საქმე # 010100121005360190
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №785აპ-23 ქ. თბილისი
ბ-ი ზ, 785აპ-23 16 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის, მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. რ-სა და ც. ც-ის, მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს, მსჯავრდებულების - გ. ს-სა და ხ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით:
1.1. ზ. ბ-ი, - დაბადებული --- წლის 25 აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 9 ოქტომბრიდან.
1.2. ხ. ს-ე, - დაბადებული --- წლის 26 თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 124-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარი, 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა მკაცრი ზომის სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ხ. ს-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 9 ოქტომბრიდან.
1.3. გ. ს-ე, - დაბადებული --- წლის 27 ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 124-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი, 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარი, 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა მკაცრი ზომის სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, გ. ს-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 9 ოქტომბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-მა ჩაიდინა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია; ხ. ს-ემ და გ. ს-ემ - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ; ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით; სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის დეკემბერში, ზ. ბ-მა შეიძინა ქ. ბ-ში, --- ქუჩის N---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 1-ელ სართულზე არსებული საცხოვრებელი ბინა N- (ს/კ:0--) და სარდაფი (ს/კ:0---). მანვე 2021 წლის სექტემბერში შეიძინა ზემოხსენებული ბინის მომიჯნავედ მდებარე საცხოვრებელი ბინა N- (ს/კ:0--). ზ. ბ-ს განზრახული ჰქონდა ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინების გაერთიანების შედეგად კომერციული ფართის მოწყობა, რაც გულისხმობდა ხსენებულ ფართებში, როგორც მზიდი, ისე არამზიდი კონსტრუქციების (კედლების) დემონტაჟს (მოშლას).
· „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ СНиП III-4-80-ის“, მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების თანახმად, ზ. ბ-ი, როგორც დამსაქმებელი, ვალდებული იყო ეზრუნა დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე; ასევე - სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე მიემართა სპეციალური საპროექტო ორგანიზაციისათვის და შეედგინა შესასრულებელი სამუშაოების პროექტი კვლევების საფუძველზე, აეღო ნებართვა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით და შემდგომ ეწარმოებინა იგი განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სამშენებლო მოედანზე გამოეყო პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხის აგებდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვაზე.
· მიუხედავად აღნიშნულისა, ზ. ბ-ი 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ხ. ს-ესა და გ. ს-ეს ქ. ბ-ში, --- ქუჩის N---ში განთავსებული კორპუსის 1-ელ სართულზე მდებარე მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე, რაც მოიცავდა ზემოხსენებულ ფართებში როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას. 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ხ. ს-ემ და გ. ს-ემ, ზ. ბ-ის დავალებითა და ხელმძღვანელობით სამშენებლო სამუშაოს წარმოების, შრომის უსაფრთხოების, მშენებლობის უსაფრთხოების და საინჟინრო წესების დარღვევით, სახელმწიფოსაგან ყოველგვარი ნებართვის, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე აწარმოეს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მოშალეს N- საცხოვრებელ ბინისა (ს/კ: 0--) და N- საცხოვრებელი ბინის (ს/კ: 0--) დამაკავშირებელი როგორც მზიდი, ისე არამზიდი კონსტრუქციები (კედლები), რითაც დაირღვა ხსენებული საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც 2021 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 11:40 საათზე, გამოიწვია ქ.ბ-ში, --- ქუჩის N---ში მდებარე შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სადარბაზოს ნაწილის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის 3 არასრულწლოვნის სიკვდილი, ი. ქ--ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და ზ. თ--ს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ასევე ამავე კორპუსში არსებული უძრავი ქონებისა და კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილების დაზიანება და განადგურება.
· 2019 წლის დეკემბერში, ზ. ბ-მა შეიძინა ქ. ბ-ში, ----- ქუჩის N--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არსებული საცხოვრებელი ბინა N- (ს/კ: 0--) და სარდაფი (ს/კ: 0--). 2021 წლის სექტემბერში შეიძინა ზემოხსენებული ბინის მომიჯნავედ მდებარე საცხოვრებელი ბინა N- (ს/კ: 0--). ზ. ბ-ს განზრახული ჰქონდა ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინების გაერთიანების შედეგად კომერციული ფართის მოწყობა.
· 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში ზ. ბ-ი სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ. ს-ესა და გ. ს-ეს ქ. ბ------ში, ----- ქუჩის N---ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე, რაც მოიცავდა ზემოხსენებულ ფართებში როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას.
· საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლა საჭიროებდა შესაბამისი კვლევებისა და პროცედურების დაცვას, რაც არ მომხდარა.
· ხ. ს-ემ, გ. ს-ესთან ერთად, 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან 8 ოქტომბრამდე დროის შუალედში აწარმოა ზემოხსენებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც მიმდინარეობდა სამშენებლო უსაფრთხოებისა და საინჟინრო წესების სრული დარღვევით, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. მითითებულ პერიოდში, ს--ეებისათვის ცნობილი გახდა, რომ ქ. ბ-ში, 2--- ქუჩის N---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ ბინა N--სა და ბინა N--ს შორის დამაკავშირებელი, მათ შორის - მზიდი კედლები, უნდა მოშლილიყო, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცისა და მდგრადობისთვის, ასევე იქ მაცხოვრებელი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, იმ იმედით, რომ მათ მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ გამოიწვევდა საცხოვრებელი კორპუსისა და იმ მყოფი მოქალაქეების დაზიანებას, დაშალეს N- და N- ბინების დამაკავშირებელი მზიდი კედელი, რითაც დაირღვა ხსენებული საცხოვრებელი კორპუსის პირველი სადარბაზოს სიმტკიცე და მდგრადობა.
· 2021 წლის 8 ოქტომბერს, დილის საათებში, როდესაც ხ. ს-ემ და გ. ს--ემ შეამჩნიეს, რომ საცხოვრებელი კორპუსის კედლებსა და ჭერს დაწყებული ჰქონდა დაწევა, საკუთარი ძალებით სცადეს სამშენებლო დგარების საშუალებით მათი გამაგრება. აღნიშნულის მიუხედავად, 2021 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 11:40 საათზე, ხ. ს-ს და გ. ს-ს მიერ N- საცხოვრებელ ბინისა და N- საცხოვრებელ ბინის დამაკავშირებელი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლამ გამოიწვია ქალაქ ბ-ში, ----- ქუჩის N-- მდებარე შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სადარბაზოს ნაწილის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 მოქალაქის, მათ შორის 3 არასრულწლოვნის სიკვიდილი; ასევე, ამავე კორპუსში მყოფი ზ. თ-ს ჯანმრთელობის მძიმე და კორპუსის მიმდებარედ ავტომობილში მყოფი არასრუწლოვნის - ი. ქ-ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება; ამავე კორპუსის პირველ სადარბაზოში არსებული უძრავი ქონების დაზიანება და განადგურება, მე-2 და მე-3 სადარბაზოში არსებული უძრავი ქონების დაზიანება და კორპუსის მიმდებარე არსებული ავტომობილების დაზიანება და განადგურება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით:
3.1. აღმოიფხვრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენში დაშვებული უზუსტობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილსა და განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას დაემატა შემდეგი პუნქტი:
· საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ზ. ბ-ისგან ამოღებული ,,აიფონის” ფირმის მობილური ტელეფონი, მ. გ-ნ ამოღებული ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, ხ. ს-სგან ამოღებული ,,ჯენერალ მობაილის” ფირმის მობილური ტელეფონი, გ. ს-საგან ამოღებული ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები დალუქული 16 ცალ სპეცპაკეტში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფასეულობათა საცავში), შემთხვევის ადგილის დათვალიერებების დროს ამოღებული საშლელი კიბე უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებებისას ამოღებული სამი ცალი რკინის კონსტრუქცია - ამწე (ე.წ „დომგრატი“) - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
· საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ექსპერტებისა და გამომძიებლების მიერ გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ მეხსიერების ბარათზე, 2021 წლის 12 ოქტომბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დრონის საშუალებით გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალა, ა--ს საარქივო სამმართველოდან ამოღებული ქ. ბ-ში, --- ქუჩის N---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დალუქული ორ პაკეტად, ქ. ბ-ის მერიიდან 2021 წლის 4 ნოემბერს ამოღებული დოკუმენტაცია, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, ზ. ბ-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (ფოტოსურათები), მ. გ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (ფოტოსურათები, ვიდეო ჩანაწერი), შპს ,,გ-ნ” გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები, შპს ,,დ-ნ” გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერებისას მოპოვებული გამოძიებისათვის საინტერესო მონაკვეთები, სს „ს-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, შპს „ლ-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და ჩანაწერების დათვალიერებისას მოპოვებული გამოძიებისათვის საინტერესო მონაკვეთები, ს. გამოთხოვილი ინფორმაცია, „112-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, სს „ს-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების გახსნისა და დათვალიერებისას გამოძიებისთვის საინტერესო მონაკვეთები, შპს „გ-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების გახსნისა და დათვალიერებისას გამოძებისთვის საინტერესო მონაკვეთები, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის შედეგად მ. გ-ს, ზ. ბ-ის, ხ. ს-სა და გ. ს-ს მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 7 ცალ კომპიტერულ დისკზე, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მ. გ-ს, ზ. ბ-ის, ხ. ს-სა და გ. ს-ს მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებისას გამოძიებისათვის საინტერესო ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ კომპიტერულ დისკზე, მ. გ-ს, გ. ს-სა და ხ. ს-ს მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად სამ ცალ კომიუტერულ დისკზე ჩაწერილი ვიდეოჩანაწერები უნდა დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით.
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დაზიანებული ავტომობილები (1.TOYOTA PRIUS სახ. ნომრით Q---- 2. MERCEDES BENZ სახ.ნომრით B--- 3. TOYOTA PRIUS სახ.ნომრით X---; გადაყვანილია ქ. ბ-ის მუნიციპალური ინსპექციის ავტოსადგომზე ტ-ს ქ. N..--ში. ხოლო ავტომანქანა 1. MITSUBISHI PAJERO სახ. ნომრით H---- და 2. MERCEDES BENZ სახ. ნომრით S---), რომლებიც დაუბრუნდა მესაკუთრეებს უნდა დარჩეს მათ კანონიერ მფლობელობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენში დაშვებული უზუსტობა აღმოიფხვრა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი აბზაცი:
5.2. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ზ. ბ--ისგან ამოღებული ,,აიფონის” ფირმის მობილური ტელეფონი, მ. გ-ნ ამოღებული ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, ხ. ს-სგან ამოღებული ,,ჯენერალ მობაილის” ფირმის მობილური ტელეფონი, გ. ს-საგან ამოღებული ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები დალუქული 16 ცალ სპეცპაკეტში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფასეულობათა საცავში), შემთხვევის ადგილის დათვალიერებების დროს ამოღებული საშლელი კიბე უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებებისას ამოღებული სამი ცალი რკინის კონსტრუქცია - ამწე (ე.წ „დომგრატი“) - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
· საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ექსპერტებისა და გამომძიებლების მიერ გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ მეხსიერების ბარათზე, 2021 წლის 12 ოქტომბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დრონის საშუალებით გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალა, ა--ს საარქივო სამმართველოდან ამოღებული ქ. ბ--ში, --- ქუჩის N--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დალუქული ორ პაკეტად, ქ. ბ--ის მერიიდან 2021 წლის 4 ნოემბერს ამოღებული დოკუმენტაცია, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, ზ. ბ--ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (ფოტოსურათები), მ. გ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (ფოტოსურათები, ვიდეო ჩანაწერი), შპს ,,გ-ნ” გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები, შპს ,,დ--ნ” გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერებისას მოპოვებული გამოძიებისათვის საინტერესო მონაკვეთები, სს „ს--ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, შპს „ლ--დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და ჩანაწერების დათვალიერებისას მოპოვებული გამოძიებისათვის საინტერესო მონაკვეთები, ს... გამოთხოვილი ინფორმაცია, „112-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, სს „ს--ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების გახსნისა და დათვალიერებისას გამოძიებისთვის საინტერესო მონაკვეთები, შპს „გ--ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების გახსნისა და დათვალიერებისას გამოძებისთვის საინტერესო მონაკვეთები, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის შედეგად მ. გ-ს, ზ. ბ-ის, ხ. ს-სა და გ. ს-ს მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 7 ცალ კომპიტერულ დისკზე, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მ. გ-ს, ზ. ბ-ის, ხ. ს-სა და გ. ს---ს მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებისას გამოძიებისათვის საინტერესო ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ კომპიტერულ დისკზე, მ. გ-ს, გ. ს-სა და ხ. ს-ს მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად სამ ცალ კომიუტერულ დისკზე ჩაწერილი ვიდეოჩანაწერები უნდა დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით.
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დაზიანებული ავტომობილები (1.TOYOTA PRIUS სახ. ნომრით Q--- 2. MERCEDES BENZ სახ.ნომრით B---- 3. TOYOTA PRIUS სახ.ნომრით X---; გადაყვანილია ქ. ბ-ის მუნიციპალური ინსპექციის ავტოსადგომზე ტ-ს ქ. N5--ში. ხოლო ავტომანქანა 1. MITSUBISHI PAJERO სახ. ნომრით H---- და 2. MERCEDES BENZ სახ. ნომრით S---), რომლებიც დაუბრუნდა მესაკუთრეებს უნდა დარჩეს მათ კანონიერ მფლობელობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ალექსანდრე ძირკვაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელების დამძიმების კუთხით.
6.1. კასატორებმა - მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ზ. რ–მა და ც. ც-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენის გაუქმება და ზ. ბ-ის გამართლება.
6.2. კასატორმა - მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. პ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენის გაუქმება და ზ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობა.
6.3. კასატორმა - მსჯავრდებულების - გ. ს-სა და ხ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. დ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა უდანაშაულოდ ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. რ-სა და ც. ც-ის, მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს, მსჯავრდებულების - გ. ს-სა და ხ. ს--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმის გარემოებების დასადგენად, სასამართლო ითვალისწინებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება მხოლოდ შეთანხმებული, საკმარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელ დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმფციით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ” (Feodorov v. The Republic of Moldova, N 42434/ 06, 29.01.2014).
3. დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2021 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 11:40 საათზე, ქ. ბ-ში, ---- ქუჩის N---ში მდებარე შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სადარბაზოს ნაწილი ჩამოინგრა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 ადამიანის, მათ შორის 3 არასრულწლოვნის სიკვდილი, ი. ქ--ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და ზ. თ--ს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება; ასევე ამავე კორპუსში არსებული უძრავი ქონებისა და კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილების დაზიანება და განადგურება.
4. ასევე დადგენილია და სადავო არაა ის ფაქტი, რომ ამავე სადარბაზოში პირველ სართულზე არსებული ორი ბინა - ერთოთახიანი და ოროთახიანი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ზ. ბ-ს.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით, თუმცა ეს უფლება არ არის აბსოლუტური და მესაკუთრე ვალდებულია ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას სხვებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.
6. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „უსაფრთხოების ტექნიკა-მშენებლობაში“ СНиП III-4-80*-ის“ მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია იზრუნოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე უნდა გამოიყოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელი ინჟინერი. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მიემართოს სპეციალურ საპროექტო ორგანიზაციას და შედგეს შესასრულებელი სამუშაოების პროექტი კვლევების საფუძველზე, აღებულ უნდა იქნეს ნებართვა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით და შემდგომ - აწარმოონ სამუშაოები განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
7. დადგენილია, რომ ზ. ბ-ს სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით ნებართვის მისაღებად არ მიუმართავს შესაბამისი სამსახურისათვის და ამ კუთხით არ შეუსრულებია კანონით მისთვის დაკისრებული არცერთი მოვალეობა, კერძოდ:
8. მოწმის სახით დაკითხული ქ. ბ-ის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის - მ. მ-ს ჩვენებით, 2020 წლის თებერვალში მათ სამსახურს განცხადებით მიმართა მითითებული კორპუსის პირველი სართულის ბინის მფლობელმა ზ. ბ--მა, რომელსაც სურდა ვიტრაჟის, კერძოდ, ქუჩის მხარეს არსებული ერთი ფანჯრის ნაცვლად ვიტრაჟის მოწყობა, ხოლო მეორის ნაცვლად - კარის. მან წარადგინა ამხანაგობის კრების ოქმი, არქიტექტურული და კონსტრუქციული დასკვნები, რომელთა თანახმად, ვიტრაჟის მოწყობის შემთხვევაში შენობის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრებოდა. შესაბამისად, მერიამ გასცა ნებართვა და ასევე მისცა მითითება სამუშაოები წარმართულიყო კონსტრუქციული დასკვნის დებულებების შესაბამისად. აღნიშნულ დასკვნასა და ნებართვას ზ. ბ-ი ვერ გამოიყენებდა სხვა სახის სამუშაოების შესასრულებლად. ამ დოკუმენტში საუბარი იყო მხოლოდ ვიტრაჟის ჩაჭრა-გამაგრებით სამუშაოზე. რაც შეეხება მზიდი კედლების მოშლის საკითხს, ზ. ბ-ის მიერ ასეთი სამუშაოების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებული რაიმე შეტყობინება მერიას არ მიუღია, არც ამ კორპუსის მობინადრეთაგან ყოფილა მსგავსი შინაარსის განცხადება წარდგენილი. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის თანახმად, მზიდი კონსტრუქციები წარმოადგენს ამხანაგობის საერთო ქონებას და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამხანაგობის წევრების მხრიდან. ასეთ დროს ასევე აუცილებელია პროექტი, საექსპერტო დასკვნა სათანადო რეკომენდაციებით და ყველა შესაბამისი პროცედურის ზედმიწევნითი დაცვა, რადგან მზიდი კონსტრუქცია განაპირობებს შენობის მდგრადობას, მას ეყრდნობა სხვა კედლები. ნებართვას საჭიროებს მზიდი კედლების შეცვლა, დემონტაჟი. უნდა გაკეთდეს პროექტი და არსებობდეს დადებითი კონსტრუქციული დასკვნა. ასეთი დოკუმენტაცია ზ. ბ-ს მერიაში არ წარუდგენია და არც ნებართვა მოუთხოვია მზიდ კედლებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, არ არის ექსპერტი, მაგრამ განათლებით არქიტექტორია და თავისი პროფესიული ცოდნის საფუძველზე, შეუძლია იმის თქმა, რომ კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ორი ბინის გაერთიანებისას საყრდენ კედლებზე ზემოქმედებას შესაძლოა გამოეწვია 1970-იან წლებში აშენებული შენობის ნგრევა. რაც შეეხება აღნიშნული კორპუსზე მე-7 სართულის დაშენებას, ის ადრეული პერიოდისაა და მოგვიანებით მოხდა მისი ლეგალიზება.
9. საქმის მასალებით დადგენილია და არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, რომ ზ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ ბინებში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებდნენ ხ. ს--ე და გ. ს-ე. ამ ჭრილში სადავოა, თუ ვისი დავალებით მოქმედებდნენ ისინი და რა სახის სამუშაოები შეასრულეს ბინაში. ერთი მხრივ, მსჯავრდებულები - ხ. ს-ე და გ. ს-ე მიუთითებენ, რომ ისინი მოქმედებდნენ მ. გ--ს დავალებითა და მითითებით (თითქოსდა არ იცნობდნენ ზ. ბ-ს), მეორე მხრივ კი, თავად მ. გ-ე მიმდინარე სამუშოების წარმოებისას გამორიცხავს მის მონაწილეობას. საქმეში არ მოიპოვება ოფიციალური დოკუმენტი საქმეთა წარმოების დავალების შესახებ.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ბ-ში, --- ქ. N---ში ჩამონგრეულ სადარბაზოში მცხოვრები და სასამართლო სხდომაზე დაკითხული ყველა პირი უთითებს, რომ სამუშაოთა წარმოებისას თითქმის ყოველდღიურად ხედავდნენ ზ. ბ-ს, რომელიც მიდიოდა საკუთრებაში არსებულ ბინებში და შესაბამისად, ცხადია, რომ იცოდა იქ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დეტალები. რაც შეეხება მ. გ-ეს, ის ნახეს მხოლოდ რამდენჯერმე, რაც, ასევე ცხადია, ვერ მიუთითებს მის ხელმძღვანელ და პასუხისმგებელ როლზე მოცემულ სამუშაოთა წარმოებისას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაცვის მხარემ საკუთარი ვერსია, რომლის თანახმად, მ. გ-ე იძლეოდა მითითებებს, ხელმძღვანელობდა პროცესს და მასზე იყო მინდობილი საქმიანობა, ვერ დაადასტურა რაიმე მტკიცებულებით, მხოლოდ ზეპირი მითითება კი ვერ დაედება საფუძვლად სასამართლო გადაწყვეტილებას.
11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ საკითხთან მიმართებით, იცნობდნენ თუ არა ზ. ბ-ს ხ. და გ. ს--ეები.
12. გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, დადასტურებული ფაქტია არა მხოლოდ ს-ეების წლების განმავლობაში იმავე კაზინოში პერიოდული საქმიანობა, სადაც ზ. ბ-ი ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა, ასევე მოწმეების - მ. გ-ს, ზ. გ-ს ჩვენებები მათი ურთიერთობის თაობაზე, ფარული ჩანაწერები იგივე ფაქტის ირგვლივ და ,,ს--” გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში ზ. ბ-მა თავისი მობილური ტელეფონიდან ხ. ს-ეს სმს შეტყობინებაც გაუგზავნა და დაურეკა კიდეც.
13. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, რომელშიც მიმდინარეობდა სარეკონსტრუქციო სამუშოები, ნამდვილად იყო მზიდი კედელი, უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - ქ. ბ-ში, 2-----ქუჩის N---ში მდებარე კორპუსის პროექტის თანაავტორის, მოწმის სახით დაკითხული რ. გ-ს ჩვენებითა და ბ-ის მერიის არქივიდან ამოღებული მითითებული საცხოვრებელი სახლის პროექტით. ამ მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ორი და სამოთახიანი ბინების შუაში, მზიდ კედლებში, გათვალისწინებული იყო ნიშები პატარა ჩაღრმავებით. ამ შუა მზიდ კედლებს ორივე მხრიდან ეყრდნობოდა გადახურვის ფილები.
14. ზ. ბ-ის ბინაში ასეთი ნიშიანი კედლის არსებობას ადასტურებენ თავად მსჯავრდებულები - ხ. ს-ე და გ. ს-ე.
15. ასევე უტყუარადაა დადგენილი ერთოთახიანი ბინის შესასვლელიდან მარჯვნივ განლაგებული მზიდი კედლის მთლიანობის დარღვევის ფაქტი სარეკონსტრუქციო სამუშაოთა წარმოებისას (თავად მსჯავრდებულები - ხ. და გ.ს--ეები ადასტურებენ, რომ ნიშიანი კედელი მოშლილია), ხოლო, მეორე მხრივ, ვერ დგინდება მისი მ. გ--ს მიერ დანგრევა.
16. ამ მიმართებით გასაჩივრებული განაჩენი სამართლიანად დაეყრდნო ჩამონგრეულ სადარბაზოში მცხოვრებ, მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებს, რომლებიც ყოველდღიურად იყვნენ ზ. ბ-ის ბინაში მიმდინარე სამუშაოების შემსწრე და თვითმხილველნი. ისინი ცალსახად და დარწმუნებით უთითებენ, რომ სამუშაოებს აწარმოებდნენ ხ. და გ. ს-ეები. მოწმე მ. გ-ე თავის ჩვენებაში უთითებს მისი ავადმყოფობის თაობაზე, რასაც ასევე ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული ვ. ან გ-ე და ზ. გ-ე. მათი ჩვენებების თანახმად, მ. გ-ე ავად იყო - ჰქონდა სახისა და ხელის ,,პარალიჩი“. ისინი პირდაპირ გამორიცხავენ მის მიერ ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას.
17. ზ. ბ-ის ბინაში კედლები რომ გამონგრეული იყო დასტურდება მოწმის სახით დაკითხული რ. დ-ს ჩვენებით, ასევე მ. გ-სა და ზ. ბ-ის ტელეფონიდან ამოღებული ფოტოსურათებით.
18. მსჯავრდებულებს - ხ. ს--ეს, გ. ს-ესა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შემდგარი საუბრის ფარული აუდიოვიდეო ჩანაწერით დასტურდება, რომ ამ პირებმა კარგად იცოდნენ მზიდი კედლების არსებობა და მათი დემონტაჟის შემდეგ ბინაში განვითარებული მოვლენების მიზეზები. ამ ჩანაწერში ისინი აღიარებენ ზ. ბ-თან უშუალო კავშირს და მისი დავალებებით მოქმედებასაც; ასევე იმ ფაქტს, რომ ბინის კარის გაჭედვის შემდეგ სიტუაციის სირთულე ერთგვარად აღიქვეს კიდეც და მიმართეს გარკვეულ ზომებს მძიმე შედეგის თავიდან ასაცილებად. მსჯავრდებული გ. ს--ე განმარტავს, რომ ფანჯრიდან გადასვლისას ბინაში ნალესზე ნახა ახალი ბზარები, მაგრამ მაინც ვერ წარმოიდგინა, თუ შენობა მალე ჩაინგრეოდა და თავადაც ძლივს გადაურჩა ნანგრევებში მოყოლას. მსჯავრდებული ხ. ს-ე პირდაპირ მიუთითებს, რომ მიხვდა კარის გაჭედვის მიზეზი კედლების დაწოლას რომ უკავშირდებოდა. ამასთან, ისინი არ უარყოფენ შუა კედლის ნიშის ნაწილის მოშლას, ამბობენ, რომ სრულად კედელი არ მოუშლიათ და მხოლოდ კარადის ნაწილი გამოიღეს. ფაქტი იმისა, რომ ნიშიდან მხოლოდ კარადა არ გამოუღიათ და მისი მთელი შემოგარენი მოშალეს, იმ ფოტოებიდანაც ჩანს, რომელიც მ. გ-სა და ზ. ბ-ის ტელეფონიდან იქნა ამოღებული.
19. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულად ცნობილი რამდენიმე პირის განმარტებაზე ბინაში მიმდინარე სამუშაოებისას ხ. ს-ესთან საუბრის შესახებ, რა დროსაც საუბარი ბინის მზიდ კონსტრუქციებს შეეხებოდა, კერძოდ:
20. დაზარალებულ ი. კ-ს ჩვენებით, მისი მეუღლე - მ. ხ. იყო ზ. ბ-ის ბინაში, დაათვალიერა და, როგორც იცის, ბინაში მომუშავე ორ მუშას უთხრა, არ გამოეტეხათ ერთოთახიანის მზიდი კედელი. დაზარალებულ რ. დ-ს ჩვენებით, 2021 წლის 2 ან 3 ოქტომბერს ზ. ბ-ის ბინაში ჩასულმა, ნახა, რომ მზიდ კედელზე ს-ეებს უკვე დაწყებული ჰქონდათ მუშაობა და გააფრთხილა, არ შეხებოდნენ მას; ხ. ს-ემ განუცხადა, რომ მხოლოდ 10-10 სმ-ის მოკლება კედელს მდგრადობას არ დაუკარგავდა და ,,გაქაჩავდა”. დაზარალებულმა დ. ხ-მ განმარტა, რომ ბინაში მდგარი აუტანელი ხმაურისა და მტვრის გამო დაინტერესდა და გაესაუბრა ზ. ბ---ის სახლში მომუშავე ასაკოვან მუშას, რომელიც მოგვიანებით ტელევიზიით იხილა და გაიგო, რომ ხ. ს-ე იყო; მოწმემ აღნიშნა, რომ ეს პირი მას პრარაბად გაეცნო, საქმის კარგად მცოდნე პირად მოაჩვენა თავი და, როგორც პროფესიონალმა, იუკადრისა მისი მითითება - არ შეხებოდნენ შენობის მზიდ კედლებს.
21. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ხ. და გ. ს-ეები მოქმედებდნენ ზ. ბ-ის დავალებით. ზ. ბ-ს, როგორც დამსაქმებელს, ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, კერძოდ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მიემართა სპეციალური საპროექტო ორგანიზაციისათვის და შეედგინა შესასრულებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტი შესაბამისი კვლევების საფუძველზე, აეღო ნებართვა და შემდეგ ეწარმოებინა იგი განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რაც არ მომხდარა. ზ. ბ-მა დაიქირავა ხ. და გ. ს-ეები, მათ აწარმოეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რა დროსაც დაირღვა მზიდი კედლის მთლიანობა.
22. უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება იმაზე, რომ კორპუსზე დაშენებული იყო მე-6 და მე-7 სართულები, ასევე დამონტაჟებული იყო ლიფტი, რის გამოც, შესუსტა მისი მდგრადობა.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქმეზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ როგორც სართულების დამატება, ასევე ლიფტის მონტაჟი მოხდა მოქმედები კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, კერძოდ:
24. მოწმე მ. მ-ს ჩვენებით, არის ქ. ბ-ის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი. სწორედ მათი სამსახური გასცემს სამშენებლო ნებართვებს. 2017 წლის 21 აგვისტოს მათთან შევიდა ქ.ბ-ში მდებარე ---- ქუჩის N-- კორპუსის ამხანაგობის განცხადება ლიფტის მოწყობის თაობაზე. დაუდგინდათ ხარვეზი, არ ჰქონდათ წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია. განმეორებით მიმართეს 2017 წლის 27 სექტემბერს, განცხადებას დაურთეს ყველა აუცილებელი დოკუმენტი და 19 ოქტომბერს მიიღეს დადებითი დასკვნა. კონსტრუქციული დასკვნით დგინდება შენობის მდგომარეობა ლიფტის მიშენებამდე და შემდგომ; ასევე ის გარემოება, რომ ლიფტი უარყოფით გავლენას არ მოახდენდა შენობის მდგრადობაზე, მისი მიშენება უნდა მომხდარიყო უკანა ეზოს მხრიდან იზოლირებულად აგებული რკინის კონსტრუქციით. შენობასთან ჰქონდა მინიმალური კავშირი, მხოლოდ ბაქანი მოეწყო ფანჯრის ღიობების ადგილას.
25. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, კორპუსის ეზოს მხრიდან დამონტაჟებული ლიფტი და მისი ფუნქციონირება არ უკავშირდება სადარბაზოს ნგრევას; დაშენება სადარბაზოს ნგრევაზე გავლენას არ მოახდენდა და ჩამონგრევის მიზეზს არ წარმოადგენს; კორპუსის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოები შენობის ჩამოშლაზე არ იქონიებდა ზეგავლენას. ამავე დასკვნის მიხედვით, ქ.ბ--ში, ----- ქუჩის N---ში მდებარე შენობის პირველი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოწვეულია არასათანადოდ და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით, კერძოდ, მზიდი კედლის დემონტაჟით პირველ სართულზე. სარეკონსტრუქციო-სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას, რამაც ნგრევა გამოიწვია, დაირღვა უსაფრთხოების ტექნიკა-მშენებლობაში ,,Cnip III 04-80-ის“ N2,49; N12.42 და N1.28 პუნქტის მოთხოვნები. ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია იზრუნოს, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას არ მიადგეს ზიანი. მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე უნდა გამოიყოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელი ინჟინერი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებელი ზ. ბ-ი ვალდებული იყო, დაეცვა შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მე-2 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას დაენიშნა პასუხისმგებელი კვალიფიციური ინჟინერი, რომელიც გაუწევდა კონტროლს უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ასევე პასუხს აგებდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვაზე; ზ. ბ-ი ვალდებული იყო სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე მიემართა სპეციალური საპროექტო ორგანიზაციისთვის და შეედგინა შესასრულებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტი შესაბამისი კვლევების საფუძველზე, აეღო ნებართვა და შემდეგ ეწარმოებინა იგი განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ. ს-მ და თანაავტორმა რ. წ-მ.
26. გარდა ამისა, საცხოვრებელი კორპუსის პროექტის თანაავტორის, ასევე კორპუსში მობინადრე პირების ჩვენებებით, რომელთაგან ზოგიერთი კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლის პირველივე დღიდან ცხოვრობს იქ ოჯახებთან ერთად დასტურდება, რომ კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩაინგრა და ცხრა ადამიანის, მათ შორის - ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, 1970-იან წლებში, საბჭოთა პერიოდში დაპროექტებული და აშენებული ნაგებობაა, სადაც ოჯახები 1977-1978 წლებიდან შესახლდნენ და ცხოვრობდნენ ტრაგედიის დღემდე. როგორც კორპუსის პროექტით დასტურდება, დაპროექტება და მშენებლობა წარმოებდა იმ დროისათვის არსებული სტანდარტების და ნორმების შესაბამისად; გათვალისწინებული იყო შენობის მდგრადობისთვის აუცილებელი არაერთი ელემენტი; კორპუსში იყო სამი სადარბაზო ერთი, ორი და სამოთახიანი ბინებით, ერთმანეთის იდენტური განლაგებითა და ფართით. ერთოთახიანი ბინები ორ და სამოთახიანებს შორის იყო მოქცეული. შენობის თავდაპირველი პროექტი ხუთსართულიან კონსტრუქციას თვალისწინებდა, მაგრამ შენების მომენტშივე გადაკეთდა ექვსსართულიანად; საბოლოოდ, აშენდა არა ხუთსართულიანი, როგორც ამას დაცვის მხარის წარმომადგენლები აპელირებენ, არამედ - თავიდანვე ექვსსართულიანი კორპუსი.
27. შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, ერთი მხრივ, ზ. ბ-ის უმოქმედობისა და, მეორე მხრივ, ხ. და გ. ს--ეების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების მიზეზობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგთან - ქალაქ ბ-ში, ------ ქუჩის N---ში მდებარე შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სადარბაზოს ნაწილის ნგრევასთან, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის - სამი არასრულწლოვნის სიკვდილი, ი. ქ--ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და ზ. თ-ს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება; ასევე ამავე კორპუსში არსებული უძრავი ქონებისა და კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილების დაზიანება და განადგურება.
28. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - ხ. და გ. ს--ეების ჩვენებების არაგულწრფელობაზე მიუთითებს მათ მიერ შემთხვევის დღეს ზ. ბ-ის ბინაში წევარების, ე.წ. ,,დომკრატების“ მიტანის ფაქტი, კერძოდ, მსჯავრდებულების თქმით, ბინის კარის ჩაკეტვის შემდეგ სრულიად შემთხვევით გაახსენდა მ. გ-ეს კაზინო „რ--“ დატოვებული და ნაგავში ჩასაბარებლად გამიზნული წევარები, ე.წ. „დომკრატები“; ამიტომ ხ--ი და მამამისი გაგზავნა მათ წამოსაღებად, ხოლო მიტანის შემდეგ რატომღაც გადაყრის ნაცვლად ბინაში შეყარა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ ხ. და გ. ს--ეებმა გამიზნულად დამალეს დგარების ბ-ის ბინაში მიტანის რეალური მიზეზი, რათა ამით ცნობილი არ გამხდარიყო ის გარემოება, რომ კარის გაჭედვისას ისინი მიხვდნენ მთავარი კონსტრუქციის მონგრევის გამო ბინის ჭერისა და კედლების ქვემოთ დაწოლის ფაქტს, შეეცადნენ დგარების შეყენებით დროებით შეეჩერებინათ ეს პროცესი, შემდეგ კი, როგორც ფარულ ჩანაწერში აღნიშნავენ, 20-25 ან უფრო მეტი დგარის გამოყენებით გაემაგრებინა მონგრეული კედლები; მათ არ გაითვალისწინეს შექმნილი სიტუაციის მთელი სიმძიმე, აბსოლუტურად არასაკმარისი ზომებით და თან ჩუმად, ბინის მაცხოვრებლების ინფორმირების გარეშე, სამი წევარას, ე.წ. „დომკრატის“ ქვემოდან შეყენება საკმარისად ჩათვალეს უმძიმესი შედეგის თავიდან ასაცილებლად.
29. ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსის მე-3 მუხლის ,,ჰ“ პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანი მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ტერიტორიაა, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მათი მომსახურებისათვის.
30. ის გარემოება, რომ ზ. ბ-ის ბინებში მიმდინარე სამუშაოებისას ბინის ტერიტორია სწორედ სამშენებლო მოედანს წარმოადგენდა და მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე ზ. ბ-ს უნდა გამოეყო პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვაზე, ორივე მხარის მიერ ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის ყველა ავტორმა, მათ შორის - დაცვის მხარის მოწმედ დასახელებულმა, სამშენებლო სფეროში სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტებმა დაადასტურეს.
31. საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლი გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამშენებლო სამუშაოებისას. ქმედება გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება, როდესაც პირი, ვერ აცნობიერებს წინდახედულების ნორმებს და ამ ნორმებით აკრძალულ ქმედებას ჩადის.
32. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ზ. ბ-ის მიერ წინდახედულების ნორმით აკრძალული ქმედების დარღვევა; მან არ შეასრულა ვალდებულებები, რასაც მოჰყვა ქ. ბ-ში, ----- ქ. N---ში მდებარე კორპუსის პირველი სადარბაზოს ერთი და ოროთახიანი ბინების ჩამონგრევა, ცხრა ადამიანის სიკვდილი, ერთი პირის მძიმე, ერთის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ათეულობით ოჯახის ქონების განადგურება.
33. რაც შეეხება გ. ს-ესა და ხ. ს-ეს, დადგენილია ზ. ბ-ის ბინაში მათი მუშაობის შედეგად და მათ მიერვე მზიდი კონსტრუქციის იმ ნაწილის მოშლა, რომელიც ნიშას ეკავა (სიგრძით 2.35 მეტრი, სიგანით 1,82 სანტიმეტრი); ამით მათ ფაქტიურად სიმყარე გამოაცალეს მთელ ზედა სართულებს, შენობას დაეკარგა მდგრადობა და რამდენიმე დღეში მოჰყვა სადარბაზოს ჩამოშლა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოინგრა არა მთელი სადარბაზო, არამედ მისი მხოლოდ ორი და ერთოთახიანი ბინები, რომელთა ძირშიც ფაქტიურად მიმდინარეობდა სადემონტაჟო სამუშაოები. ხ. და გ. ს-ეები 2021 წლის 8 ოქტომბრის დილას ზ. ბ-ის ბინის კარის გაჭედვისას მიხვდნენ მთავარი კონსტრუქციის მონგრევის გამო ბინის ჭერისა და კედლების ქვემოთ დაწოლის ფაქტს, შეეცადნენ დგარების შეყენებით დროებით შეეჩერებინათ ეს პროცესი, შემდეგ კი, უფრო მეტი დგარის გამოყენებით გაემაგრებინათ მონგრეული კედლები. მათ არ გაითვალისწინეს შექმნილი სიტუაციის მთელი სიმძიმე, აბსოლუტურად არასაკმარისი ზომებით და თან ჩუმად, ბინის მცხოვრებლების ინფორმირების გარეშე (რომ პირველ სართულზე კედლების მონგრევის გამო დაწოლილი ზედა სართულების სიმძიმით ბინის კარი გაიჭედა, რასაც ამ სფეროში სრულიად გამოუცდელი ადამიანისთვისაც კი კარგად იყო აღსაქმელი რა შედეგები შესაძლოა მოჰყოლოდა), სამი წევარას, ე.წ. „დომგრატის“ ქვემოდან შეყენება საკმარისად ჩათვალეს უმძიმესი შედეგის თავიდან ასაცილებლად. საბოლოოდ, მსჯავრდებულებმა დაარღვიეს წინდახედულების ნორმით აკრძალული ქმედება და მიუხედავად იმისა, რომ ითვალისწინებდნენ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რისი დასტურიცაა მათი მხრიდან მიღებული მინიმალური ზომები, უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ მათ მიერ მიღებული ამ მინიმალური ზომებით მართლსაწინააღმდეგო შედეგს თავიდან აიცილებდნენ. შედეგად, მათ უსაფუძვლო თვითიმედოვნებას მოჰყვა სადარბაზოს ჩამონგრევა, ცხრა ადამიანის სიკვდილი ასევე მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ორმა პირმა, განადგურდა ათეულობით პირის კუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონება.
34. გაუფრთხილებლობითი ქცევა გულისხმობს პირის მიერ წინდახედულების ნორმის დარღვევას, რომლის დაცვაც შეეძლო მის მდგომარეობაში მყოფ გონიერ, საშუალო შესაძლებლობების მქონე ნებისმიერ ადამიანს. გაუფრთხილებლობა არის სამართლებრივი შეფასება იმისა, რომ პირმა დაარღვია ქცევის სტანდარტი და არ შეასრულა ის, რაც მოეთხოვებოდა. გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული ისჯება არა იმიტომ, რომ პირი მოიქცა გაუცნობიერებლად, არამედ იმიტომ, რომ მას გააჩნდა სხვაგვარად ქცევის შესაძლებლობა და პირმა ეს გზა არ აირჩია.
35. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის არც რაოდენობრივ მახასიათებელს და არც იმას განსაზღვრავს, თუ რა სახის მტკიცებულებების ერთობლიობაა საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანარტის დაკმაყოფილებისთვის. საჭირო მტკიცებულებების სახე და რაოდენობა დამოკიდებულია თითოეული განსახილველი საქმის სპეციფიკაზე. გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებათა საკმარისობის განსაზღვრისას მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ადასტურებს თითოეული მათგანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში კონკრეტული პირისთვის წარდგენილ ბრალდებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე N 723აპ-19). ევროპული სასამართლოს განმარტებით, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო, შეთანხმებული და დასაბუთებული დასკვნებისა ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდებიდან (იხ. Bouyid v. Belgium, no. 23380/09, § 82, ECtHR, 28/09/2015; El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no.39630/09, §151, ECtHR, 13/12/2012; Hassan v the UK,[GC], no. 29750/09, §48, ECtHR, 16/09/2014; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 92, ECtHR, 2010). გათვალისწინებულ უნდა იქნეს მტკიცებულებების ხარისხი, მათ შორის, აყენებდა თუ არა ეჭვის ქვეშ მათ საიმედოობას ან სიზუსტეს ის გარემოებები, რომლებშიც მათი მოპოვება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ არის გამყარებული სხვა მასალით, მათი სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ არ დადგეს, როდესაც საკმაოდ მყარია და მათი სანდოობა არ არის საეჭვო, ამასთანავე, უფრო ნაკლებია ასეთი მტკიცებულებების სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება ( იხ. Bykov v. Russia, no.4378/02 [GC], §90, ECtHR, 10/03/2009; Allan v UK, no.48539/99, ECtHR, §43, 05/11/2002).
36. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დაცვის მხარეს მსჯავრდებულების - ზ. ბ-ის, ხ. ს--სა და გ. ს--ს უდანაშაულობის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაზეც საკასაციო სასამართლო იმსჯელებდა, არ წარმოუდგენია.
37. ამდენად, საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით (დაზარალებულების - ა. ბ-ს, ლ. ბ--ს, ჯ. თ--ს, ნ. ჩ-ს, გ-- შ--ს, რ. დ--ს, მ. ჯ-ს, ი. კ--ს, ზ. ბ-ს, მ. თ--ს, გ. ქ-ს, ნ. ა-ს, ე. კ---ს ჩვენებებით, მოწმეების - რ. გ-ს, მ. გ-ს, მ. ვ-ს, ნ. მ-ს, ვ. გ-ს, ზ. ბ-ს, მ. კ-ს, ზ. კ-სა და სხვათა ჩვენებებით, საცხოვრებელი კორპუსის პროექტით, ბ-ის მერიიდან მოპოვებული დოკუმენტაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის #0-- დასკვნით, სს ,,ს-ს“ კამერების ჩანაწერებითა და სხვა მტკიცებულებებით) საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა ზ. ბ-მა ჩაიდინა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ხოლო მსჯავრდებულებმა - გ. და ხ. ს-ეებმა - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ; ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით; სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რის გამოც დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.
38. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ზ. ბ--ისათვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდების მხარის მოთხოვნა მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ. ბ-ისათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება - პირველადაა სამართალში) და ასევე მომხდარ დანაშაულში მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის წილის, როლისა და ხარისხის გათვალისწინებით მას განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ), რომლის კიდევ უფრო დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
39. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ...ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
40. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულების - ხ. და გ. ს--ეებისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ორივე მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი -გამკაცრდეს, კერძოდ:
41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი მსჯავრდებულისათვის ჩადენილი დანაშაულის გაანალიზების ეფექტურ ბერკეტს წარმოადგენს. მოსამართლე როგორც კონკრეტული სასჯელის სახის, ისე მისი ზომის შერჩევის დროს შებოჭილია/შემოსაზღვრულია არა მხოლოდ იმპერატიულად გაწერილი სამართლებრივი ნორმებით, არამედ განსახილველი საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით.
42. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
43. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევის დროს სრულყოფილად უნდა შეაფასოს როგორც მსჯავრდებულის პიროვნება (დამნაშავის პირადი, ეკონომიკური პირობები, წარსული ცხოვრება, დანაშაულის ჩადენის შემდგომი ყოფაქცევა), ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მატერიალურ-სამართლებრივი საკითხები (მათ შორის: მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა, მართლსაწინააღმდეგო შედეგი). ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი თანაბრად პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ ყველა მიზანს, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე - სამართლიანობის აღდგენას.
45. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, უზენაესი სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხ. ს-სა და გ. ს-ს მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათზე, ზომასა და მართლსაწინააღმდეგო შედეგზე.
46. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, დადგენილია ზ. ბ-ის ბინაში ხ. და გ. ს-ეების მუშაობის შედეგად და მათ მიერვე მზიდი კონსტრუქციის იმ ნაწილის მოშლა, რითაც ფაქტიურად სიმყარე გამოაცალეს მთელ ზედა სართულებს, შენობას დაეკარგა მდგრადობა და რამდენიმე დღეში მოჰყვა სადარბაზოს ჩამოშლა.
47. რაც შეეხება მოვალეობათა დარღვევის ზომასა და ხარისხს, მოცემულ შემთხვევაში ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს; მსჯავრდებულები - ხ. და გ. ს-ეები 2021 წლის 8 ოქტომბრის დილას ზ. ბ-ის ბინის კარის გაჭედვისას მიხვდნენ მთავარი კონსტრუქციის მონგრევის გამო ბინის ჭერისა და კედლების ქვემოთ დაწოლის ფაქტს; მათ არ გაითვალისწინეს შექმნილი სიტუაციის მთელი სიმძიმე, აბსოლუტურად არასაკმარისი ზომებით და თან ჩუმად, ბინის მცხოვრებლების ინფორმირების გარეშე, სამი წევარას ე.წ. „დომგრატის“ ქვემოდან შეყენება საკმარისად ჩათვალეს უმძიმესი შედეგის თავიდან ასაცილებლად.
48. მართლსაწინააღმდეგო შედეგთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულების უსაფუძვლო თვითიმედოვნებას მოჰყვა სადარბაზოს ჩამონგრევა, ცხრა ადამიანის სიკვდილი, ასევე მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ორმა პირმა, განადგურდა ათეულობით პირის კუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონება.
49. როგორც აღინიშნა, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მატერიალურ-სამართლებრივ საკითხებთან ერთად, მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნებასაც.
50. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, ხ. ს-ე და გ. ს-ე პირველად არიან სამართალში; ისინი მძიმე ფიზიკურ სამუშაოებს ოჯახის ეკონომიური სიდუხჭირის გამო ასრულებდნენ.
51. ამდენად, მართალია, მსჯავრდებულების პიროვნებასთან მიმართებით არსებობს გარკვეული სახის შემამსუბუქებელი გარემოებები, მაგრამ ისინი სრულად ვერ გადაწონის მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მოვალეობათა დარღვევის მოცულობას, ზომასა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულების - გ. ს---სა და ხ. ს-ს მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე საფუძვლიანია. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებულებს - გ. ს-ესა და ხ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეეფარდოთ ამ მუხლის სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული სასჯელი - 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა (სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე). ორივე მსჯავრდებულისათვის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის მიზნების მიღწევას, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. რ-სა და ც. ც-ის, მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს, მსჯავრდებულების - გ. ს--სა და ხ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. ზ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2021 წლის 9 ოქტომბრიდან.
3.2. ხ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარი;
- სსკ-ის 124-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარი;
- სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარი;
- სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა მკაცრი ზომის სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ხ. ს-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2021 წლის 9 ოქტომბრიდან;
3.4. გ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარი;
- სსკ-ის 124-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარი;
- 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარი;
- 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა მკაცრი ზომის სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, გ. ს-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2021 წლის 9 ოქტომბრიდან;
3.6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ზ. ბ-ისგან ამოღებული ,,აიფონის” ფირმის მობილური ტელეფონი, მ. გ--ნ ამოღებული ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, ხ. ს-სგან ამოღებული ,,ჯენერალ მობაილის” ფირმის მობილური ტელეფონი, გ. ს-საგან ამოღებული ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები დალუქული 16 ცალ სპეცპაკეტში (ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფასეულობათა საცავში), შემთხვევის ადგილის დათვალიერებების დროს ამოღებული საშლელი კიბე უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებებისას ამოღებული სამი ცალი რკინის კონსტრუქცია - ამწე (ე.წ „დომგრატი“) - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ექსპერტებისა და გამომძიებლების მიერ გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ მეხსიერების ბარათზე, 2021 წლის 12 ოქტომბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დრონის საშუალებით გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალა, ა-ს საარქივო სამმართველოდან ამოღებული ქ. ბ--ში, ----- ქუჩის N---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დალუქული ორ პაკეტად, ქ. ბ-ის მერიიდან 2021 წლის 4 ნოემბერს ამოღებული დოკუმენტაცია, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, ზ. ბ-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (ფოტოსურათები), მ. გ--ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (ფოტოსურათები, ვიდეო ჩანაწერი), შპს ,,გ--ნ” გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები, შპს ,,დ--ნ” გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერებისას მოპოვებული გამოძიებისათვის საინტერესო მონაკვეთები, სს „ს-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, შპს „ლ-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და ჩანაწერების დათვალიერებისას მოპოვებული გამოძიებისათვის საინტერესო მონაკვეთები, ს- გამოთხოვილი ინფორმაცია, „112-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, სს „ს-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების გახსნისა და დათვალიერებისას გამოძიებისთვის საინტერესო მონაკვეთები, შპს „გ-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების გახსნისა და დათვალიერებისას გამოძებისთვის საინტერესო მონაკვეთები, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის შედეგად მ. გ-ს, ზ. ბ-ის, ხ. ს-სა და გ. ს-ს მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 7 ცალ კომპიტერულ დისკზე, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მ. გ-ს, ზ. ბ-ის, ხ. ს-სა და გ. ს-ს მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებისას გამოძიებისათვის საინტერესო ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ კომპიტერულ დისკზე, მ. გ-ს, გ. ს-სა და ხ. ს--ს მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად სამ ცალ კომიუტერულ დისკზე ჩაწერილი ვიდეოჩანაწერები უნდა დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დაზიანებული ავტომობილები (1.TOYOTA PRIUS სახ. ნომრით Q--- 2. MERCEDES BENZ სახ.ნომრით B-- 3. TOYOTA PRIUS სახ.ნომრით X---; გადაყვანილია ქ. ბ-ის მუნიციპალური ინსპექციის ავტოსადგომზე ტ-ს ქ. N5--ში. ხოლო ავტომანქანა 1. MITSUBISHI PAJERO სახ. ნომრით H---- და 2. MERCEDES BENZ სახ. ნომრით S---), რომლებიც დაუბრუნდა მესაკუთრეებს უნდა დარჩეს მათ კანონიერ მფლობელობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი