების დასაფარად და მხარეებს არ სურდათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე იურიდიული შედეგების დადგომა. აპელანტმა მოითხოვა მასა და ფ-ს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 28 ნოემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო შემდგომ, 2003წ. 13 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, იმ მოტივით, რომ ფ-ი სადავო ბინის მესაკუთრეა. მოწინააღმდეგე მხარეს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, ხოლო რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მ-ს არ ჰქონდა შეტანილი სარჩელი სსკ-ს 177-ე მუხლის შესაბამისად. ამიტომ აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის უფლება არ ჰქონდა.

თ. მ-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინის პრივატიზაციისას მისი მეუღლეც და შვილიც ჩაწერილი იყვნენ ამ ბინაში და ამიტომ წარმოადგენენ ბინის თანამესაკუთრეებს, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებით დარღვეულია აღნიშნულ პირთა უფლებები, ამიტომ ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სადავო ბინა, მდებარე ... ქ.თბილისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს დ. ფ-ის საკუთრებას. სკ-ს 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. კასატორმა, თ. მ-მა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საწინააღმდეგო მტკიცებულება იმისა, რომ დ. ფ-ი არ არის ბინის მესაკუთრე. ამიტომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დ. ფ-ის მიმართ კანონისმიერი ან სხვაგვარი ბოჭვა, იგი უფლებამოსილია ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთით. ამასთან, მას შეუძლია ამავე კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. პალატა თვლის, რომ დ. ფ-ის მოთხოვნა გამომდინარეობს მოქმედი სკ-ს ნორმებიდან და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დ. ფ-სა და თ. მ-ს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მისი ცოლისა და შვილის თანხმობის გარეშე, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესაკუთრის იმ უფლების შემზღუდველ გარემოებად, რომ გამოითხოვოს ნივთი უკანონო მფლობელობიდან, მითუმეტეს, რომ მას არ დაუყენებია სასამართლოში მოთხოვნა გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე სსკ-ს 177-ე მუხლით დადგენილი წესით (ის ფაქტი, რომ სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეტანილი არ ყოფილა, დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმაც).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწრმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.