Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-676-03 28 ოქტომბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი ფართის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში); ფართზე მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 31 ოქტომბერს გ. და გე. გ-ებმა, მ. ნ-მა და ე. გ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხის, მ. გ-ის, მიმართ. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ გე. გ-ი და მ. გ-ი 1986 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რომლის დროსაც მათ შეეძინათ სამი შვილი. საკუთარი სახცოვრებელი ადგილის უქონლობის გამო მეუღლეები დასახლდნენ გე. გ-ის მამის, გ. გ-ის, კუთვნილ სახლში. მოსარჩელეთა განმარტებით, ერთად ცხოვრების პერიოდში მხარეებს შეექმნათ დაძაბული ურთიერთობა, რომელიც დროთა განმავლობაში სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მეუღლეთა განქორწინების შემდეგ გე. გ-ი დაქორწინდა ე. გ-ზე და განაგრძო მშობლებთან ცხოვრება, მათ შეეძინა ერთი შვილი.

ახალგორის რაიონული სასამართლოს 1996წ. 1 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მ.გ-ი და მისი სამი შვილი შესახლდნენ გ. გ-ის სახელზე რიცხული ხუთოთახიანი სახლის სამ ოთახში.

მოსარჩელეთა განმარტებით, მხარეთა შორის ჩამოყალიბებული დაძაბული ურთიერთობის გამო მათი თანაცხოვრება შეუძლებელია, რის გამოც მოპასუხეს მათ შეუძინეს ახალგორში მდებარე ოროთახიანი კეთილმოწყობილი ბინა, თუმცა მ.გ-მა გადასვლაზე უარი განაცხადა, მაშინ მხარემ მიმართა ახალგორის რიონულ სასამართლოს, რომელმაც 1997წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა ბინის იძულებითი გაცვლის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, მაგრამ 1998 წელს მ.გ-ის მიერ დაწერილი საზედამხედველო პროტესტის საფუძველზე იგი გაუქმდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ქარელის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 1998წ. 7 ივლისს მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრათ.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სადავო სახლი წარმოადგენს გ. გ-ის საკუთრებას; იგი აშენდა მანამ, სანამ გე. გ-ი და მ. გ-ი დაქორწინდებოდნენ; გ. გ-ს მ.გ-ისათვის მფლობელობის უფლება არ მიუნიჭებია. მოსარჩელეებმა იხელმძღვანელეს სკ-ს 155-ე, 159-ე და 160-ე მუხლებით და მოითხოვეს გ. გ-ის კუთვნილი ფართის გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

მ. გ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ იგი სადავო ფართში შესახლდა ახალგორის რაიონული სასამართლოს 1995წ. 1 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და არავის აქვს უფლება, შეცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილება, თუ არ იქნება სსკ-ს 423-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ამრიგად, მხარის აზრით, მას არ ესაჭიროება გ. გ-ის თანხმობა, რათა სადავო ფართს ფლობდეს. მ.გ-მა მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარის სახლში გამოყოფილი სამი ოთახიდან მისი მამის მიერ აშენებული 15 კვ.მ ოთახის მესაკუთრედ ცნობა.

ახალგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა პრეტენზია მოპასუხისათვის ნივთზე მფლობელობის უფლების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია, ვინაიდან სადავო სახლის მესაკუთრეა გ. გ-ი, ხოლო მ.გ-ი კონფლიქის გზით შექმნით ცდილობს აიძულოს მოსარჩელე მხარე შეუძინონ მას ბინა ქ.თბილისში. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეთა მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი ბინები არ აუარესებს მოპასუხის საყოფაცხოვრებო პირობებს, ხოლო რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, მ.გ-მა ვერ წარმოადგინა საჭირო მტკიცებულებები იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ სადავო 15 კვ.მ ოთახი აშენებულია მისი მამის მიერ, ასევე, 1995 წელს საქმის განხილვისას აღნიშნული ფართის საკუთრებაზე მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ.გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოსარჩელეებს უარი ეთქვათ, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სკ-ს 159-ე, სსკ-ს 106-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მ.გ-ი წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს, რაც მას დაუდგინდა. ახალგორის რაიონის 1995წ. 1 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლის ძალითაც მ. გ-ი შესახლდა გ. გ-ის საცხოვრებელ სახლში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.გ-ი ნივთს მართლზომიერად ფლობს და ფართზე მფლობელობის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

გ.გ-ისა და მ.ნ-ის წარმომადგენელმა ზ.ჯ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა უზენაეს სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 185-ე, 168-ე, მუხლებით. კასატორმა მოითხოვა, საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება.

საოლქო სასამართლომ არასწორად შეაფასა მესაკუთრის უფლებები. სახლის მესაკუთრეა გ.გ-ი და მ.ნ-ი. მ.გ-ი ამ ბინაში სარგებლობის უფლებით ცხოვრობდა. მას მფლობელობა არ მოუპოვებია, არ არის კეთილსინდისიერი მფლობელი, რადგან გ.გ-ისგან არ მიუღია ნებართვა. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 155-ე და 168-ე მუხლები. სასამართლოს არ უმსჯელია იმ ვითარებაზე, რომ მოდავე მხარეთა შორის მძიმე კონფლიქტური მდგომარეობაა და მათი ერთად ცხოვრება დაუშვებელია. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული მასალები, რომელიც სასამართლოს არ გამოუკვლევია და გ.გ-ს სკ-ს 160-ე და 168-ე მუხლების თანახმად, უფლება ჰქონდა თავისი საკუთრება გამოეთხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ – განჩინების გაუქმების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეძლებელია. ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით პრეუდიციული მნიშვნელობა მიანიჭა ახალგორის რაიონის სასამართლოს 1995წ. 1 ივნისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, მ.გ-ის გ.გ-ის საცხოვრებელ ფართში შესახლების თაობაზე და დაასკვნა, რომ მ.გ-ი სკ-ს 162-ე მუხლის შესაბამისად, კეთილსინდისიერი მფლობელია და მისი გამოსახლების საფუძველი არ არსებობს.

საოლქო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით საერთოდ არ მიუთითა, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა საქმეზე და რა მოსაზრებით უარყო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. იმ ვითარებაში, როდესაც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე თავის მოსაზრებას ამყარებდა სკ-ს 155-ე, 160-ე და 168-ე მუხლებზე, არ იმსჯელა ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სსკ-ს 412-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. გ-ისა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.