Facebook Twitter

¹ 3კ-671-02 22 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღდგენა და თანხის გადახდა (სარჩელში); საცხოვრებელი სახლიდან საკუთრების უფლებით წილის გამოყოფა; მიწის ნაკვეთის გამოყოფა; ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ღირებულების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ხ.-ი და ე. ლ.-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1989 წლიდან. მ. გ.-ა არის ე. ლ.-ის შვილი პირველი ქორწინებიდან. მეუღლეები ცხოვრობენ გორის რაიონის სოფ. ...-ში. იმავე სოფ.ში მცხოვრებ კ. ხ.-ს გასაყიდი ჰქონდა უკანონო საცხოვრებელი სახლი, რომლის შესყიდვა სურდა ა. ხ.-ს, მან გადაუხადა კ. ხ.-ს ბინის ღირებულების ნაწილი 1500 აშშ დოლარი, დანარჩენი 1800 აშშ დოლარი კი მოგვიანებით უნდა გადაეხადა. შემდგომ ეს თანხა ბინის გამყიდველს გადაუხადა მ. გ.-ამ. კ. ხ.-ის ბინა აღირიცხა ტექაღრიცხვის ბიუროში მ. გ.-ს სახელზე ...-ის თემის საკრებულოს 1999წ. 25 მაისის ¹290 ცნობის საფუძველზე. 2002წ. იანვრამდე მხარეები ცხოვრობდნენ ამ საცხოვრებელ სახლში, მხარეთა შორის უთანხმოების გამო ა. ხ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მ. გ.-ასა და ე. ლ.-ის მიმართ და მოითხოვა კ. ხ.-ისაგან ნაყიდი საცხოვრებელი სახლის, მიწის ნაკვეთის გადაცემა, რომელიც აღრიცხულია მ. გ.-ას საკუთრებაში, ასევე 2000 აშშ დოლარისა და გაყიდული ტრაქტორის ღირებულების 400 ლარის დაბრუნება.

ე. ლ.-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ა. ხ.-ის მიმართ და მოითხოვა საერთო საკუთრების საცხოვრებელი სახლიდან და მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფა, ასევე ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომანქანის ღირებულების ნახევარი.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ხ.-ის სარჩელი მოპასუხე მ. გ.-სა და ე. ლ.-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გორის რაიონის სოფ. ...-ში მ. გ.-ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინიდან და მიწის ნაკვეთიდან ა. ხ.-ს საკუთრების უფლებით იდეალურად გამოეყო 1/4 წილი და აღირიცხა მის სახელზე. სარჩელი, 2000 აშშ დოლარისა და 400 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ე. ლ.-ის შეგებებული სარჩელი ა. ხ.-ის მიმართ, აგრეთვე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ა. ხ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ. გ.-ამ და ე. ლ.-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ხ.-ისა და ე. ლ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. გ.-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება ა. ხ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა ა. ხ.-ის სარჩელი მ. გ.-ს მიმართ საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე. დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს:

საქმეში წარმოდგენილი გორის რაიონის გამგეობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურიდან 2002წ. 5 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, გორის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე ბინა აღრიცხულია მ. გ.-ას სახელზე;

სკ-ს 183-ე მუხის I ნაწილის თანახმად, არსენ ხ.-ი არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესის დაცვით. ამ წესის შესაბამისად, სადავო ქონების მესაკუთრედ აღრიცხულია მოპასუხე – მ. გ.-ა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მ. გ.-ას უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის გამოთხოვის შესახებ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი, მ. გ.-ას მიმართ საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მოპასუხეებზე 2000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, ასეე ვერ დაასაბუთა მოპასუხეზე 400 ლარის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობა; ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ს 102-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას; ამავე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატამ ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ლ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დატოვა.

ა. ხ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება კასატორის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, მ. გ.-ს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ს 183-ე მუხლი და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მაია გ.-ას სადავო საცხოვრებელი სახლის თაობაზე არ აქვს გაფორმებული სათანადო წესით ხელშეკრულება და ამ სახლის რეგისტრაცია მის საკუთრებაში კანონის დარღვევით მოხდა; სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი ე. ლ.-ისათვის 2000 აშშ დოლარის და 400 ლარის დაკისრების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ხ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, არსენ ხ.-ის გერის, მ. გ.-ას საკუთრებაში აღრიცხულია გორის ტექაღრიცხვის ბიუროში გორის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე კ. ხ.-ის საცხოვრებელი სახლი ...-ის თემის საკრებულოს 1999წ. 25 მაისის ¹290 ცნობის საფუძველზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი მ. გ.-სა და კ. ხ.-ს შორის ამ საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის თაობაზე სანოტარო ფორმით დადასტურებული ხელშეკრულება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება საქმის ამ ფაქტობრივ გარემოებას, რადგან მიუთითა, რომ კანონით დადგენილი წესის დაცვით სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ მ. გ.-ა არის რეგისტრირებული. სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ა. ხ.-ის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივია, რადგან რაიონულმა სასამართლომ ა.ხ.-ის სარჩელი დააკმაყოფილა მხოლოდ მ.გ.-ას სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 1/4 წილის მესაკუთრედ ცნობისა და მის სახელზე აღრიცხვის ნაწილში; სააპელაციო პალატამ კი გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ხ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მას უარი უთხრა დავის სხვა საგანზე, კერძოდ მ.გ.-ას უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთის გამოთხოვის თაობაზე.

ა. ხ.-მა მოითხოვა ე. ლ.-ისათვის იმ 2000 აშშ დოლარის დაკისრება, რომელიც მან მიიღო გაყიდული მიწის ნაკვეთის საფასურად. ასევე მოითხოვა ე. ლ.-ისათვის გაყიდული ტრაქტორის ღირებულების 400 ლარის დაკისრება.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აღნიშნული თანხები გამოყენებული იქნა ე.ლ.-ისა და ა.ხ.-ის ოჯახის ინტერესებისათვის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ე.ლ.-ისათვის ზემოაღნიშნული თანხების დაკისრების საფუძვლიანობა. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასევე, სწორად მიუთითა იმავე კოდექსის მესამე ნაწილზე, რომლითაც საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ ა.ხ.-ის საკასაციო საჩივარი ე.ლ.-ისათვის თანხების დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ხ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება ა. ხ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.