გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-664-03 8 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის მფლობელის თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. გ-მა განცხადებით მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ 1977-1991 წლებში ფლობდა ქ. თბილისში, ... მდებარე 36,5 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს, 6,4 კვ.მ. სათავსს და 85,4 კვ.მ. მსხმოიარე ბაღს.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ ზ. გ-ი 1977-1991 წლებში ფლობდა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 1/2-ს, ბაღსა და დამხმარე სათავსს ფლობის ნაწილში განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ზ. გ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მარტის განჩინებით ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ზ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ გაითვალისწინა მისი განმარტება იმის თაობაზე, რომ იურიდიული ფაქტის დადგენა ესაჭიროებოდა საბაღე ნაკვეთზე კონპენსაციის მისაღებად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 313-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს ადგენს მხოლოდ ფაქტების დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის გამო.
ამავე კოდექსის 315-ე მუხლის თანახმად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზეზისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობაზე.
ზ. გ-ის მოთხოვნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ არ იყო დასაბუთებული და არ ყოფილა დაცული კანონით განსაზღვრული წესები.
სხდომის ოქმის მიხედვით ზ. გ-ს არც სააპელაციო პალატის სხდომაზე მიუცია განმარტება იმის თაობაზე, თუ რა მიზნისათვის სჭირდებოდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა.
კასატორი მიუთითებს, რომ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა ესაჭიროება მსხმოიარე ბაღის ნაკვეთზე კომპენსაციის მისაღებად. ზ. გ-ს კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია დამოუკიდებელი სარჩელით, რომელშიც მითითებული იქნება ფაქტობრივ გარემოებებზე.
გასაჩივრებული განჩინებით არ არის შელახული კასატორის ინტერესები. ზ. გ-ს უფლება აქვს კომპენსაცია მოითხოვოს დამოუკიდებელი სარჩელით, რომელთა დადასტურებასაც ითხოვს იგი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღძვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.