Facebook Twitter

¹ 3კ-681-03 21 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: საიჯარო ქირის, ამორტიზაციის თანხის და ქონების გადასახადის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 29 ივლისს სს “შ.” და შპს “ა.” შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს “ა.” სს “შ.” ორი წლის ვადით, 1999წ. 1 აგვისტომდე გადასცა ზუგდიდის რაიონის სოფ.... მდებარე ჩაის ფაბრიკა, რომლის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, მანქანა-დანადგარების და სამეურნეო ინვენტარის საბალანსო ღირებულება აუდიტორული შეფასების საფუძველზე ხელშეკრულებით განისაზღვრა 384500 ლარად.

საიჯარო გადასახადი განისაზღვრა ქონების ღირებულების 5% ანუ 19225 ლარი ყოველწლიურად.

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, “მოიჯარე აწარმოებს ბიუჯეტთან ქონების გადასახადის გადახდას ყოველწლიურად საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. ყველა გახარჯული თანხა ჩაეთვლება “მოიჯარეს” იჯარის გადასახადში, ხოლო შესრულებული სამუშაო რჩება “მეიჯარეს” საკუთრებაში. იჯარის დამთავრების შემდეგ “მოიჯარე” ასევე უხდის “მეიჯარეს” ყოველწლიურად ამორტიზაციის ანარიცხებს თანხით 11535 ლარს.

1999წ. 18 აგვისტოს სს “შ.” დირექტორმა – ე. ა-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების სს “შ.” ყოფილი დირექტორის ბ. ლ-ასა და შპს “ა.” წინააღმდეგ და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: სს “შ.” ყოფილმა დირექტორმა ბოროტი განზრახვით, წინასწარი შეთანხმებით დადო სს “შ.” არახელსაყრელი კაბალური საიჯარო ხელშეკრულება შპს “ა.”, ვინაიდან იგი არის შპს “ა.” 20%-ის წილის მფლობელი და აღნიშნული ხელშეკრულების შედეგად მიიღებდა სარგებელს.

მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.9 მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან სს “შ.” ყოფილ დირექტორს არ გააჩნდა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა, იმ დროს მოქმედი სკ-ს 48-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება ბათილია.

მოსარჩელის მოსაზრებით იჯარის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, რადგან იჯარით აღებული ქონების გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უნდა გადაიხადოს ქონების მესაკუთრემ და არა მოიჯარემ. ასევე გაზრდილია საიჯარო ქირა, ქონების ღირებულების არარეალური აუდიტორული დასკვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. თავის მხრივ შპს “ა.” დირექტორმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა წელიწადი და რვა თვის განმავლობაში საიჯარო ქირის, ამორტიზაციის და ქონების გადასახადის სახით 57674 ლარის გადახდა.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “შ.” სარჩელი და იჯარის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი მისგან გამომდინარე შედეგებითურთ, ხოლო შეგებებულ სარჩელზე სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, ქუთაისის სააპელაციო პალატის 2001წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სს “შ.” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შპს “ა.” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “შ.” შპს “ა.” სასარგებლოდ დაეკისრა 29010 ლარი და 90 თეთრი.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით სს “შავლეგოს” სარჩელზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ხოლო შპს “ა.” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს.

საქმის ხელახლა განხილვისას შპს “ა.” დირექტორმა მხარი დაუჭირა შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, ხოლო სს “შ.” წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ვინაიდან გადაწყვეტილება ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელი, სს “შ.” უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების მოშლამდე პერიოდის, ანუ 17 თვის საიჯარო ქირა _ 27235 ლარი, რასაც უნდა დააკლდეს იჯარით აღებული საწარმოს ტექნიკის რეკონსტრუქციისათვის დახარჯული თანხა – 24481 ლარი. სს “შ.” წარმომადგენლის განმარტებით, შეგებებული სარჩელის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოპასუხისათვის ქონების გადასახადისა და ამორტიზაციის თანხის დაკისრებაზე, ვინაიდან თანახმად საგადასახადო კანონმდებლობისა, ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოს არა მოიჯარემ, არამედ მეიჯარემ, ქონების მესაკუთრემ, ხოლო რაც შეეხება ამორტიზაციის თანხას, გაურკვეველია მისი ოდენობა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეებს შორის 1997წ. 29 ივლისს, ორი წლის ვადით დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მეიჯარემ შპს “ა.” მოიჯარეს სს “შ.” გადასცა ჩაის ფაბრიკა შენობა-ნაგებობებით, მანქანა-დანადგარებით და სხვა ინვენტარით, რომლის საბალანსო ღირებულება მთლიანად შეადგენდა 384500 ლარს, ხელშეკრულების თანახმად მოიჯარეს ყოველწლიურად უნდა გადაეხადა საიჯარო ქირის სახით ქონების ღირებულების 5% ანუ 19225 ლარი, ასევე ორი წლის ქონების გადასახადი 7000 ლარი, რომელიც მოიჯარეს ჩაეთვლებოდა საიჯარო ქირაში და ამორტიზაციის ანარიცხები წლიურად 11535 ლარი.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა მხოლოდ ერთი წლისა და 5 თვის განმავლობაში – 1997წ. 29 ივლისიდან 1999წ. 1 იანვრამდე, ხოლო ვადაზე ადრე ხელშეკრულების მოშლისათვის მიღებული ზიანის ანაზღაურება მეიჯარეს დავის საგნად არ გაუხდია. სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილად ცნო, რომ ტექნოლოგიური პროცესის სრულყოფისათვის, ტექნიკის მოდერნიზაციისათვის, მოიჯარის მიერ გახარჯული თანხა მას უნდა ჩაეთვალოს საიჯარო ქირად და იგი შეადგენს 24481 ლარს. ასევე უდავოდ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ერთი წლისა და 5 თვის საიჯარო ქირა მთლიანად შეადგენს 27235 ლარს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, ქონების გადასახადის გადახდის შემთხვევაში აღნიშნული თანხა მოიჯარეს ჩაეთვლებოდა იჯარის გადასახადში, მაგრამ ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოიჯარეს არ გადაუხდია ქონების გადასახადი, შეგებებული სარჩელის ავტორს აღნიშნულ ნაწილში უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოპასუხე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ მას არ უნდა დაეკისროს ამორტიზაციის თანხა, ვინაიდან წლიურად გადასახდელი თანხის ოდენობა 11535 ლარი მხარეებმა რის მიხედვით განსაზღვრეს გაურკვეველია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ სკ-ს 317-ე და 319-ე მუხლების შესაბამისად მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებულია წლიურად ამორტიზაციის თანხისა და მისი ოდენობის გადახდის წესი და მხარე ვერ ასაბუთებს თუ რატომ არ უნდა გადაიხადოს აღნიშნული თანხა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სს “შ.” შპს “ა.” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 43576,65 ლარი (საიჯარო ქირა _ 27235,40 ლარი ამორტიზაციის ანარიცხი – 16341,25 ლარი), რაც უნდა შეუმცირდეს მის მიერ ტექნიკის რეკონსტრუქციისათვის გაწეული ხარჯებით – 24481 ლარით და საბოლოოდ გადახდეს 19095 ლარი.

ამდენად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “ა.” დირექტორის შეგებებული სარჩელი და სს “შ.” შპს “ა.” სასარგებლოდ დაეკისრა 19195 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 772 ლარის ოდენობით, ხოლო შპს “ა.” დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 163 ლარის ოდენობით.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “შ.” წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ამორტიზაციის თანხის – 16341 ლარის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდლექსის 319-ე მუხლი, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ამ ნორმის თანახმად მხარეებს შეუძლიათ იმოქმედონ კანონის ფარგლებში, მაგრამ არა აქვთ უფლება დადონ ხელშეკრულება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს.

კასატორის მოსაზრებით სამოქალაქო კანონმდებლობა იჯარით აღებული ქონებით სარგებლობისათვის ითვალისწინებს მხოლოდ საიჯარო ქირის გადახდას და არა ე.წ. ამორტიზაციის, თვითნებურად დადგენილი ბაჟის ან რაიმე მოსაკრებლის გადახდას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

სამოქალაქო სამართალით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მო იცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, იგი შეიძლება იმპერატიული ნორმების საფუძველზე შეიზღუდოს. ეს შეზღუდვები შეიძლება ეხებოდეს ხელშეკრულების სხვადასხვა ელემენტებს. ერთ შემთხვევაში შეიძლება კანონი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის მოითხოვდეს სპეციალური ფორმის დაცვას (მაგალითად, უძრავი ნივთის ნასყიდობის სანოტარო წესით გაფორმება), სხვა შემთხვევაში შეიძლება ხელშეკრულების შინაარსს აკონკრეტებდეს (მაგალითად, მხარეებს არა აქვთ უფლება გამორიცხონ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუკი ერთ-ერთი მხარე განზრახ არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ა.შ.).

მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად მოიჯარე ყოველწლიურად უხდის მეიჯარეს ამორტიზაციის ანარიცხებს თანხით 11535 ლარს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, კერძოდ, კი შეთანხმება ამორტიზაციის ანარიცხებთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება კანონს, რადგან კასატორი ვერ უთითებს ვერცერთ იმპერატიულ ნორმაზე, რომლითაც იზღუდება ხელშეკრულების მხარეთა შორის შეთანხმება ქონების ამორტიზაციის ანარიცხების გადახდევინების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა სკ-ს 319-ე მუხლი და შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააქციო საზოგადოება “შ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.