Facebook Twitter

¹ 3კ-675-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და სავალდებულო წილის მიკუთვნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში ... მდებარე ოროთახიანი ბინა ირიცხებოდა ვ. ს.-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1998წ. 27 აპრილს.

ვ. ს.-მ მისი კუთვნილი ქონება ანდერძით დაუტოვა ნათესავს გ. ს.-ს.

1998წ. 29 ოქტომბერს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე აღნიშნული ბინა ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა გ. ს.-ის სახელზე.

2001წ. მარტში ნ. გ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში გ. ს.-ის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და სავალდებულო წილის მიღების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო დაგვიანებით 2000წ. დეკემბერში; გ. ს.-მ შეგნებულად დაუმალა მამის გარდაცვალება, რათა მთლიანად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. გ.-ს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა. მოსარჩელე ცნობილ იქნა მემკვიდრედ და მესაკუთრედ ვ. ს.-ის ბინის 1/2½ნაწილზე. საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. გ.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

გ. ს.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1450-ე, 1467-ე და 1478-ე მუხლები; არ გამოიყენა ამავე კოდექსის 1424-ე და 1426-ე მუხლები; არ დაასაბუთა სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიო მიზეზის არსებობა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ. გ.-ე სამკვიდროს დამტოვებლის ვ. ს.-ის ქალიშვილია.

1951 წელს გამოტანილი განაჩენი ვლადიმერ ს.-ს მუღლის მკვლელობისათვის მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღვეთა. ობლად დარჩენილი ნ. გ.-ე იზრდებოდა დედის ნათესავებთან. ვ. ს.-მ სასჯელის მოხდის შემდეგ იქორწინა ი. კორინთელთან. მეუღლეები ცხოვრობდნენ დ/დიღომში მდებარე სადავო ბინაში.

1996 წელს გარდაიცვალა ი. კორინთელი.

ნ. გ.-სა და ვ. ს.-ს შორის ვერ ჩამოყალიბდა თბილი მამა-შვილური ურთიერთობა. ისინი ვერ შეთანხმდნენ ერთად ოჯახად ცხოვრებაზე.

ვ. ს.-მ სადავო ბინაში საცხოვრებლად მიიყვანა ნათესავი გ. ს.-ი, რომელსაც უანდერძა მისი ქონება. ნ. გ.-მ მოპასუხეს, საჭიროების შემთხვევაში დაუტოვა ბინის და სამსახურის ტელეფონები.

ვ. ს.-ის 1998წ. 27 აპრილს გარდაიცვალების შესახებ ნ. გ.-ისათვის ცნობილი გახდა სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდგომ 2000წ. დეკემბერში.

გ. ს.-ს არ შეუტყობინებია მოსარჩელისათვის მამის გარდაცვალების თაობაზე. 1998წ. 29 ოქტომბერს სანოტარო ბიუროში სამკვიდრო მოწმობის მიღებისას კასატორმა ნოტარიუსს არ განუცხადა, რომ გარდაცვლილს ჰყავდა კანონით მემკვიდრე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. გ.-ისათვის, როგორც კანონით მემკვიდრისათვის არ იყო ცნობილი ვ. ს.-ის გარდაცვალების ფაქტი, რის გამოც მან ვერ მოახერხა კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღება.

სკ-ს 1467-ე მუხლის თანახმად თითოეული თანამემკვიდრე მოვალეა უზრუნველყოს სხვა თანამემკვიდრეთა მიერ შესაბამისი წილის მიღება.

ამავე კოდექსის 1478-ე მუხლის შესაბამისად თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც არ არის ცნობილი, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფელის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად, რაც გ.ს.-ს არ გაუკეთებია.

სააპელაციო პალატამ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების ზემოაღნიშნული მიზეზები ჩათვალა საპატიოდ და მოსარჩელეს გაუგრძელა სამკვიდროს მიღების ვადა.

სკ-ს 1450-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება გახდეს სადავო ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა შეიტყო რომ ამისთვის არსებობს სათანადო საფუძველი. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნ. გ.-ს გაშვებული აქვს შეცილების ორთვიანი ვადა. ის გარემოება, რომ სამკვიდრო აღრიცხული იყო გ.ს.-ზე ნ. გ.-ისათვის ცნობილი გახდა 2001წ. 27 მარტს, სარჩელი აღძრულია ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ აღნიშნული ცნობის გაცემიდან სამი დღის შემდეგ – 2001წ. 30 მარტს.

სკ-ს 1371-ე მუხლის თანახმად ანდერძის მიუხედავად მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებს და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).

ანდერძის არარსებობის შემთხვევაში სადავო ბინა მთლიანად ეკუთვნოდა ნ. გ.-ს, როგორც კანონით მემკვიდრეს. გ. ს.-ის სასარგებლოდ სამკვიდროს დამტოვებლის ანდერძის არსებობის პირობებში მოსარჩელეს ეკუთვნის ბინის ნახევარი წილი.

სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.