Facebook Twitter

საქმე # 010100121005355503

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1063აპ-23 ქ. თბილისი

ს-ძე ა, 1063აპ-23 28 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას, მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ა-სა და ლ. დ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ს-ს, - დაბადებულს .. წლის ... მარტს, - ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 15:20 საათზე, ა. ს-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გამოძიებით ამ დრომდე დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქალაქ ბ-ში, მ. ლ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ნ. მ-ს №.. საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მოძრავ ნივთებს, თუმცა განზრახვა სისრულეში არ იქნა მოყვანილი, ვინაიდან შეამჩნია დაზარალებულმა.

· 2021 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 15:20 საათზე, ქალაქ ბ-ში, მ. ლ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ნ. მ-ს №.. საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, ა. ს-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ-ს, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი კისერში. ამ დროს დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენით:

2.1. ა. ს-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

2.2. ა. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 8000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 8000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ს-ს შეეფარდა ჯარიმა - 8000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2.3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ა. ს-ს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2021 წლის 18 ნოემბრიდან 2022 წლის 1 ივლისის ჩათვლით - გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი, კერძოდ, სასჯელად დანიშნული ჯარიმა - 8000 ლარი შეუმცირდა 4000 ლარით და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2.4. ა. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ს-მ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რითაც დაირღვა ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა, ჩადენილი ჯგუფურად და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 15:20 საათზე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად ფარულად, ა. ს-მ უკანონოდ შეაღწია ქალაქ ბ-ში, მ.ლ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ნ. მ-ს №.. საცხოვრებელ ბინაში, რითაც დაირღვა ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

· 2021 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 15:20 საათზე, ქალაქ ბ-ში, მ.ლ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ნ. მ-ს საცხოვრებელ ბინა №..-ში ყოფნისას, ა. ს-მ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ-ს, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი კისერში, რა დროსაც ნ. მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5.1. კასატორებმა - მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. ა-მ და ლ. დ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენის გაუქმება და ა. ს-ის გამართლება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ ა. ს-ის მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ. მ-ას ჩვენებით, მოწმეების - ო. მ-ას, ა. გ-ის, დ. კ-ის ჩვენებებით, №... შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:

8. დაზარალებულ ნ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, მან ძაღლი გაასეირნა ეზოში, რის შემდეგაც დაბრუნდა შინ, ხოლო მისი შვილიშვილი ეზოში დარჩა. ბინაში შესვლისას კარი ღია დატოვა და აივანზე გავიდა თეთრეულის ჩამოსახსნელად. ამ დროს გაიგონა შემოსასვლელი კარის ბრახუნის ხმა, ეგონა, შვილიშვილი დაბრუნდა და დაუძახა მას. შემდეგ გავიდა სამზარეულო ოთახში, სადაც დაინახა უცხო მამაკაცი პირბადით და ჰკითხა, თუ ვინ იყო. აღნიშნულმა მამაკაცმა დაუწყო ყელზე ხელის მოჭერით მოხრჩობა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა ჩალურჯებები. მან ფეხი ამოარტყა მამაკაცს ფეხებს შორის, პირბადე მოხსნა და შეძლო მისგან თავის დაღწევა; მაშინვე გაიქცა აივანზე და კარი მიხურა. გაქცევისას მამაკაცმა დაარტყა ფეხზე. მანვე აივნის კარებს დაუწყო ფეხების დარტყმა და მის გატეხვას ცდილობდა. თვითონ ხალათის ჯიბეში ედო ტელეფონი, რომლითაც დაურეკა თავის ქალიშვილს და უთხრა მკლავენო. ამ დროს გარეთ ისხდა ხალხი და უხმო დასახმარებლად, რის შემდეგაც მამაკაცი გაეცალა და მეორე, ასევე ნიღბიან მამაკაცთან ერთად, რომელიც ბინის კორიდორში იდგა, გავიდა მისი ბინიდან. დაზარალებულის განმარტებით, მამაკაცისათვის პირბადის მოხსნის შემდეგ დაინახა მისი სახე, ძალიან გამხდარი, ჰქონდა თხელი ტუჩები, მახვილი ცხვირი და ეცვა შავი ტანსაცმელი. გამოძიების დროს ამოიცნო დამნაშავე. მისივე განმარტებით, 2021 წლის 10 ნოემბერს მიღებული ჰქონდა გაყიდული ბინის საფასური, რითაც 2021 წლის 11 ნოემბერს სხვა ბინა შეიძინა. ბინის გაყიდვის თაობაზე საჯაროდ არ განუცხადებია.

9. მოწმე ო. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ტელეფონზე დაურეკა დედამ - ნ. მ-მ, რომელიც ყვიროდა, რომ მასთან ბინაში შესული უცნობი მამაკაცი მის დახრჩობას ცდილობდა, თუმცა თავი დააღწია მას აივანზე გასვლით. მან სასწრაფოდ დაურეკა მეზობელს, აუხსნა ვითარება და სთხოვა, რომ დახმარებოდა დედას. სახლში მისვლისას ნ-ა აღელვებული დახვდა, ხოლო აივანზე გასასვლელი კარი იყო დაზიანებული. დედის მონაყოლიდან იცის, რომ სარეცხის შემოსატანად აივანზე გასვლისას გაიგონა ბინის კარის ხმა; ეგონა, ბავშვი შემოვიდა. სამზარეულოში დაინახა უცნობი, ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც მივარდა და დაუწყო დახრჩობა, მან კი ფეხებს შორის ფეხი ჩაარტყა, რის შედეგადაც იგი ჩაიკეცა. ამით ისარგებლა, გავიდა აივანზე და კარი მიუხურა მას. მამაკაცი ცდილობდა კარის გატეხვას. დედამისის გადმოცემით, მან საშველად უხმო ეზოში მყოფ ხალხს, რის შემდეგაც ბინაში მყოფი ორივე მამაკაცი გაიქცა.

10. №.. შეტყობინებით დგინდება, რომ 2021 წლის 13 ნოემბერს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა მოქალაქე ო. მ-ს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქ. ბ-ში, ლ-ის ქუჩის №.., ბინა №...-ში შეიჭრა ორი მამაკაცი ნიღბებით, რომლებიც ცდილობდნენ დედამისის გაგუდვას. ინიციატორი აცხადებდა, რომ ბინა ჰქონდათ გაყიდული და ვარაუდობდა, ფულის გამო შეიჭრნენ სახლში.

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ, თითქოსდა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებებზე. პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ნ. მ-მ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამოიცნო ა. ს-ძე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული მამაკაცი იყო ის, ვინც 2021 წლის 13 ნოემბერს, დღის საათებში, თანმხლებ პირთან ერთად, სახეზე სამედიცინო პირბადიანი, შეიჭრა მის საცხოვრებელ სახლში და ყელში მოჭერით ახრჩობდა. ნ. მ-ას განმარტებით, მან ჩხუბში ჩამოაგლიჯა პირბადე ამოცნობილ მამაკაცს, შეხედა სახეში და დაამახსოვრდა იგი.

12. დაზარალებულ ნ. მ-ას მიერ ა. ს.ის ამოცნობის უტყუარობასა და მის ბინაში ა. ს-ის ყოფნის ფაქტს ადასტურებს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №.. დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ა. ს-ნ აღებული სუნის ნიმუშისა.

13. დაზარალებულის ჩვენება იმის თაობაზე, რომ აივანზე გაქცევისას მას მამაკაცმა ფეხზე დაარტყა, თანხვდენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნასთან, რომლითაც დადგენილია, რომ ნ. მ-ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა მუხლის სახსრის არეში, რაც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ საკითხის შეფასება და გადაწყვეტა - ესა თუ ის მტკიცებულება წარმოადგენს თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებულებას, ანდა უტყუარად ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია თუ არა გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისადმი ინდივიდუალური მიდგომით, კონკრეტული ფაქტების, გარემოებებისა და მომხდარი შემთხვევის კონტექსტის გათვალისწინებით. მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ნებისმიერი შემთხვევისათვის მხოლოდ ზოგადი ნორმატიული მოთხოვნებია სავალდებულო, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული, მაგრამ კონკრეტული შემთხვევის განხილვისას ცალკეული მტკიცებულებისა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტატუსის განსაზღვრა მთლიანად სასამართლო შეფასების საკითხია, ისევე, როგორც ეს ხდება მტკიცებულების უტყუარობის შეფასებისას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, საქმე №346აპ-19).

15. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო, იყოს აბსოლუტურად სარწმუნო და არ მოითხოვს პირის ბრალეულობის ყოველგვარი ეჭვის გარეშე დამტკიცებას, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობისთვის. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში გამოირიცხება ყოველგვარი გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ ა. ს-ს მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებები არ ჩაუდენია.

16. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ თითქოსდა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ა. ს-ის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების ქურდობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე თვითმხილველი მოწმეების მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიწოდებული ინფორმაციისა და სხვა პირთა გამოკითხვის ოქმების შინაარსიდან გამომდინარე, ასევე ადგილზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულ ა. ს-სა და მის თანმხლებ პირს მიზნად ჰქონდათ არა მხოლოდ სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში უკანონო შესვლა, არამედ აღნიშნული ბინიდან ქონების (ნივთების, ფულადი თანხის) ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც არა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არამედ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბინაში უკანონოდ შეღწევის განზრახვას; საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ა. ს-ე და მისი თანმხლები პირი ცდილობდნენ ბინაში არსებული რაიმე ნივთის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებას ან რაიმე ნივთისა თუ ფულადი თანხის არსებობა/განთავსების შესახებ ინფორმაციის დადგენას.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა, ეს არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ანუ ქმედების ქურდობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ა. ს-ის ქმედებით არ დასტურდება; მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული უარყოფს ბინაში შესვლას, საქმეში წარმოდგენილი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებებით დადასტურებულია და დაცვის მხარის პოზიცია, რომ იგი საერთოდ არ ყოფილა ბინაში, აქ ნაკლებად დამაჯერებელია,. საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ა. ს-ძე უკანონოდ იმყოფებოდა დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში; იმავე მტკიცებულებებით კი საერთოდ დაუდასტურებელია, იყო თუ არა მსჯავრდებულის ქმედება განპირობებული ქურდობის განზრახვით; არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ამაზე არ მიუთითებს.

19. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №109აპ-21), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

20. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებულ მოტივაციას მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირების შესახებ და არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში ა. ს-ის დამნაშავედ ცნობის შესახებ.

21. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რაც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას. დანაშაულის საგანს წარმოადგენს სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინა, ხოლო ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რაც გულისხმობს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობის უკანონო დარღვევას. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს დანაშაულის სუბიექტის პირდაპირი განზრახვა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ ბინაში შესვლა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ ა. ს-ძე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად, დაზარალებულ ნ. მ-ს ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა მის საცხოვრებელ ბინაში, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედება ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს და, შესაბამისად, მისი მსჯავრდება არის კანონიერი.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ა. ს-ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის გამკაცრება არ არის მიზანშეწონილი.

24. შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას, მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ა-სა და ლ. დ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი