Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-669-03 8 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ბ-მა 2000წ. 7 ივლისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “გ-ის” ახალციხის ფილიალის მმართველის ნ. ხ-ის მიმართ, განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ბ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 მარტის განჩინებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე რ. ბ-მა 2003წ. 19 მარტს შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე, სსკ-ს 401-ე მუხლის საფუძველზე შეამოწმა რ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა მოცემულია სსკ-ს 397-ე მუხლში, რომელიც საკასაციო საჩივრის შეტანის ვადას ეხება.

სსკ-ს 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

დადგენილია, რომ რ. ბ-მა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 მარტის განჩინების ასლი ჩაიბარა 2001წ. 16 აგვისტოს, საკასაციო საჩივარი კი შეიტანა 2003წ. 19 მარტს, ე.ი. 19 თვისა და 2 დღის შემდეგ, რითაც დაარღვია კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. სსკ-ს მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თვეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.