Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-658-03 8 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 19 აპრილს კ. ძ-მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბ. ძ-ის მიმართ და განმარტა, რომ იგი 1985 წლიდან ჩაწერილია და ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფ. ...ში. 1959 წელს კი მან ააშენა სადავო სახლი თავისი სახსრებით. მცხეთის რაიონული სასამართლოს 1998წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით სახლის ნაწილი მიეკუთვნა ბ. ძ-ის.

ზემოაღნიშნული გარემოების გამო, მოსარჩელე მოითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და სადავო სახლის მის საკუთრებაში გადაცემას.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე კ. ძ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რადგან საქმეში არ მოიპოვებოდა სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და შესაბამისად, მოთხოვნა იურიდიულად არ იყო გამართლებული.

კ. ძ-მა მცხეთის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 24 იანვრის განჩინებით რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია. ამ შემთხვევაში კი მესაკუთრეს კ.ძ-ი არ წარმოადგენს და არც არასდროს ყოფილა.

კ.ძ-მა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა და შესაბამისად, მოთხოვნა იურიდიულად არ იყო გამართლებული. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილება საჩივრდება ერთთვიან ვადაში სააპელაციო სასამართლოში მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კ.ძ-მა შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო პალატამ განიხილა რა სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, არ დააკმაყოფილა იგი და უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და განხილვისას დარღვეულია სსკ-ს ნორმები; საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დარღვევების არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება მიეღო, აღნიშნული კი სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სსკ-ს 236-ე მუხლის მიხედვით მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია გადაწყვეტილება, შეუძლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ.

ამავე კოდექსის 237-ე მუხლის მიხედვით კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. სსკ-ს 239-240-ე მუხლებით განსაზღვრულია საჩივრის მიღებისა და განხილვის პროცედურა; ამ წესის მიხედვით მოსამართლემ, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება წყვეტს საკითხს საჩივრის მიღების თაობაზე, თუ საჩივარი დასაშვებია ნიშნავს საჩივრის განხილვის დღეს და აღნიშნულ დღეს გამართულ სხდომაზე აკმაყოფილებს საჩივარს, აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, იღებს ახალ გადაწყვეტილებას ან არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას; სააპელაციო საჩივრით საჩივრდება რაიონული სასამართლოს როგორც ახალი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება;

სააპელაციო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა ეცნო, იგი უნდა ჩაეთვალა საჩივრად დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და თვითონ კი არ უნდა ემსჯელა მასზე, არამედ განსახილველად გადაეგზავნა რაიონულ სასამართლოში, როგორც ამას საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. ძ-ის სკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.