Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-662-03 11 ივლისი 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, იპოთეკის ხელშეკრულებისა და მინდობილობის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

სს კბ “თ-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998წ. 4 სექტემბერს და 19 ოქტომბერს სსკბ “თ-სა” და თ. გ-ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულებები საერთო თანხით 500000 აშშ დოლარზე. კრედიტი გაიცა წლიური 33%-იანი განაკვეთით.

“თ-სა” და თ.გ-ეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე მხარეებს შორის 1998წ. 3 სექტემბერს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. თ.გ-ემ 1998წ. დეკემბრიდან შეწყვიტა კრედიტორის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც “თ-მა” სარჩელით მოითხოვა მოპასუხესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, კრედიტის ძირითადი თანხის დაუფარავი ნაწილის, კრედიტით სარგებლობის გადაუხდელი პროცენტების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ანაზღაურება და იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის აუქციონის გზით რეალიზაცია.

მოპასუხე შ. გ-ემ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და იმ საფუძვლით, რომ მამამისმა თ. გ-ემ მისი ნების საწინააღმდეგოდ, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2000წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით სს კბ “თ-ის” სარჩელი მოპასუხე თ. გ-ის მიმართ, 1998წ. 4 სექტემბრისა და 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, თანხის დაკისრების, იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის გზით რეალიზაციის შესახებ, დააკმაყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 15 ნოემბრის განჩინებით შ. გ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა შ. გ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის – 1998წ. 3 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის აუქციონის წესით რეალიზაციის ნაწილში. საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

ძირითადი სარჩელით სს კბ ,,თ-ის” მიერ თავდაპირველ მოპასუხედ მითითებული თ. გ-ე კოლეგიის საოქმო განჩინებით ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და მოსარჩელის თანხმობით, შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ შ. გ-ით, მისი დამოუკიდებელი მოთხოვნა ჩაითვალა შეგებებულ სარჩელად. შ. გ-ემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და სს კბ ,,თ-თან” ერთად მოპასუხეებად მიუთითა თ. გ-ე, ნოტარიუსი ე. მ-ე. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ მოითხოვა სს კბ ,,თ-სა” და თ. გ-ეს შორის 1998წ. 3 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოპასუხემ მიუთითა, რომ თ. გ-ემ, როგორც არაუფლებამოსილმა პირმა იპოთეკით დატვირთა ქონება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, აგრეტვე აღნიშნა, რომ 1998წ. 29 ივლისს გაცემული მინდობილობა ხელმოწერილი არ არის შ. გ-ის მიერ. შ. გ-ე 1992 წლიდან იმყოფება აშშ-ში და საქართველოში არ ჩამოსულა.

ნოტარიუსმა ე. მ-ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო. Mმისი განმარტებით, იგი პირადად იცნობდა მამა-შვილ თ. და შ. გ-ეებს და არ შეიძლებოდა შეშლოდა, რომელი აწერდა მინდობილობას ხელს, მონდობილობის დამოწმებისას დადგინდა და შემოწმდა მინდობილობის გამცემი პირის ვინაობა და ქმედუნარიანობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს კბ ,,თ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა იპოთეკის საგნის ქ. თბილისიში ... მდებარე საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია აუქციონის გზით, მოსარჩელის სასარგებლოდ 1998წ. 4 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი დავალიანების და სესხით სარგებლობის პროცენტის დასაფ-ად.

შ. გ-ის წარმომადგენელმა ნ. ჭ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 289-ე მუხლი, ვინაიდან თ. გ-ეს და ,,თ-ს” შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით თ. გ-ემ შ. გ-ის ქონება დატვირთა, როგორც თავისი საკუთრება. მას არც მიუთითებია, თუ გააჩნდა საამისო უფლებამოსილება მონდობილობის სახით. ე.ი. იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც კასატორის აზრით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 102-ე მუხლი არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის განკარგვის შესახებ.

კასატორმა განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია მინდობილობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილშიც. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 137-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც მხარე, რომლის მიერაც არის წარდგენილი საბუთი და რომლის სიყალბეზეც მეორე მხარე მიუთითებს, ვალდებულია დაამტკიცოს ამ საბუთის ნამდვილობა. კასატორმა განმარტა, რომ ჩატარებული ექსპერტიზების შედეგად ვერ დამტკიცდა მინდობილობის ნამდვილობა, ასევე ვერ იქნა დადასტურებული არსებული ხელმოწერა არის თუ არა შ. გ-ის მიერ განხორციელებული, პირიქით სპეციალისტთა წარმოდგენილი ცნობებით მინდობილობაზე ხელმოწერა შ. გ-ეს არ ეკუთვნის.

კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ დაარღვია სკ-ს 249-ე მუხლის მეორე ნაწილი და არ მიუთითა, საიდან გამოიტანა დასკვნა, თითქოს შ. გ-ე იმყოფებოდა საქართველოში სადავო მინდობილობის გაცემის დროს.

საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებები კოლეგიის მიერ არ იყო სრულად და ყოველმხრივ შესწავლილი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე კოლეგიას.

პალტა უთითებდა, რომ სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დანიშნოს ექსპერტიზა რამდენიმე ექსპერტის მონაწილეობით, რომლებიც არსებული ყველა მეთოდის გამოყენებით პასუხს გასცემენ მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ კითხვებზე.

სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს მითითებული პირადობის მოწმობის არსი და დაადგინოს არსებობს თუ არა ისეთი გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ შ. გ-ე შესაძლებელია საქართველოში ყოფილიყო მინდობილობის დამოწმების დროს. სასამართლომ ასევე უნდა დაასაბუთოს, რომ მტკიცებულებები, რომელიც შ. გ-ის მხარის მიერ არის წარმოდგენილი, არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად რომ შ. გ-ე საქართველოში არ ჩამოსულა 1992 წელს აშშ-ში გამგზავრების შემდეგ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით “თ-ს” სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. დაკმაყოფილდა შ. გ-ის შეგებებული სარჩელი თ.გ-ის და ე.მ-ის მიმართ იპოთეკის ხელშეკრულებისა და 1998წ. 29 ივლისის მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ.

კოლეგია მიუთითებს, რომ სს “თ-სა” და თ. გ-ეს შორის 1998წ. 4 სექტემბერს და 1998წ. 11 ოქტომბერს გაფორმდა ორი საკრედიტო ხელშეკრულება, საერთო თანხით 500000 აშშ დოლარი. თ. გ-ემ ბანკის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 1998წ. 3 სექტემბერს იპოთეკით დატვირთა ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, როგორც მისი კუთვნილი, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით იპოთეკით დატვირთული სახლის მესაკუთრეა შ. გ-ე.

სკ-ს 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ვრცელდება უძრავი ნივთის უფლების შეძენაზეც. თუ ამ შეძენაში ერთ-ერთი მხარე მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ საბუთში ზუსტად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულება თ. გ-ესა და ბანკს შორის გაფორმდა სხვის ქონებაზე ისე, რომ არ მიეთითა წარმომადგენლობის შესახებ და მესაკუთრედ აღინიშნა არა ნამდვილი მესაკუთრე, არამედ სხვა პირი, რომლის საკუთრებასაც არ შეადგენდა ქონება, რომელიც დაიტვირთა იპოთეკით.

თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ხელმოწერები მინდობილობებზე თარიღით 1996წ. 27 ივნისი და თარიღით 1998წ. 29 ივლისი, შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღების აქტზე – თარიღით 1993წ. 19 ნოემბერი, ტექბიუროს ცნობაზე თარიღით 1999წ. 8 ივლისი, განცხადებაზე თარიღით 1998წ. 24 აგვისტო, სანოტარო მოქმედებათა ჟურნალში 1992, 1996 და 1998 წლების გრაფებში “სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის მიმღების ხელმოწერა” და ხელმოწერები წარმოდგენილი შ.გ-ის ხელმოწერის ნიმუშების სახით არ არის შესრულებული ერთი და იგივე პირის მიერ. ხოლო ხელმოწერა მინდობილობაზე თარიღით 1992 წ. 30 ოქტომბერი შ.გ-ის სახელით და წარმოდგენილი ხელმოწერის ნიმუშები იგივე სახელით შესაძლებელია შესრულებული იყოს ერთი და იგივე პირის მიერ. ექსპერტიზის დასკვნით კატეგორიული ფორმით გამოირიცხა შ.გ-ის ხელმოწერები არა მარტო 1998წ. 29 ივლისის მინდობილობაზე, არამედ 1992წ. 30 ოქტომბრის შემდეგ შედგენილ მხარეების მიერ წარმოდგენილ ყველა საბუთზე.

კოლეგია მიუთითებს, იმის გამო, რომ მინდობილობაში არ არის გამოხატული შ.გ-ის ნება, იგი როგორც ცალმხრივი გარიგება, სკ-ს 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ითვლება უცილოდ ბათილ გარიგებად დადების მომენტიდან.

საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სკ-ს 102-ე მუხლის გამოყენება არ შეიძლებოდა, ვინაიდან მხარეთათვის იმთავითვე ცნობილი იყო უძრავი ქონების მესაკუთრის ვინაობა. მიუხედავად იპოთეკის ხელშეკრულების ტექსტში დაშვებული უზუსტობისა, სადაც უძრავი ქონების მესაკუთრედ ნაცვლად შ.გ-ისა მითითებულია თ.გ-ე, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისას წარმოდგენილ იქნა ყველა შესაბამისი საბუთი, საიდანაც უტყუარად დგინდება ქონების მესაკუთრის ვინაობა და სანოტარო მოქმედების განსახორციელებლად აუცილებელი სხვა გარემოებები. კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 52-ე მუხლი.

კასატორი მიუთითებს, რომ ცალკე აღნიშვნას იმსახურებს 1993წ. 19 ნოემბრის აქტი, რითაც შენობა-ნაგებობა მიღებულ იქნა ექსპლოატაციაში. როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, თურმე შ.გ-ეს საკუთარი შენობა არ მიუღია, ვინაიდან აქტზე მისი ხელმოწერა არ არის, ხელმოწერა გაყალბებულია, რაც ნიშნავს, რომ ექსპლოატაციაში შენობა უკანონოდ არის მიღებული და შენობა შ.გ-ეს არასოდეს ეკუთვნოდა, იგი მას არ აუშენებია და არც ექსპლოატაციაში მიუღია. შესაბამისად, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული შენობის მესაკუთრედ თ.გ-ე. ეს გარემოება სასამართლოს შეფასების გარეშე დარჩა, რაც გადაწყვეტილების არასრულყოფილებას, გარკვეულწილად მოტივაციის წინააღმდეგობრივ ხასიათს ადასტურებს.

ამდენი სიყალბის დადგენის შემდეგ დაუსაბუთებელია, სსკ-ს 137-ე მუხლის მე-5 ნაწილი რატომ არ გამოიყენა სასამართლომ. აღნიშნული ნორმის გამოყენება სასამართლოს უფლება კი არა მოვალეობაა.

კასატორი მოითხოვს საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული სახლის მესაკუთრე არ არის თ. გ-ე. იპოთეკით დატვირთული სახლის მესაკუთრე არის შ. გ-ე. დადგენილია, რომ თ.გ-ე იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე შ.გ-ის მინდობილობის გარეშე მოქმედებდა და იპოთეკის ხელშეკრულებას მან მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოაწერა ხელი.

სკ-ს 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე თავისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. სკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.

საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სწორად განმარტა აღნიშნული ნორმა და მიუთითა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება, როგორც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული, ბათილია.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თბილისის საექსპერტო-კრმინიალისტურ სამმართველოში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ხელმოწერა 1993წ. 19 ნოემბრის შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღების აქტზე და ხელმოწერა შ.გ-ის ნიმუშების სახით არ არის შესრულებული ერთი და იმავე პირის მიერ, მაგრამ ეს გარემოება არ იძლევა საფუძველს, რომ სახლის მესაკუთრედ ცნობილი იყოს თ.გ-ე. აღნიშნული გარემოება არ მიუთითებს, რომ სახლის მესაკუთრე არის თ.გ-ე და შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილია. ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ სახლი არ შეიძლება ექსპლოატაციაში ყოფილიყო მიღებული შ.გ-ის მიერ (ექსპლოატაციაში მიღების არსი გასარკვევია) და რომ ექსპლოატაციაში უნდა ყოფილიყო მიღებული თ.გ-ის მიერ. სახლის მესაკუთრედ ცნობილია შ. გ-ე და მის სახელზეა აღრიცხული სახლი საჯარო რეესტრში.

სსკ-ს 137-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს. სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი საბუთების სიყალბის გამო გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ უნდა მიიღოს დასაბუთებული განჩინება და დოკუმენტების სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს.

აღნიშნული უნდა მოხდეს დასაბუთებული განჩინებით, რომლის მიღება ან არმიღება არ წარმოადგენს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველს და შესაბამისად, ვერ გახდება მისი გაუქმების საფუძველი.

სსკ-ს 137-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და დასაბუთებული განჩინების მიღება, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მოვალეობაა. შესაძლოა ამგვარი დასაბუთებული განჩინება მიღებული იქნეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “თ-ის” ლიკვიდატორის ნ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.