გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-682-03 30 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ქ-ემ 2001წ. 16 დეკემბერს უანდერძა თავისი ქონება ი. ქ-ეს. ეს ანდერძი დამოწმებული იქნა ლანჩხუთის რაიონის .... თემის საკრებულოს საქმის მწარმოებელი მ. ხ-ას მიერ. მ. ქ-ე გარდაიცვალა 2002წ. პირველ იანვარს. ამ ანდერძის საფუძველზე 2002წ. 2 ივლისს ლანჩხუთის რაიონის ნოტარიუსმა ლ. რ-მა გასცა სამკვიდრო მოწმობა მ. ქ-ის გარდაცვალების შემდეგ.
მ. ქ-ის ძმის რ. ქ-ის წარმომადგენელმა ა. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ლანჩხუთის რაიონის გვიმბალაურის თემის საკრებულოს საქმის მწარმოებელი მ. ხ-ას, ლანჩხუთის რაიონის ნოტარიუსი ლ. რ-ის მიმართ და მოითხოვა ანდერძის და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ. ქ-ის წარმომადგენელ ა. თ-ის სარჩელს ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილობის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
რ. ქ-ის წარმომადგენელმა ა. თ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ანდერძის შედგენისას მ. ქ-ეს არ შეეძლო გონივრულად განესაჯა თავისი მოქმედება და გამოეხატა თავისი ნება. საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ცნობა ლანჩხუთის რაიონის შპს “ჰ...” მიერ გაცემული, რომელშიც მითითებულია, რომ მ. ქ-ე იყო სრული აზროვნების, ერკვეოდა გარემოში და დროში. მოანდერძის ქმედუნარიანობა დაადასტურა აგრეთვე ანდერძის შემდგენელი მ. ხ-ამ.
საქმეში წარმოდგენილია ... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2000წ. 20 ნოემბრის ¹9 განკარგულება, რომლითაც მ. ხ-ას დაევალა, ... თემის საკრებულოს სანოტარო მომსახურების აღსრულება, სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საკადრო საკითხებზე მუშაობა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, მ. ქ-ის ანდერძის მოწმეები იყვნენ მ. ქ-ე და რ. ქ-ე, სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირები, რომლებიც მოანდერძის შორეული ნათესავები არიან და არავითარი ნათესაური კავშირი ანდერძის მემკვიდრესთან არ გააჩნიათ. სააპელაციო სასამართლომ დაათვალიერა პროცესზე წარმოდგენილი სადავო ანდერძის დედანი და ჩათვალა, რომ მ. ქ-ის ხელმოწერა მასზე გარკვევით იყო შესრულებული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სანოტარო მოქმედება კანონიერად არის შესრულებული.
სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ქ-ის წარმომადგენელმა ა. თ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ ყალბ მტკიცებულებებს ისე, რომ არ გამოიკვლია მათი სისწორე, დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოანდერძის ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ქ-ის წარმომადგენელი ა. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს მ. ქ-ის მიერ შედგენილი ანდერძის და სამკვიდრო მოწმობის ბათილობა. მოსარჩელემ ანდერძის ბათილობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის, რომ ანდერძზე ხელმოწერა არ იყო მოანდერძის მიერ შესრულებული. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საკითხი არასრულყოფილად გამოიკვლია.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატის სხდომზე რ. ქ-ის წარმომადგენელმა ა. თ-ემ იშუამდგომლა ანდერძზე მ. ქ-ის ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად ექსპერტიზის დანიშვნა; სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ასეთი შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ მხარემ ექსპერტიზის დანიშვნა სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა დაგვიანებით, რადგან უფლება ჰქონდა ასეთი შუამდგომლობით მიემართა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, მაგრამ უხეში გაუფრთხილებლობით არ ისარგებლა ამ უფლებით. ასევე სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 6 თებერვლის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ანდერძის დედანი და მ. ქ-ის ხელფასის უწყისები დასათვალიერებლად, რათა სასამართლოს შექმნოდა სწორი შთაბეჭდილება მ. ქ-ის ხელმოწერის შესახებ. ანდერძის დედანის დათვალიერების შედეგად პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ პროცესზე წარმოდგენილ ანდერძის დედანზე აშკარად ჩანს მოანდერძის ხელისმოწერა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მითითებას, რადგან მოანდერძის ხელისმოწერის ნამდვილობის დადგენა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. სსკ-ს 162-ე მუხლის თანახმად კი თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლოს, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილში კი იმპერატიულადაა მითითებული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნები. სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ანდერძზე მოანდერძის ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად ექსპერტიზის დანიშვნას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ქ-ის წარმომადგენელი ა. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინება მოცემულ საქმეზე და საქმე დაუბრუნდეს ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.