საქმე # 190100122005369980
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №845აპ-23 ქ. თბილისი
ბ-რი ბ, 845აპ-23 17 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აგვისტოს განაჩენით:
ბ. ბ-ი, დაბადებული .. წლის ... აგვისტოს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 3 დეკემბრიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:
ბ. ბ-მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, კერძოდ, 2021 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით, 16:00 საათზე, ბ. ბ-მა ბინის კარის გაღებით, უკანონოდ შეაღწია ქალაქ რ-ში მ-ის ქუჩის N.. კორპუსის N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. ს-სა და მისი მეუღლის, მ. ღ-ის კუთვნილ სხვადასხვა ნივთს, კერძოდ: 7 ოქროს ჯვარს, 4 ოქროს ბეჭედს, 3 ოქროს ყელსაბამს, ბრილიანტის ბეჭედსა და ერთ, წყვილ საყურეს, 1 ბაჯაღლოს ბეჭედს, 1 ოქროს სამაჯურს, ღვთისმშობლის ოქროს გულსაბნევსა და „MEMA“ ფირმის მაჯის საათს. აღნიშნულით ნ. ს-სა და მ. ღ-ის მიადგათ 20 000 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენით:
მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ. ქ-ს, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა:
ბ. ბ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
ბ. ბ-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 3 დეკემბრიდან.
4. კასატორი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლაშა მერაბიშვილი, ითხოვს ბ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებშიც განმარტებულია ფარულად დაუფლებული ნივთების ღირებულება. ისინი, ყველა შემთხვევაში, აღემატება 10 000 ლარს. ბუნებრივია, დაზარალებულებისათვის ობიექტურად შეუძლებელი იყო ზედმიწევნით ზუსტად დაესახელებინათ რამდენ ლარს შეადგენდა ზიანი, მაგრამ მათ მიუთითეს ნივთებსა და მათ ოდენობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში არათუ დიდი ოდენობა, არამედ მნიშვნელოვანი ზიანიც კი არ იყო გამოკვეთილი.
5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, ადვოკატმა მ. ქ-მ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარისათვის სადაო გარემოებას არ წარმოადგენს ბ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ადვოკატი შესაგებელში უთითებს, რომ ხსენებული ნაწილით ბ. ბ-მა თავი დამნაშავედ პირველივე ინსტანციის სასამართლოშივე ცნო.
9. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) ბ. ბ-ის გამართლებას, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს მისი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებით შეცვლას; კერძოდ, ბრალდების მხარე ბ. ბ-ს ედავება, რომ მან ბინის კარის გაღებით, უკანონოდ შეაღწია ქალაქ რ-ში მ-ის ქუჩის N.. კორპუსის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. ს-სა და მისი მეუღლის სხვადასხვა ნივთებს (რაც ზემოთ უკვე აღწერილია), რითაც მათ 20 000 ლარის - დიდი ოდენობის - ქონებრივი ზიანი მიაყენა.
10. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, საკასაციო პალატა გაანალიზებს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა რამდენად საკმარისია ბ. ბ-ის დიდი ოდენობით ქურდობით მსჯავრდებისათვის, კერძოდ:
10.1. დაზარალებულმა ნ. ს-მა განმარტა, რომ ბ. ბ-ს არ იცნობს. როდესაც დილით მიდის სამსახურში, სახლის გასაღებს ტოვებს სადარბაზოში მდებარე დივანზე, რადგან აქვთ ერთი გასაღები. სახლში რომ დაბრუნდა, ხელით შეამოწმა და კარი გაიღო. იფიქრა, რომ მისი მეუღლე იყო. რამდენჯერმე დაუძახა, მაგრამ არავინ უპასუხა. საძინებლის კარი ბოლომდე რომ არ გაიღო, მიხვდა, რომ იქ ვიღაც იყო. როდესაც გამოვიდა ეს პირი, ვინაობით დაინტერესდა. მან უპასუხა, რომ ს-ს ელოდებოდა. გადაწყვიტა, დაეძახა მამისთვის, რა დროსაც იგი გაიქცა. მოწმე უკან გაჰყვა, თუმცა ვერ დაეწია. გაქცევის დროს გაიგონა სროლის ხმა. ნ. ს-ი მას 15-20 წუთი უშედეგოდ ეძებდა. სახლში დაბრუნებისას ნახა, რომ საძინებელი ოთახი იყო არეული და ძვირფასეულობა წაღებული, კერძოდ: 7 ოქროს ჯვარი, 4 ოქროს ბეჭედი, 3 ოქროს ჯაჭვი, ბრილიანტის სამეული, 1 ბაჯაღლოს კალიცო, 1 ოქროს სამაჯური, კულონი, მაჯის საათი, საერთო ჯამში, იქნებოდა 20 000 ლარის ღირებულების. აღნიშნული ნივთები იყო მისი და მისი მეუღლის საკუთრება. ნათლობის ჯვრები ეკუთვნოდა მის შვილს. მოპარულ ნივთებს ინახავდნენ საძინებელ ოთახში და ისინი მან ბოლოს ნახა ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე (ყველაფერი არა, მაგრამ გარკვეული ნივთები ნახა). ნივთების ნაწილი არის ნაჩუქარი და მათი კონკრეტული წონა და ფასი არ იცის.
10.2. მოწმე მ. ღ-მა სასამართლოში განაცხადა, რომ მათი სახლიდან წაღებულია: 5 ბეჭედი, სამეული, 7 ნათლობის ჯვარი, ღვთისმშობლის გულსაკიდი, ქორწინების ბეჭედი, სამაჯური, ნათლობის ჯვრის ჯაჭვები. ეს ნივთები იყო ნაჩუქარი და ქორწინების დროს შეძენილი. შეძენის დროს იმყოფებოდა თავადაც. აღნიშნული ნივთები, ყველა ერთად, იქნებოდა 20 000 ლარის ღირებულების მაინც. ნივთები შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა, რომ იყო ადგილზე (როდესაც სახლი დაალაგა). ნათლობის ჯვრების წონა და ფასი მისთვის ცნობილი არ არის. შეძენილი ნივთების ფასი არ ახსოვს. ქორწინების ბეჭედი იცის, რომ იყო 10 გრამიანი, სხვა ნივთების წონა უცნობია. მოწმის განმარტებით, სახლის გასაღებს სადარბაზოში არ ტოვებენ, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც ერთი გასაღები ჰქონდათ და დაუტოვებიათ სადარბაზოში.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მაკვალიფიცირებელი გარემოების - ,,დიდი ოდენობის“ - შეფასების ნაწილში გააჩნია, ფაქტობრივად, მხოლოდ ორი მტკიცებულება: ნ. ს-ისა და მისი მეუღლის, მ. ღ-ის ჩვენებები.
12. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში (იგულისხმება დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარს ზევით.
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში უთითებს, რომ ,,დიდი ოდენობა“ წარმოადგენს ქურდობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ ნაწილს, რაც გულისხმობს იმას, რომ პირის ზემოხსენებული ქვეპუნქტით დასჯისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს არამხოლოდ ქურდობის შემადგენლობა, არამედ მისი ყოველი მაკვალიფიცირებელი გარემოებაც. ამ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, თავად ქურდობის ჩადენა არ წარმოადგენს მხარეთათვის სადავო ფაქტს. რაც შეეხება, ზიანის კონკრეტულ მოცულობას, როდესაც საკასაციო სასამართლო მას აფასებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კუმულატიურად უნდა იყოს: აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული. თუ წარდმოგენილი მტკიცებულება არ აკონკრეტებს ნივთის (ნივთების) ღირებულებას, არის ზოგადი ხასიათის, დაახლოებითი ფასით გამოხატული, არაზუსტად გამოთვლილი, უნდა შეივსოს სხვა, უტყუარი სახის მტკიცებულებით (მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნით, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით), რომელიც ღიად არ დატოვებს მნიშვნელოვანი სახის კითხვებს ზიანის კონკრეტულ მოცულობასთან მიმართებით.
14. ამ შემთხვევაში, მართალია, ორივე მოწმე ერთობლივად უთითებს, რომ ზიანის ოდენობა 20 000 ლარი მაინც არის და ჩამოთვლის ოქროს სხვადასხვა ნაკეთობას, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს ფასი არის მიახლოებითი, ვინაიდან, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება ამ ნივთების ცალკეული ფორმით შეფასების მხრივ საქმეში არ არის წარმოდგენილი. საკასაციო პალატა უთითებს, რომ მოწმე, შესაძლოა, ასახელებდეს ზიანის კონკრეტულ მოცულობას, მაგრამ შესაფასებელია სწორედ ის საკითხი, თუ რას ეყრდნობა მოწმის ხსნებული გამოთვლა. ესე იგი, სასამართლოს ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით დაასკვნა მოწმემ, რომ ზიანი შეადგენს სწორედ მის მიერ დასახელებულ ოდენობას და არა მასზე მეტს, ან - ნაკლებს.
15. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
- მოპარული ნივთები ამოღებული არ ყოფილა;
- სასამართლოსათვის უცნობია ცალკეულ ნაკეთობათა ხარისხი, კონკრეტული სინჯი, წონა, მათი ცვეთა, შესაბამისი დროის გათვალისწინებით და ნაკლის შესაძლო არსებობის საკითხი;
- ნაკეთობათა ფასთან დაკავშირებული სხვა, უტყუარი სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის;
- თავად მსჯავრდებული უარყოფს ქურდობის ჩადენას მხოლოდ ,,დიდი ოდენობით“ კვალიფიკაციის ნაწილში.
16. ყველა ზემოხსენებული გარემოება კი ერთობლივად პირდაპირ უკავშირდება - კონკრეტული ნივთის ზუსტ ფასს, ხოლო, საბოლოოდ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოთვლილ ნაკეთობათა ჯამურ ღირებულებას.
17. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში, დიდი ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები) არ შეეხება ცალ-ცალკე ნივთთა კონკრეტულ ღირებულებას, ხოლო ზოგადი ფორმით დასახელებული ჯამური თანხა, აშკარა ფორმით გამოთვლისა და სხვა მტკიცებულებით გამყარების გარეშე, არასაკმარისია ხსენებული მაკვალიფიცირებელი გარემოებით პირის მსჯავრდებისათვის.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ Ülkü Ekinci v. Turkey, N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
19. ამასთან, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი