გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-657-03 24 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: სესხის დაბრუნება იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციის გზით.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 25 დეკემბერს ნ. ლ-ასა (კრედიტორი) და მ. ს-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 6 თვის ვადით 3200 აშშ დოლარზე სარგებლის გარეშე.
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ნ. ლ-ამ სარჩელი აღძრა მ. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ძირითადი თანხის 3200 აშშ დოლარის და ვადის გადაცილებისათვის 930 აშშ დოლარის გადახდევინება იპოთეკით დატვირთული საგნის (საცხოვრებელი ბინის) აუქციონზე რეალიზაციის გზით.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ს-ს ნ. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 3776 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მა.
2002წ. 31 ოქტომბერს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი. მან 2002წ. 30 ოქტომბერს განცხადებით ითხოვა რამოდენიმე დღით სხდომის გადადება, რადგან ნათესავის დაკრძალვაზე მიდიოდა რაიონში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 31 ოქტომბერს მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მ. ს-ის საჩივრის საფუძველზე საქმის წარმოება განახლდა და დაინიშნა სააპელაციო საჩივრის განხილვა. 2002წ. 19 დეკემბერს აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 76-ე მუხლზე. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად მიიჩნია 2002წ. 18 დეკემბერს შედგენილი ოქმი მ. ს-ისთვის სასამართლო უწყების ჩაუბარებლობის შესახებ მისი ბინაში არყოფნის გამო, რომელსაც ხელს აწერენ: დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს I განყოფილების ¹.... სექტორის .... .... ლ-ტი მ. თ-ი, .... ...., .... ს. შ-ი და მეზობელი მ. ხ-ი.
მ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 70-78-ე მუხლების და 233-ე მუხლის მოთხოვნა და არასწორად გამოიყენა სსკ-ს 76-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოს უწყება საქმის განხილვის თაობაზე არ მიუღია.
სსკ-ს 393-ე მუხლით გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის მიღებული, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, რომლითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002წ. 19 დეკემბრის სხდომის დღის შესახებ მ. ს-ს გაეგზავნა უწყება, რომელიც არ ჩაბარდა. ამდენად, მხარისთვის ცნობილი არ იყო სხდომის დღის დანიშვნის შესახებ.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნა. კერძოდ, 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი (იგულისხმება სხდომის დარბაზი). ამავე კოდექსის 79-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით, ხოლო 74-ე მუხლის თანახმად, თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე, იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს, დამქირავებელს (შესაძლებელია მეზობელს), რომლებიც თანახმა იქნებიან გადასცენ უწყება ადრესატს. თუ ადრესატი დროებით წასულია, უწყების ჩამბარებელმა პირმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი ან როდის მოელიან მის დაბრუნებას. ეს ცნობები დადასტურებულ და დამოწმებული უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს (და არა შს ორგანოს) ადმინისტრაციის მიერ.
პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ მ. ს-ს სასამართლოს უწყება არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესის მიხედვით, რადგან უწყების იმ ეგზემპლარიდან რომელიც სასამართლოს უბრუნდება, არ ირკვევა შესაბამისი აღნიშვნითა და ხელმოწერით, თუ რა მიზეზით არ ჩაბარდა მხარეს უწყება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
მ. ს-ს დაევალოს სახელმწიფო ბაჟის 151 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹ 000141107 (კოდი-59) ანგარიშზე.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.