გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-656-03 30 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: ბეს დაბრუნება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (სარჩელში); მორალური ზიანის 5000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში დაკისრება, მოპასუხისაგან მიღებული თანხის დატოვება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ს-ი ბინის შეძენის მიზნით შეუთანხმდა ქ. თბილისში, ... მესაკუთრეს, თ. გ-ეს იმის შესახებ, რომ მას ბინის მესაკუთრისათვის უნდა გადაეხადა 8400 აშშ დოლარი. 2001წ. 22 იანვარს, გ. ს-მა თ. გ-ეს ბეს სახით გადასცა 7400 აშშ დოლარი, რაც გაფორმდა სანოტარო წესით, დანარჩენი 1000 აშშ დოლარი კი უნდა დაეფარა 2001წ. 25 იანვრამდე. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, ბინის ღირებულების სრული ოდენობით დაფარვამდე თ. გ-ეს უნდა ეცხოვრა ამ ბინაში, მასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა გ. ს-ის მეგობარი ქ. გ-ე. თ. გ-ემ 2001წ. 23 იანვარს თავისი ბინიდან პოლიციის მეშვეობით გაასახლა ქ. გ-ე. ამის შემდეგ გ. ს-ს და თ. გ-ეს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება აღარ გაფორმდა; თ. გ-ემ კუთვნილი ბინის თაობაზე სანოტარო ფორმით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება ნ. ს-ესთან 2001წ. 6 თებერვალს.
ქ. გ-ემ და გ. ს-მა 2001წ. 1 თებერვალს სარჩელით მიმართეს სასამართლოს თ. გ-ის მიმართ და მოითხოვეს ბეს თანხის დაბრუნება, ასევე სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თავის მხრივ, 2001წ. 9 მარტს, თ. გ-ემ შეგებებული სარჩელი წარადგინა ქ. გ-ისა და გ. ს-ის მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება და ბეს სახით მიღებული თანხის დატოვება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. გ-ესა და გ. ს-ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. უარი ეთქვა თ. გ-ეს შეგებებულ სარჩელს.
ქ. გ-ისა და გ. ს-ის წარმომადგენელმა ლ. ს-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება ქ. გ-ესა და გ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. გ-ეს გადახდა გ. ს-ის სასარგებლოდ 7500 აშშ დოლარი. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ ბეს ხელშეკრულების მიხედვით, თ. გ-ეს გ. ს-მა გადასცა 7400 აშშ დოლარი, დანარჩენი 1000 აშშ დოლარის გადაცემა უნდა მომხდარიყო 2001წ. 25 იანვრამდე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის, რომ ქ. გ-ის გამოსახლება ბინიდან მოხდა თ. გ-ის ინიციატივით, ბეს ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დადგომამდე ორი დღით ადრე, 2001წ. 23 იანვარს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით. სკ-ს 423-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, ბეს მიმღებს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, მოცემულ შემთხვევაში ბეს მიმცემმა ბეს თანხა არ მოითხოვა ორმაგი ოდენობით და შემოიფარგლა მხოლოდ 7500 აშშ დოლარით.
თ. გ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე. მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლოში გ. ს-მა არ წარადგინა იმის მტკიცებულება, რომ ხელშეკრულების პირობა დაირღვა მისი ბრალით.
პალატამ არ გამოიყენა სკ-ს 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა გადაწყვეტილებაში იმის თაობაზე, რომ თ. გ-ე ბინის მყიდველად ქ. გ-ეს მოიაზრებდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. გ-ეს და გ. ს-ს შორის 2001წ. 21 იანვარს სანოტარო ფორმის დაცვით გაფორმდა ხელშეკრულება ბეს სახით 7400 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ. ამ ხელშეკრულებით ბინის დარჩენილი ღირებულება 1000 აშშ დოლარი უნდა მიეცა გ. ს-ს ბინის მესაკუთრე თ. გ-ისათვის 2001წ. 25 იანვარს და ამის შემდეგ გაფორმდებოდა მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. დადგენილია, რომ თ. გ-ემ 2001წ. 23 იანვარს ბინიდან პოლიციის მეშვეობით იძულებით გაასახლა ქ. გ-ე, რომელიც თავის ბინაში გ. ს-ის მითითებით შეუშვა. თ. გ-ემ სასამართლო სხდომაზე და საკასაციო საჩივარში განმარტა, რომ გ. ს-სა და ქ. გ-ეს შორის კონფლიქტური ურთიერთობის გამო გამოიძახა პოლიცია და ბინიდან გაასახლა ქ. გ-ე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სკ-ს 423-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეულის მოქმედებით, მან ბე უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმდა ბეს მიმღების, თ. გ-ის ბრალეული მოქმედებით. მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის გამო გ. ს-მა ბინის ღირებულების დარჩენილი თანხა 1000 აშშ დოლარი აღარ გადაუხადა მოპასუხეს, მან 2001წ. 1 თებერვალს სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ბეს სახით მიცემული თანხის უკან დაბრუნება.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია თ. გ-ეს არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია თ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სადავო ბინის მყიდველად ქ. გ-ე, რადგან საქმეში წარმოდგენილი ბეს ხელშეკრულების თანახმად ბინის მყიდველი გ. ს-ია.
სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა თ. გ-ეს ბეს სახით მიღებული თანხის გადახდა გ. ს-ის სასარგებლოდ, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს გ. ს-ისა და ქ. გონგლაძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატას ახალი გადაწყვეტილებით ქ. გ-ის სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა უსაფუძვლობის გამო.
ვინაიდან სააპელაციო პალატას საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე აქვს დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საკასაციო პალატა მოცემულ საქმეზე თვითონ მიიღებს გადაწყვეტილება სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება შეიცვალოს ქ. გ-ისა და გ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
უცვლელად დარჩეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თ. გ-ისათვის გ. ს-ის სასარგებლოდ 7500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.