გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-666-03 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ქ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. მ-ის მიმართ და მოითხოვა 1345 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ მისგან ისესხა აღნიშნული თანხა და აღარ დააბრუნა. საქმის განხილვის პროცესში საქმეში მოპასუხედ ასევე ჩაბმულ იქნა მ. მ-ი.
2001წ. 26 თებერვალს დანიშნული საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, რის გამოც გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 1345 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხეების საჩივრის საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მარტის განჩინებით გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განხილული იქნა არსებითად.
გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 1195 აშშ დოლრის გადახდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დღეს აპელანტი მოპასუხეები არ გამოცხადდნენ სასამართლო პროცესზე, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, 2002წ. 12 მაისს, გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით, კერძოდ, სასამართლო სხდომის არასწორად დამახსოვრებით.
მ. მ-ის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო პალატამ დასაშვებად ცნო და დანიშნა საქმის ზეპირი განხილვა 2002წ. 4 ივნისს 11 საათზე. აღნიშნულ სხდომაზე მ. მ-ი კვლავ არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა 2002წ. 12 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეებს შეტყობინება სასამართლო პროცესის დროის შესახებ გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. რაზეც სასამართლოს ეცნობა, რომ მ-ის ბინა დაკეტილია, ხოლო მ-ი გასულია ქალაქიდან.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სსკ-ს 76-ე მუხლი და მიიჩნია, რომ ვინაიდან მ. მ-მა არ შეატყობინა სასამართლოს თავისი ადგილსამყოფელის შესახებ, უწყება მას ჩაბარებულად ეთვლება.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო საქმის განხილვა მრავალჯერ გადაიდო, აგრეთვე მათი გამოუცხადებლობის გამო მათ მიმართ ორჯერ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეების მხრიდან ადგილი აქვს საქმის განხილვის გაჭინაურებას.
სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებიც მოითხოვენ სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორები მიუთითებენ, რომ მათ უწყება არ ჩაბარებიათ კანონით, დადგენილი წესით და სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ მათ უწყება გამოეგზავნათ კანონით დადგენილი წესით, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 387-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სსკ-ს 242-ე მუხლის თანახმად მხარეს, რომელმაც შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ არ გამოცხადდა დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე, უფლება არა აქვს კვლავ შეიტანოს საჩივარი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის კვლავ განახლების შესახებ, საოლქო სასამართლოს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ საკასაციო საჩივრის შეტანა.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო საქმის განხილვა მრავალჯერ გადაიდო, ასევე მათი გამოუცხადებლობის გამო ორჯერ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საოლქო სასამართლოს პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი, სადაც მიუთითებდნენ რომ მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ არასწორად დაიმახსოვრეს სასამართლო სხდომის საათი.
სააპელაციო პალატამ საჩივარი დასაშვებად ცნო და დანიშნა სხდომის დღე. მოპასუხეები კვლავ არ გამოცხადდნენ, რის გამოც გამოტანილი იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შეტყობინება სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით.
სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას, უწყება გაეგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეებმა სასამართლოს არ შეატყობინეს თავისი ადგილსამყოფელის შეცვლის შესახებ, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ უწყება ჩაბარებულად ითვლება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათ უწყება არ გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ის და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.